რუსთაველის გამზირზე „აქციის გამართვის მცდელობისთვის“ დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის, ირინა ბათიაშვილის და მაია ბათიაშვილის სასამართლო პროცესები გუშინვე გაიმართა. საქალაქო სასამართლომ „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჩხარტიშვილს ბრალი „სამართალდამცავებისთვის ბოროტ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობისთვის“ წაუყენეს.
სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის მეუღლეს და შვილს 400-400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინათ, რაც „წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას“ გულისხმობს.
გუშინვე „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ინციდენტი ირაკლი ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა. ბათიაშვილი სასამართლოში მისი შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მივიდა. პროცესი უკვე დაწყებული იყო, თუმცა, მან დარბაზში შესვლა მაინც მოითხოვა და სხდომის დარბაზის კარებზე ბრახუნი დაიწყო, რასაც სასამართლოს მანდატურების წინააღმდეგობა მოჰყვა. მანდატურებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს.
აქცია აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან იგეგმებოდა, თუმცა პოლიციამ აქცია დასაწყისშივე აღკვეთა. აქციის მონაწილეებს ეკავათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის: „აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია“.
რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული რენი ჰარლინის ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა.
ხელისუფლების მიერ „სამაგალითოდ დასჯილი“ ადამიანები ბრძოლას აგრძელებენ და უკანდახევას არ აპირებენ. ლაშა ჩხარტიშვილის, ირაკლი ბათიაშვილისა და მისი ცოლ-შვილის - მაია და ირინა ბათიაშვილების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
როგორც „პირWელს“ ბათიაშვილების ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, „მართალია, ქართული მართლმსაჯულების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდებულისთვის არაფერს ცვლის, რადგან ხშირ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საქმეს არც განიხილავს, მაგრამ ადვოკატები ოთხივე შემთხვევაში, მაინც გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათიაშვილებისათვის ჯარიმის შეფარდებისა და ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ.
„პრესაგე.ტვ“–სთან საუბრისას მაია ბათიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანებს უკვე მშვიდობიანად დგომისთვის აკავებენ და ამაზე საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს.
„როგორც ჩანს, ქვეყანა ბერიას დროს უბრუნდება. ადამიანს აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია, ეკლესიის საფეხურზე ხმისამოუღებლად იდგა, მივარდნენ და გაათრიეს. პლაკატიც კი არ გაშლილა. ყველანი დალურჯებულები ვართ. იმის გამო დამიჭირეს, რომ ვკითხე, ჩემი შვილი რატომ მიყავდათ.
დედა ვარ და მეშინოდა. შორიდან მაინც შევხედავ მეთქი ჩემს შვილს-მეთქი და უკან გავყევი. ეკლესიასთან გაჭირვებული ადამიანები იდგნენ და ბავშვებს ფული უნდა მიეცათ. ამ დროს სწვდნენ და, რადგან ბათიაშვილის შვილია, როგორც დამნაშავე ისე დაიჭირეს. ასეთი უკანონობა არ მახსოვს. ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, თორემ ქვეყანა რეალური საშიშროების წინაშე იმყოფება.
მოსამართლე ამ საქმეზე მართლა წუხდა, რადგან სამარცხვინო იყო ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა. თურმე ვყვიროდით, ვილანძღებოდით და ვიღაცას ხელს ვუშლიდით. ხალხი იქ საერთოდ არ ყოფილა და ვის რა დავუშავეთ? სიტუაცის ეკლესიის წარმომადგენლებიც კარგად ხედავდნენ.
აპელაციაზე მივდივართ და სტრასბურგშიც ვაპირებ პროცესის გაგრძელებას. ოპოზიციურად განწყობილი მთელი ოჯახი რომ დაიჭირო, ასეთი რამ სად ხდება? გამოდის, რომ ადამიანებს მშვიდობიანად დგომისთვის იჭერენ. პატრული და მოსამართლე ცოტა უშიშრად უნდა იყვნენ და სიმართლის თქმა უნდა ისწავლონ. როცა ადამიანები სრულიად უდანაშაულოები არიან, მათ ხმის ამოღების უფლება მაინც უნდა ჰქონდეთ“.
ა/ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერის ნანა კაკაბაძის შეფასებით, ქვეყანაში დიქტატურაა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთ არაადამიანურ დამოკიდებულებას უახლოეს წარსულში ანალოგი არ მოეძებნება:
„ძალიან ძნელია იმის შეფასება, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში სჩადის. ლაშა ჩხარტიშვილს 30–მდე სამოქალაქო ფორმიანი თავს დაესხა. ეკითხება, რა გინდათო და, აქ აღარ უნდა იყოო, - უპასუხეს. „კარგით, რა პრობლემაა, ქაშუეთში გადავალო“ – „არა, ვერც ქაშუეთში გადახვალთო“, ხელი სტაცეს და პირველი სკოლისკენ გაათრიეს. ჩვეულებრივ მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს. დიდხანს ვეძებეთ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქალაქის სასამართლოში ჰყავდათ გადაყვანილი. ადმინისტრაციული წესით „ბოროტი ხულიგნობისთვის და წინააღმდეგობის გაწევისთვის“ გაასამართლეს და ოთხასლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
პარალელურად, რუსთაველის კინოთეატრისკენ მიმავალი მაია და ირინა ბათიაშვილები დააკავეს. ხელი სტაცეს, საქალაქოში მიიყვანეს და 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ამ დროს ირაკლი ბათიაშვილი რაღაც საბუთების მოსატანად გაუშვეს. სასამართლო სხდომა უკვე დაწყებული იყო და ირაკლის დარბაზში შესვლა უნდოდა. მანდატურებთან შეხლა შემოხლის შემდეგ ისიც დააკავეს და სადღაც შორს წაიყვანეს. მერე როგორც გაირკვა, მასაც ხუთასლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ასეთი ტერორის პერიოდს უბრალოდ ვერ ვიხსენებ. საბჭოურ 70–ანებს, 80–ანებს მოვესწარი და ასეთი დაუნდობლობა, არაადამიანურობა საკუთარი ხალხის მიმართ, უბრალოდ არ მინახავს. დღეს რაც ხდება, ქართული სამართალდამცველების პირობებში, რაღაც არანორმალური და აუხსნელი მოვლენაა. ქვეყანაში დიქტატურაა, ამას სხვა სახელი არ მოეძებნება“.