[გიორგი ბაქრაძე]
ბოლო დროს ქართულ მიწებზე ფასმაც მოიმატა და მოთხოვნამაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მიწა 50 პროცენტით არის გაძვირებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. სავარაუდოა, რომ წლის ბოლომე მიწის გაძვირება კიდევ გაგრძელდება.
არც ისე დიდი ხნის წინ მიწა ძალიან იაფი იყო და ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად, გაყიდვების მოცულობა მაინც დაბალი რჩებოდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აწ უკვე დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა.
რაც შეეხება ფასებს, დედაქალაქში მიწის ღირებულება, კვადრატულ მეტრზე, ზონების მიხედვით, 100-დან 2000 დოლარამდე განისაზღვრება. გასულ წელთან შედარებით, ამ ეტაპზე ფასი 50 პროცენტით არის გაზრდილი და, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.
თბილისში სამშენებლო მიწა ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოზეა. გაცილებით იაფია გარეუბნებში. გარკვეულწილად, მოიმატა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასმაც, განსაკუთრებით თბილისთან ახლოსმდებარე ნაკვეთებზე.
უძრავი ქონების სფეროს ექსპერტის, გურამ ფალავანდიშვილის განმარტებით, მიწაზე არის მოთხოვნა, თუმცა რეალური მყიდველინაკლებია. უცხოელებს, ძირითადად, დიდ ნაკვეთებებზე აქვთ მოთხოვნა, 20 ჰექტრიდან ზევით. მისი თქმით, ბაზარზე ყველაზემეტად ჯერჯერობით ირანელები და ბელგიელები აქტიურობენ.
ექსპერტის მონაცემებით, საბინათმშენებლო მიწა გაცილებით ძვირი ღირს. ამ ეტაპზე კერძო სახლებისა და კორპუსებისთვის მიწის ფასი უფრო მაღალია. მაგალითად, საბურთალოზე 1 კვ/მ ფართი 300-1000 დოლარის ფარგლებშია. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მიწის ღირებულება, თუ ის კომერციული ფართის ასაშენებლად გამოდგება, 1000 დოლარზე მეტია. რაც შეეხება ვაკეს, მიწის ფასი აქ 1 კვ/მ-ზე 500-2000 დოლარია. ჭავაჭავაძის გამზირზე კი 2000 დოლარს აღემატება. დიღმის ტრასაზე მიწა 150-300 დოლარის ფარგლებშია.
„ბოლო 6 თვეა, რაც გაძვირების ტენდენცია შეიმჩნევა. მოიმატა ფასმაც. მაგალითად, თუ რამდენიმე თვის წინათ არცერთი მშენებელი არ ჩნდებოდა, რაც ბანკებმა ფულის გაცემა დაიწყეს, მიწის მყიდველებიც გააქტიურდნენ. გაცილებით იაფია მიწის ფასი ქალაქგარეთ. წყნეთში 1 კვ/მ კარგი მიწის ნაკვეთი მინიმუმ 100 დოლარი, წავკისში 20-50 დოლარია. აეროპორტის ტრასაზე კი 20-100 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირი მიწა ძველ ქალაქშია, საშუალოდ, 1000 დოლარის ფარგლებში“, - აცხადებს ფალავანდიშვილი.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მისი ფასი 50 ცენტიდან 2 დოლარამდეა. ცოტა ადრე საწყისი ფასი 15 ცენტი იყო. ყველაზე ძვირი თბილისთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთია, რაც დედაქალაქიდან მეტად არის მოშორებული, ფასი იკლებს. იქ, სადაც კომუნიკაციებია, მიწა მეტი ღირს. გაცილებით იაფია საძოვრები.
ინვესტორები ბოლო დროს ძალიან არიან დაინტერესებულნი კომერციული დანიშნულების მიწებით. ამ მხრივ კონკურენცია გაზრდილია. ეს შეეხება საოფისე ფართებს, პეკინის, ჭავაჭავაძის, წერეთლისა და რუსთაველის გამზირებზე მდებარე ერთ მაღაზიაზე 10 მყიდველი მოდის.
კრიზისი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. როცა ბანკებიდან კრედიტები აღარ გაიცემა, ფაქტობრივად, ჩერდება უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ფასიც ეცემა. თუმცა, კრისზისის შემდეგ გამოცოცხლების ტალღა მოსალოდნელიც იყოდა ეს დღეს აშკარაა.
ვფიქრობ, მიწის ღირებულება მომავალშიც მოიმატებს, ტენდენცია 7-8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ბაზარი განვითარდეს. ის, რომ მიწა გაიაფდება, აბსურდია. “, - აცხადებს ფალავანდიშვილი.