თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის ფაშისტური გამოხტომები

თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის ფაშისტური გამოხტომები

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არსებობდა კავკასიური ქვედანაყოფი, ,,ბერგმანი'', რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული და გერმანიის მხარეს იბრძოდა. დღეს, საქართველოში არსებობენ ახალგაზრდები, რომლებმაც ასევე ჩამოაყალიბეს დაჯგუფება სახელწოდებით ,,ბერგმანი''. მეორენაირად ისინი საკუთარ თავს ,,ქართველ ხულიგნებსაც'' უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ, რომ კანონის ფარგლებში ნამდვილად არ მოქმედებენ. 
,,ქართველი ხულიგნები'' თავიანთი იდეების პროპაგანდას ძირითადად ამავე სახელწოდების FACEBOOK-გვერდიდან ეწევიან და ეს იდეები, რა თქმა უნდა, ულტრა-ნაციონალისტური პათოსით არის გაჟღენთილი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ახალგაზრდები საკუთარი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხულიგნები არიან, რომლებმაც ვეღარ აიტანეს ქართველობის წართმევის მცდელობები ლიბერალებისგან (სწორედ ლიბერალები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს) და პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდნენ. მათი ,,მოქმედების'' ყველაზე პოპულარული გამოვლინება ვეგანურ კაფეზე თავდასხმა იყო, როცა რამდენიმე ხორცისმჭამელმა პატრიოტმა ვეგეტარიანელ, ქართველობადაკარგულ ლიბერალს თეფშზე სოსისი და ძეხვი დაუგდო (თუმცა აღსანიშნავია, რომ ,,ბერგმანს'' ამ დარბევაზე ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია). ხულიგნები (როგორც ეს ჭეშმარიტ ხულიგნებს შეჰფერით) სახეებს არ აჩენენ და პრესასთან კონტაქტსაც გაურბიან. უმთვარო ღამის სუპერგმირებივით, შიგადაშიგ აქა-იქ ჩნდებიან (სადაც, მათი აზრით, სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირს), ფოტოებს იღებენ, შემდეგ თავიანთ სახეებს შავ ლაქებს ადებენ და ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავენ. 
მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ვერ მოითმინეს და კიდევ ერთი კანონგარეშე საგმირო საქმე ჩაიდინეს, რომელმაც პოპულარობით ვეგანურ კაფეზე თავდასხმა უკან ჩამოიტოვა: ,,ქართველი ხულიგნების'' აწუკვე გაუქმებულ FACEBOOK-გვერდზე აიტვირთა ფოტო სახეჩამუქებული, დაკუნთული ქართველი პატრიოტებისა, რომელსაც თან ახლდა საკმაოდ ვრცელი ტექსტი. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ გულანთებული ხულიგნები კიდევ ერთ ლიბერალურ დაწესებულებას (,,გენერატორი 9.8'') შეესივნენ და იქ თავმოყრილი ლიბერალები ომახიანი შეძახილებით ,,ქათმებივით'' დააფრთხეს. შეძახილების შინაარსი, რა თქმა, უნდა პატრიოტული და შესაბამისად ანტილიბერალური იყო. ტექსტში ამაყად იყო ხაზგასმული ფაქტი, რომ რამდენიმე პატრიოტმა ხულიგანმა თურმე ისე დააშინა ეს ამდენი ლიბერალი, რომ ვერც ერთს გაუბედავს ნამდვილ ქართულ ძალას სიტყვითა თუ რამე სხვა ფორმით წინ აღდგომოდა. 
ასე და ამგვარად, ,,ბერგმანმა'' ლიბერალებზე გამარჯვება იზეიმა და საკუთარ მხარდამჭერებს დაანახა, რამხელა ძალა აქვს სამშობლოს სიყვარულს. ამ პოსტმა მალევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სავარაუდოდ, მიიქცია სამართალდამცავების ყურადღებაც, რის გამოც ფოტო ტექსტითურთ მალევე აღიგავა პირისაგან მიწისა და მასვე მიჰყვა ,,ქართველი ხულიგნების'' ოფიციალური გვერდიც, რომელსაც დღეს დაინტერესებული მკითხველი, სამწუხაროდ ვერაფრით იპოვის სოციალურ ქსელში. 
რას ვიზამთ, თავდადებაც ხომ სწორედ იმას გულისხმობს, რომ აუცილებელია მსხვერპლის გაღება მიზნისთვის, რომლისაც გწამს და გჯერა. მაგრამ რას წარმოადგენს ეს მიზანი ,,ქართველი ხულიგნების'' შემთხვევაში? პასუხის პოვნა არც ისე მარტივია, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ საშუალო ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე რამდენიმე ახალგაზრდას მიზანშეწონილად მიაჩნდეს კაფეებში შევარდნა, იქ მყოფი ადამიანების ავტომატურად მტრებად შერაცხვა და მათთვის პატრიოტული დევიზების ბოლო ხმაზე ყვირილითა და სოსისების ფრიალით დისკომფორტის შექმნა. პრინციპში, შეიძლება პასუხის პოვნა ბევრად გაგვიადვილდეს, თუკი დავუშვებთ, რომ საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ნაციონალიზმი, ლიბერალიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი, ხულიგნობა და, რაც მთავარია, კრეტინიზმი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ.