საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რიცხვი ბანკების რაოდენობას მკვეთრად აღემატება. ქვეყნაში ონლაინ სესხების გაცემით დაკავებულია 41 ორგანიზაცია. ახალმა რეგულაციის შემდეგ ისინი სხვა მიმართულებით გააქტიურდნენ და მომხმარებლებიდან დამატებით თანხის მიღებას აქამდე უცნობი ხერხით ცდილობენ.
ბოლო 2-3 წელია, ონლაინ საკრედიტო კავშირები ბაზარზე მკვეთრად გააქტიურდნენ. მათი რაოდენობა ბოლო დრომდე თვალშისაცემად იზრდებოდა.
წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, რომელსაც ასეთი საკრედიტო კავშირები აწესებენ, რეგულაციის შემოღება აუცილებელი გახდა და შეზღუდვა იანვრიდან უკვე ამოქმედდა.
`საზოგადოება და ბანკების~ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ამიერიდან კომპანიებს მოუწევთ უფრო ფრთხილად მოეკიდნონ მომხმარებლის საფინანსო ისტორიას. მიუხედავაჟ ამისა, შეზღუდვა გამოიწვევს ონლაინ გამსესხებლების რაოდენობის შემცირებას.
`მე ზოგადად თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ - რაზეც მოთხოვნაა, მიწოდებაც უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს ნორმის ფარგლებში. რეგულაცია აუცილებელი იყო და ეს პრაქტიკულადაც დამტკიცდა. საბოლოო ჯამში, შეზღუდვა გამოიწვევს ონლაინ ორგანიზაციიების შემცირებას, რადგან ასეთი წვრილი კომპანიები საბაზრო კონკურენციას ვეღარ გაუძლებენ და მხოლოდ მსხვილი კომპანიები დარჩებიან~, - ამბობს კეპულაძე.
მას შემდეგ, რაც ონლაინ სესხებზე კანონით გათვალისწინებული რეგულაცია შევიდა ძალაში, ამ მომსახურების სასესხო პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირდა. სანაცვლოდ, ამ კომპანიების ნაწილმა, სხვა გზით გადაწყვიტა მოგების გაზრდა და მომხმარებელს ახალი ხაფანგი დაუგო, რომელშიც უკვე არაერთი ადამიანი გაება.
ჯერჯერობით, ასეთი აღმოჩნდა, ერთი ონლაინ სესხების კომპანია, სადაც სესხის აღების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენ ვალდებულება გეკისრებათ რამდენიმე, განსაზღვრული საათის მანძილზე ფილიალში მიიყვანოთ თავდები; წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დაგეკისრებათ, რომელიც მთლიანი თანხის 12%-ს შეადგენს.
`აგორამ~ ჩაატარა გამოძიება, რომლის შედეგადაც ეს ინფორმაცია მართლაც დადასტურდა. ჩვენმა ჟურნალისტმა ამ კომპანიისგან საკმაოდ მარტივად აიღო სესხი, თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ კი მას ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, რომელიც მსესხებელს აფრთხილებდა:
`ხელშეკრულების პირობების თანახმად თქვენ გეძლევათ 120 საათი თავდების მოსაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგერიცხებათ პირგასამტეხლო~.
ცხადია, ეს ონლაინ საკრედიტო კომპანიის მიერ დაგეგმილი სრულიად მიზანმიმართული ქმედებაა, რათა მომხმარებლის დაჯარიმების რისკი გაზარდოს და ამით მეტი ფინანსური სარგებელი მიიღოს, რადგან 35-გვერდიან, უწვრილესი შრიფტით აკრეფილ ხელშეკრულებას არავინ წაიკითხავს. სწრაფი სესხებით მოსარგებლე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, უბრალოდ, არ ეცნობა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს, რომელთა პირობების ცვლილებაზეც მომხმარებლები არიან ინფორმირებულნი.
მით უმეტეს, ადამიანები, რომლებსაც ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ და სესხი ადრეც აუღიათ, დიდი შანსია, რომ შეცვლილ ხელშეკრულებას არ გაეცნობიან, რადგან არ უჩნდებათ იმის ეჭვი, რომ ამჯერად განსხვავებულ პირობებზე მოუწევთ ხელის მოწერა~, - აცხადებენ `აგორაში~.