ქვეყანაში რეფინანსირების სესხების მოცულობა შეუჩერებლივ მატულობს. 20 იანვარს გამართულ აუქციონზე (ერთკვირიანი და ერთთვიანი ჯამურად) კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნამ ამ სესხზე 2 მლრდ ლარს აღემატებოდა. საბოლოოდ 1,65 მლრდ ლარი დაკმაყოფილდა. ფინანსისტები ასეთ ტენდენციას საგანგაშოდ მიიჩნევენ, ხოლო ეროვნული ბანკი შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს.
გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო და არის კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური შუამავალი სტრუქტურების მიერ დაბანდებული სახსრებისა და აქტივების ღირებულების მკვეთრი დაცემა და მათი ლიკვიდობის (ანუ ფულად ქცევის სისწრაფის) შემცირება. თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციას გამოსწორების მიზნით ცენტრალურმა ბანკებმა და მათ შორის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანერგა რეფინანსირების სესხის ინსტრუმენტი. “მისი მიზანია პრობლემად ქცეული ლიკვიდობის დონის შენარჩუნება ან გამოსწორება. კომერციული ბანკების განკარგვაში მყოფი აქტივების გარანტიის ქვეშ მათთვის ფულადი რესურსის მოკლევადიანი სესხის სახით მიწოდება”, - აცხადებს ასლანიშვილი.
საქართველოში ეს ინსტრუმენტი (რეფინანსირების სესხები) ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა. საწყის ეტაპზე ამოქმედდა ერთკვირიანი რეფინანსირების სესხი, მოგვიანებით კი ერთდღიანი და მუდმივი რეფინანსირების სესხი. 2016 წლის დეკემბრიდან მათ დაემატა ერთთვიანი რეფინანსირების სესხი. ამ სესხის გაცემით ხორციელდება საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის, საჭიროებისამებრ მიწოდება.
“რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს (წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი). ამასთანავე, ამ გზით იზრდება ლარის მასა მიმოქცევაში, რაც ცხადია სავალუტო კრიზისის დროს იწვევს ლარის კურსის დაცემას უცხოური ვალუტის მიმართ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ინფლაციას”, - აღნიშნავს ასლანიშვილი და დასძენს, რომ მცირე ზომით რეფინანსირების სესხი კარგია, ხოლო დიდი ზომით ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობის მაჩვენებელია.
სულ სხვაგვარად ფიქრობენ ეროვნულ ბანკში. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ცალკელული ექსპერტებს მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ სავალუტო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ ქართულ საბანკო სექტორში ფუნდამენტური პრობლემები წარმოაჩინა და რომ ამ პრობლემის არსებობას რეფინანსირების სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ადასტურებს.
როგორც ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მიუხედავად ვალუტის კურსის გაუფასურებისა, ქართულ საბანკო სექტორში აქტივების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა და უმოქმედო სესხების წილი სასესხო პორთფელში მატერიალურად არ შეცვლილა.
“მომგებიანობის, კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის კუთხით არსებული მაჩვენებლები კი სექტორის სიჯანსაღეზე მიუთითებს. დეტალური სტატისტიკა, როგორც აგრეგირებული ასევე კომერციული ბანკების დონეზე, პერიოდულად ქვეყნდება სებ-ის ვებ-გვერდზე და მათი გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
დამატებით, წამყვანი ქართული ბანკების გადახდისუნარიანობას რეგულარულად აფასებენ საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო სააგენტოები, რომელთა შეფასებითაც ყველა ამ ბანკის რეიტინგი ქვეყნის რეიტინგთან ახლოსაა.
ამასთან თითოეული ბანკი პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშაა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიდგომებიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და პოზიტიურადაა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ამგვარად, ქართული ბანკების სიჯანსაღეში ეჭვის შეტანა უარგუმენტო და საფუძველს მოკლებულია”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.