„აფხაზეთი არ უნდა გავხადოთ ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული“

„აფხაზეთი არ უნდა გავხადოთ ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული“

„აფხაზებს ელექტროენერგია რუსეთმა მიაწოდოს“, - ცალკეულ ქართველ ენერგეტიკოსთა ამ ფრაზამ დაბნეულობა გამოიწვია. კითხვები გაჩნდა იმ კუთხითაც, ხომ არ ნიშნავს ეს რუსეთისთვის აფხაზეთის ნებაყოფლობით დათმობას? მართალია, უკვე წლებია, აფხაზები ენგურჰესიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარენ, მაგრამ ხომ არ ღირს ასეთ კომპრომისზე ქართული მხარის წასვლა მომავალშიც, როცა საქმე იმ ტერიტორიას ეხება, რომელზეც საქართველოს იურიდიული  გავლენა დროებით დაკარგულია?

1998 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას შორის სიტყვიერი მოლაპარაკება შედგა, რომლის თანახმადაც, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს უნდა წაეღო, 60% -საქართველოს. დღეს კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ დავთანხმდით აფხაზებს 40 %-ის უსასყიდლოდ დათმობაზე მაშინ, როცა მათ რეალურად გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 20 % ეკუთვნოდათ? ამ დროს კი აფხაზებს ზამთარში ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიაქვთ, ზაფხულში კი-15-20%. თანაც, აფხაზებს ავიწყდებათ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ფული ღირს და თანხა უნდა გადაიხადონ. მით უმეტეს, რომ აფხაზები ელექტროენერგიას უკონტროლობის გამო გულუხვად მოიხმარენ და ელექტროენერგიის მოხმარება 55%-ით აქვთ გაზრდილი.

თავის დროზე დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებამ, რომ ენგურჰესის ის ნაწილი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, ქართველი ექსპერტები დააფიქრა. ისინი აფხაზების მიერ ენგურჰესის შესაძლო გათიშვის საფრთხეზეც საუბრობდნენ.

იმ პერიოდში ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბარში 1996-97 წლებს იხსენებდა, როცა აფხაზეთმა წამოაყენა საკითხი, რომ ვინაიდან სამანქანო დარბაზი და ენგურჰესის მართვის ფარი საბერიოში (გალის რაიონი) მდებარეობდა და ეს დაახლოებით მთელი ელექტროსადგურის ძირითადი ფონდების 40%-ს შეადგენდა, ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთს ეკუთვნოდა, ხოლო 60%-საქართველოს. რევაზ არველაძე მიიჩნევდა, რომ ეს არასწორად იყო ნაანგარიშები, რადგან ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობდა. მით უმეტეს, ენგურჰესი ერთი ელექტროსადგური გახლდათ და არ შეიძლებოდა მისი ცალ-ცალკე დაყოფა, რომ ერთი ნაწილი აფხაზეთის ყოფილიყო, ხოლო მეორე-საქართველოსი.

„ენგურჰესი ერთიანად ეკუთვნის საქართველოს. ცუდად ნუ გამიგებენ ჩვენი მონათესავე აფხაზები, მაგრამ ენგურჰესის მშენებლობაში აფხაზებს საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა. ეს სადგური შენდებოდა მთლიანად საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტით, რადგან, რაც საქართველოდან ქონების სახით მიდიოდა რუსეთის ცენტრალურ ხაზინაში, იქიდანვე მოდიოდა უკან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხით. მართვის ფარი საბერიოში იმიტომ აშენდა, რომ ეს სქემა ყველაზე კარგი იყო ენერგეტიკული ტექნიკური თვალსაზრისით“,-აცხადებდა ჩვენთან საუბარში რევაზ არველაძე და არ გამორიცხავდა აფხაზების სურვილს, ენგურჰესის გაცილებით მეტი ნაწილი ჩაეგდოთ ხელში, რათა შემდეგ უკვე ჩვენთვის მოეყიდათ ელექტროენერგია. აფხაზებს ისიც შეეძლოთ, საქართველოსკენ არ გამოეშვათ გამომუშავებული ელექტროენერგია. თუმცა ენერგეტიკოსის აზრით, ასეთ სისულელეზე აფხაზები არ წავიდოდნენ, რადგან მაშინ საერთოდ გაჩერდებოდა ენგურჰესი, რომელიც აფხაზებს 100%-ით აკმაყოფილებდა, სხვა ელექტროსადგური კი მათ არ გააჩნდათ.

დღეს რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, აფხაზებმა მოლაპარაკება უნდა აწარმოონ რუსეთთან, რადგან ისინი წლებია, ელექტროენერგიას უფასოდ იღებენ საქართველოსგან. ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია მთლიანად აფხაზებს მიაქვთ. ამას ემატება ისიც, რომ დღესდღეობით აუცილებელია ენგურჰესის გაჩერება, რათა სპეციალისტებმა მისი რეაბილიტაცია განახორციელონ. თავდაპირველად ენგურჰესი სამი კვირით გაჩერდება, ხოლო 2018 წელს - 3 თვით. სწორედ ამ პერიოდში აფხაზებმა მოლაპარაკება უნდა აწარმოონ რუსებთან, რომ ენერგია მათგან მიიღონ. მაგალითად, შარშან გაზაფხულზე, როცა ენგურჰესის წყალსაცავი დაცლილი იყო, საქართველომ სწორედ რუსეთისგან იყიდა ელექტროენერგია და ასე მიაწოდა აფხაზებს, მაგრამ თანხა აფხაზებს მაშინაც არ გადაუხდიათ.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე  For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით რუსეთ-აფხაზეთის მოლაპარაკება ჩვენთვის არანაირად არ არის მიზანშეწონილი. მისი თქმით, აღნიშნულმა ექსპერტებმა უნდა იცოდნენ, რომ, მართალია, წყალსაცავი ჩვენს მხარესაა, მაგრამ თვითონ სადგურები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშვებენ, გალის რაიონშია. ამიტომ აფხაზებთან გარკვეული შეთანხმება იმთავითვე არსებობდა გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებით. დღესაც, თუ ენგურჰესის ირგვლივ ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი შედგება, ძალიან კარგი იქნება.

„გარკვეულწილად, ეს იქნება იმ დიალოგის დაწყების პროვოცირება, რომელიც ქართველებს ასე გვსურს, ჩვენს მოქალაქეებთან-აფხაზებთან შედგეს. თუმცა ეს არ იქნება მარტივი საკითხი. ჯობს, ცოტა ხანს მოვითმინოთ კიდეც, რომ არ გავამწვავოთ სიტუაცია და რუსეთს არ მივცეთ კიდევ ერთი ბერკეტი აფხაზებზე ზეწოლისთვის, ანუ კიდევ უფრო მეტად რუსეთზე დამოკიდებული არ გავხადოთ აფხაზეთი. ეს პოლიტიკური საკითხია და სახელმწიფომ ამ საკითხზე კომპრომისი უნდა დაუშვას“,-აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მანვე არ გამორიცხა, რომ აფხაზებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად რუსებმა შესაძლოა, მთლად უფასოდ არ მისცენ ელექტროენერგია, მაგრამ ნაკლებ ფასად მისცენ, რაც მათთვის პოლიტიკურად მისაღები იქნება. შესაძლოა, რუსებმა დამატებითი  საკითხებიც ჩართონ ამ შეთანხმებაში, რაც საზიანო იქნება ქართველებისთვის. ამიტომ დიალოგი უნდა დავიწყოთ აფხაზებთან და, თუ დიალოგი შედეგს მოგვცემს, ხომ კარგი; თუ არადა, ცოტა ხანს ასეთი სიტუაცია შევინარჩუნოთ და რუსეთი კიდევ უფრო არ გავაძლიეროთ ჩვენს ტერიტორიაზე.

„საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ასე იყო. ზამთრის დეფიციტის დროს ჩვენ რუსეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან ვღებულობდით ელექტროენერგიას. სამაგიეროდ, ზაფხულის პერიოდში, როცა მაქსიმალური გამომუშავება ჰქონდათ ჩვენს ჰიდროსადგურებს, იქით ვაწვდიდით ელექტროენერგიას, ანუ ბარტერი იყო. ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი რომ ნახოთ, დაახლოებით იგივე სისტემაა დღესაც შენარჩუნებული. ამაში ახალი არაფერია, ყოველთვის ხდებოდა გაცვლა“.  

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში შოთა მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება განსაკუთრებული შემთხვევაა და არანაირად არ უნდა გადავაბაროთ ეს საქმე რუსებს. For.ge-სთან საუბარში შოთა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეს არის საფასური, რომელსაც ისევ ქართველები ვიხდით იმისთვის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა პოლიტიკაში. ეს ისევ ჩვენი გამოსასწორებელია-აფხაზებისა და ქართველების. ამიტომ უნდა მოველაპარაკოთ აფხაზებს, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და უნდა გვახსოვდეს, ჩვენ მეზობლები არ ვართ, ჩვენ ვართ ერთი ხალხი და ერთ ქვეყანას ვემსახურებით.

„ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, სახალხო დიპლომატიაც ჩართოს, რომ ეს საკითხი რუსეთის გარეშე ჩვენს შორის მოგვარდეს. რაც შეიძლება, უნდა გავმიჯნოთ რუსეთი ასეთი საკითხებისგან. მით უმეტეს, ეს ეკონომიკური საკითხებია და ამის შესახებ შეიძლება დალაპარაკება აფხაზებთან. არა მგონია, აფხაზები ამის წინააღმდეგნი იყვნენ და მაინცდამაინც რუსებთან უნდოდეთ. თუნდაც ამას დამოუკიდებლობის საფასური დავარქვათ. ბევრ ქვეყანას მოუწია ამ ეტაპის გავლა. მე, როგორც ქართველი, თანახმა ვარ, ჩემს მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან აფხაზებს მოველაპარაკოთ და ელექტროენერგიის საფასური გადავუხადოთ. აფხაზები ამ მოლაპარაკებაზე აუცილებლად წამოვლენ. არა მგონია, ჩვენთან ომი და საქმის გამწვავება უნდოდეთ“,-აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.