„რუსთავის აზოტმა“ 350 კაცი ქუჩაში გაყარა

„რუსთავის აზოტმა“ 350 კაცი ქუჩაში გაყარა

უმუშევრობით ცნობილ რუსთავს კიდევ რამდენიმე ასეული სამსახურიდან დათხოვნილი მუშა-მოსამსახურე შეემატა. ხუთშაბათ დილით „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები საწარმოს ტერიტორიაზე დაცვის სამსახურმა არ შეუშვა. როგორც მუშებს განუცხადეს, მენეჯმენტმა და საწარმოს ახალმა მეპატონემ, რომელმაც ქარხანა ერთი თვის წინ შეიძინა, მათთან შრომითი ხელშეკრულება აღარ გააფორმა და სამსახურიდან დაითხოვა. დირექტორმა მოულოდნელად 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. სამუშაოზე მისულ თანამშრომლებს ქარხანაში შესასვლელი საშვები დაბლოკილი დახვდათ.

„ჩვენ არავინ გაგვითავისუფლებია. ჩვენ ვართ სრულიად ახალი ორგანიზაცია, ახალი მფლობელით და ავიყვანთ იმდენ თანამშრომელს, რამდენიც დაგვჭირდება ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებენ ქარხნის ადმინისტრაციაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ადამიანს აიყვანს ახალი მფლობელი ან იქნებიან თუ არა მათ შორის ქარხნის ყოფილი თანამშრომლები.

სს „რუსთავის აზოტის“ განცხადებით, მოხდა მფლობელის შეცვლა და შპს-ს ნაცვლად აზოტის მფლობელი გახდა სს „რუსთავის აზოტი“, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს ქარხნის გაშვებას უმოკლეს დროში. ახალი ხელმძაღვანელობა ახორციელებს საჭირო რაოდენობის თანამშრომლების სამსახურში აყვანას.

„შპს „რუსთავის აზოტმა“, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, მოლაპარაკებებს აწარმოებდა კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით. გასული წლის სექტემბრიდან ქარხანას ჰყავს ახალი მესაკუთრე, თუმცა დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას აწარმოებდა შპს „რუსთავის აზოტი“. სამწუხაროდ, 2017 წლის იანვრიდან შპს „რუსთავის აზოტმა“ ვეღარ შესძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ გათავისუფლების შესახებ წერილი არ მიუღიათ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ საპენსიო ასაკის თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გათავისუფლება არა საპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც შეეხო. ამიტომ მუშები დილიდანვე საწარმოს შესასვლელთან შეიკრებნენ და ქარხნის ახალი მეპატრონის ქმედებას აპროტესტებდნენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ სს „რუსთავის აზოტში“ განხორციელებულ მასობრივ გათავისუფლებას:

„2017 წლის 20 იანვრიდან კომპანიამ დაიწყო დასაქმებულთა შემცირებაზე საუბარი. 25 იანვრიდან კი პროცესები მიმდინარეობს სრული კანონდარღვევით, კომპანია აიძულებს ადამიანებს, მოაწერონ ხელი სამუშაოდან საკუთარი სურვილით წასვლის განცხადებებს, მერე კი თავად გადაწყვეტს ვის გაუფორმოს ახალი კონტრაქტი, რომელიც ასევე საკმაოდ ბევრ კაბალურ პუნქტს შეიცავს. კომპანია აპირებს სამსახურიდან გაათავისუფლოს 350-მდე დასაქმებული.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი, ყველა შესაძლო მეთოდით დაიცავს რუსთავის „აზოტის“ დასაქმებულთა უფლებებსა და ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენას სამართლებრივი გზით შეეცდებიან. როგორც საწარმოს პროფკავშირების წარმომადგენელმა გელა ბიჭიაშვილმა განაცხადა, მუშების გათავისუფლება შრომის კანონის დარღვევით მოხდა და ისინი სამართლიანობის აღდგენის მიზნით, აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს.

„რუსთავის აზოტის“ სპეციალიზაცია მინერალური სასუქების გამოშვებაა. საწარმო ასევე აწარმოებს ამიაკს, ნატრიუმის ციანიდს, აზოტმჟავას, ამიაკის წყალს და სხვა პროდუქციას.