სახელმწიფო საწარმოებმა პრემიებზე 130 მილიონი ლარი გასცეს!

სახელმწიფო საწარმოებმა პრემიებზე 130 მილიონი ლარი გასცეს!

რა ხდება რკინიგზაში - აუდიტის სკანდალური დასკვნა

ლარის კურსის დასტაბილურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიციების მოზიდვაა. ამ პროცესს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარდა, ხელს პრივატიზებაც უწყობს. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ 2014 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის დევალვაციის დაძლევის გეგმა შეიმუშავა და იმ სახელმწიფო საწარმოების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც სასწრაფო წესით უნდა გაყიდულიყო. ამ ობიექტების ნაწილი გაიყიდა, ნაწილი კი ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია... 2016 წლის ბოლოს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ეფექტიანობის აუდიტი გამოაქვეყნა, რომელიც არცთუ სახარბიელოა: გაირკვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კრიტერიუმი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს არსებობას გაამართლებს. მეტიც, ამ საწარმოების უმრავლესობა წამგებიანი და შესაბამისად, მათი არსებობა გაუმართლებელია! უცნაური კი ისაა, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების მმართველი მენეჯმენტი დიდი ოდენობით ხელფასსა და პრემიას იღებს მაშინ, როცა სახელმწიფოს პრემირების გაცემის მექანიზმი შემუშავებული არ აქვს. ,,ვერსია'' იწყებს ჟურნალისტური გამოძიების ციკლს, რომელიც სახელმწიფო საწარმოებში არსებულ მდგომარეობასა და ამ საწარმოების პრივატიზების პროცესს ეხება. აუდიტი 2012-2014 წლების პერიოდს მოიცავს და, როგორც ირკვევა, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესი გაუმჭვირვალეა, ხშირად კი კონკურენციის არსებობასაც გამორიცხავს!
აუდიტის დასკვნა 
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა თავიდანვე სკანდალურია: ,,სახელმწიფო საწარმოების დაფუძნების კრიტერიუმებისა და მართვის პოლიტიკის არარსებობის გამო, ბოლო 20 წლის მანძილზე (2011 წლამდე), ისეთი საწარმოები ფუძნდებოდა, რომლებსაც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შედეგად, 2012 წლისთვის, საქართველოში 1 129 სახელმწიფო საწარმო არსებობდა!'' ამ საწარმოების მართვისა და განკარგვის მიზნით, 2012 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო'' შეიქმნა. 
ამავე პერიოდში, სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და შერწყმის, ასევე პრივატიზების პროცესი დაიწყო. შედეგად, 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 344 სახელმწიფო საწარმო დარჩა. ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვან და მომგებიან საწარმოებს ს/ს ,,საპარტნიორო ფონდი'' ფლობს, 310 საწარმო, რომელთა 75% არ ფუნქციონირებს, სააგენტოს მმართველობაში რჩება, დანარჩენი საწარმოები კი, მართვის უფლებით, სხვადასხვა სამინისტროს, ასევე კერძო და იურიდიულ პირებს აქვთ გადაცემული. 
აუდიტით გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციები, მათი დაარსებისა და საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები შემუშავებული და დანერგილი არაა. შესაბამისად, არც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების სია არსებობს. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, შესაბამისი კონკურენტული გარემო უზრუნველყოფილი არ არის, საწარმოთა წმინდა მოგების გამანაწილებელი კომისია კი არარეგულარულად იკრიბება, რის გამოც ბიუჯეტში გადასარიცხი თანხები წლობით გაყინულია. 
სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ მის საკუთრებაში არსებული 344 სახელმწიფო საწარმოდან მცირე ნაწილი უკვე პრივატიზებულია, თუმცა სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, პრივატიზების პროცესი კითხვის ნიშნებს აჩენს. მეტიც, 2012- 2013 წლებში, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში, ძირითადად ერთი კონკურენტი მონაწილეობდა, რაც საპრივატიზებო ობიექტის საწყისს ფასსა და გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას შორის მნიშვნელოვან სხვაობას იძლეოდა! 
პრივატიზების პროცესში არსებული დარღვევების გარდა, ქვეყნის მთავარი აუდიტორები ყურადღებას სახელმწიფო საწარმოების საბიუჯეტო დავალიანებაზეც ამახვილებენ. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები ბიუჯეტში ყოველწლიურად მოგებასა და დივიდენდებს უნდა რიცხავდნენ, რისთვისაც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 2004 წელს, სპეციალური კომისია შეიქმნა, თუმცა კომისიის პასიურობის გამო, სახელმწიფო საწარმოების მოგება ბიუჯეტში დროულად არ ირიცხება! 
2010 წლის 31 დეკემბრისთვის, ბიუჯეტის მიმართ, სახელმწიფო საწარმოების დავალიანება 6 900 000 ლარი იყო. 2011 წელს ამ თანხას 10 500 000 ლარი დაემატა, ბიუჯეტში კი მხოლოდ 2 600 000 ლარი ჩაირიცხა. შედეგად, 2011 წლის ბოლოს, საწარმოების დავალიანება 14 800 000 ლარს შეადგენდა. 2012 წელს, მოგების გასანაწილებლად კომისია არ შეკრებილა, საწარმოებმა კი ბიუჯეტში მხოლოდ 11 200 000 ლარი გადარიცხეს ანუ 2012 წლის ბოლოს, დავალიანება 3 600 000 ლარამდე შემცირდა. ანალოგიურად, 2013 წლის 31 დეკემბერს, დავალიანება 2 900 000 ლარამდე შემცირდა, 2014 წლის პირველ რვა თვეში კი, საწარმოებმა ბიუჯეტში მხოლოდ 122 400 ლარი ჩარიცხეს! 
მომგებიანი სახელმწიფო საწარმოები 
სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ფინანსურად გამართული საწარმოები საკუთრებაში გადაცემული აქვს ს/ს ,,საპარტნიორო ფონდს''. ფონდის აქტივების პორტფელი შემდეგი კომპანიებისგან შედგება: ,,საქართველოს რკინიგზა'' - 100%; ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია'' - 100%; ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა'' - 100%; ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი'' (ესკო) - 100%; ს/ს ,,თელასი'' - 24.5% წილი. ამ საწარმოების გარდა, ფონდის საკუთრებაში კიდევ 5 კომპანია და მათ დაქვემდებარებაში მყოფი 12 კომპანიაა. 
მიუხედავად იმისა, რომ ს/ს ,,საპარტნიორო ფონდის'' საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოები სტრატეგიული დანიშნულებისაა, სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საწარმოებს განსაზღვრავს, შემუშავებული არ არის! შესაბამისად, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც წინა ხელისუფლების დროს, ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც რკინიგზაა, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების ინიციატივით, პოტენციური ინვესტორების საჯილდაო ქვად იქცა. ხშირად ,,საქართველოს რკინიგზით'' საეჭვო რეპუტაციის მქონე, არაფრისმთქმელი უცხოური კომპანიები ინტერესდებოდნენ, რომელთაც ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდათ და რის გამოც მაშინდელი ოპონენტები საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ. 2007 წელს კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა ბადრი პატარკაციშვილს, ტელეკომპანია ,,იმედის'' დათმობის სანაცვლოდ, ,,საქართველოს რკინიგზა'' პირდაპირ ლანგრით შესთავაზეს, რასაც ოპოზიციის აღშფოთება და ნოემბრის ცნობილი მოვლენები მოჰყვა. 
მართალია, სახელმწიფო აუდიტის დასკვნა კონკრეტულად ,,საქართველოს რკინიგზას'' ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რომელიმე სხვა კომპანიას არ ეხება, მაგრამ ეს დასკვნა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. სწორედ ამ სკანდალური დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო საწარმოების (მათ შორის, ისეთი მომგებიანის, როგორიც რკინიგზაა) ამ ფორმით არსებობა, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არაეფექტური და წამგებიანია. მეტიც, საქართველოს გარდა, მსოფლიოს ერთ ქვეყანაშიც არ არსებობს 344 სახელმწიფო საწარმო, რასაც სახელმწიფო აუდიტორები ნონსენსად თვლიან. მაგალითად, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთსა და ირლანდიაში სახელმწიფო საწარმოების რიცხვი 30-ს არ აჭარბებს! 
ასტრონომიულად მაღალი ხელფასები და პრემიები 
კორპორაციული მმართველობის ძირითადი პრინციპების თანახმად, სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის, ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა, საწარმოს მმართველი პირებისა და თანამშრომლებისთვის ისეთი შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სისტემის შემუშავებაა, რომელიც საწარმოს გრძელვადიან ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, კვალიფიციურ კადრებს კი მოტივაციას უმაღლებდეს; ამიტომ სახელმწიფოს ანაზღაურებისა და წახალისების ისეთი სისტემა უნდა ჰქონდეს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას სახელმწიფო საწარმოებში, მეორე მხრივ კი, მინიმუმამდე დაიყვანს საწარმოს მმართველი პირების შეუსაბამოდ მაღალ ხელფასებსა და დაუმსახურებელი პრემიების რისკს. 
სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, საქართველოში არ არსებობს რეგულაცია ან გაიდლაინი, რომელიც საწარმოს მმართველ პირთა შრომის ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობების განსაზღვრის ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებს ზოგადად მაინც დაადგენდა. ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, საწარმოთა მართვაზე პასუხისმგებელი უწყებები (სააგენტო და სამინისტროები) დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას, ეს უკანასკნელნი კი პასუხისმგებელნი არიან საწარმოს დანარჩენ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრაზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებით, საჯარო მოხელეთა პრემიების ზედა ზღვარი და გაცემის მაქსიმალური სიხშირე დადგინდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი საწარმოში დასაქმებულთა შედეგზე დაფუძნებული შრომის ანაზღაურების პრინციპებსა თუ კრიტერიუმებს არ მოიცავს. 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაცემული შრომის ანაზღაურების საკითხი თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოში შეისწავლა და გამოავლინა, რომ 2013 წელს, საწარმოთა თანამშრომლებზე 63 600 000 ლარის ხელფასი გაიცა, რომლის ერთი მეოთხედი ადმინისტრაციის პერსონალზე გაცემული თანხაა. მართვის უფლებით სამინისტროებისთვის გადაცემულ საწარმოებში კი ხელფასებზე 130 300 000 ლარი დაიხარჯა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი კომპანია – ,,საქართველოს რკინიგზა'' ამ საწარმოებში არ შედის! 
ექსპერტის შეფასება 
სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნას ,,ვერსიასთან'' საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს, რომელიც თავის დროზე, ,,საქართველოს რკინიგზის'' სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა: 
- სახელმწიფო საწარმოების შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, თუ ისინი სტრატეგიული ობიექტებია. მაგალითად, შპს ,,საქართველოს რკინიგზა'' სწორედ ასეთი ობიექტია, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ფუნქცია აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი კვანძია. შესაბამისად, სახელმწიფო გარკვეულ კონტროლს უნდა ახორციელებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რკინიგზა 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს. აქციების მინიმალური პაკეტის შეთავაზებით, რკინიგზაში ინვესტორების მოზიდვა შესაძლებელია, თუმცა კონტროლი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. საერთოდ, მიღებული და სწორია პრინციპი, რომ სახელმწიფო სამეურნეო სუბიექტების მართვაში პირდაპირ არ მონაწილეობდეს. უმჯობესია, ამ საწარმოებს კერძო სისტემა მართავდეს, მაგრამ ვიმეორებ, ეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს არ ეხება. 
- ,,საქართველოს რკინიგზა'' და სხვა საწარმოები, რომლებსაც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებად მივიჩნევთ, / ,,საპარტნიორო ფონდის'' საკუთრებაშია, თუმცა სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, კრიტერიუმი ან გაიდლაინი, რომლითაც ამა თუ იმ საწარმოს სტრატეგიული დანიშნულება ენიჭება, საქართველოში შემუშავებული არაა. 
- დიახ, ასეა, თუმცა გვახსოვს გახმაურებული სკანდალი ბენდუქიძის მმართველობის პერიოდში, როცა არა თუ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის აღიარება არ უნდოდათ, რასაც სისულელედ თვლიდნენ, არამედ, იმის მცდელობაც კი იყო, რომ მაგისტრალური გაზსადენი რუსული ,,გაზპრომისთვის'' მიეყიდათ. ამიტომ, დღეს ამ ადამიანების ისტერიული განცხადებები, რომ თურმე, ხელისუფლებამ ,,გაზპრომთან'' ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, სასაცილოდ ჟღერს. დღეს ამგვარ განცხადებებს იგივე ადამიანები აკეთებენ, რომლებიც თავის დროზე ,,გაზპრომისთვის'' მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას ლობირებდნენ. 
რაც შეეხება კონკრეტულად ,,საქართველოს რკინიგზას'', მესმის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენადაც საქმის კურსში ვარ, რკინიგზაში დიდი ოთხეულის მიერ საერთაშორისო აუდიტი ყოველწლიურად ტარდება. შესაბამისად, მსოფლიოში აღიარებული აუდიტორების დასკვნა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც მთავარი ინდიკატორია, ბევრად მნიშვნელოვანია. 
- აუდიტის დასკვნაში არც ერთი სახელმწიფო საწარმო და მათ შორის, ,,საქართველოს რკინიგზა'', კონკრეტულად განხილული არაა ანუ ზოგადი შემოწმება ჩატარდა, რის საფუძველზეც, აუდიტორებმა სხვადასხვა რეკომენდაცია შეიმუშავეს... 
- კი ბატონო, ასეა და ეს რეკომენდაციები უნდა გავიზიაროთ, რადგან სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტთან დაკავშირებით, დღემდე უამრავი პრობლემაა. ამ საწარმოთა უმეტესობა ,,მკვდარია'', რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაეყიდათ.
- აუდიტორების დასკვნით, სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტი არაეფექტურია, რის გამოც მომგებიანი საწარმოების მოგება და დივიდენდები ბიუჯეტში სრულად არ აისახება. 
- ყველაფერ ამას დასაბუთება სჭირდება! სიმართლე გითხრათ, ,,საქართველოს რკინიგზასთან'' დაკავშირებით პრობლემებს ყველაზე ნაკლებად ვხედავ. რკინიგზას თავისი ობიექტური პრობლემები აქვს, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია სჭირდება, რათა სტრატეგიული ფუნქცია განახორციელოს. ეს პრობლემები ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვდა, გვაქვს ამორტიზებული ხიდები, რასაც მუდმივი ინვესტიცია უნდა. შესაბამისად, მისი მოგებისა თუ დივიდენდის განაწილება ყოველთვის დავის საგანი იყო ამ საწარმოს მფლობელ სახელმწიფოსა და რკინიგზას შორის. თუ დივიდენდის სახით, რკინიგზამ მთელი მოგება სახელმწიფოს გადასცა, მაშინ რეინვესტირების საშუალება აღარ დარჩება, ამიტომ მათ შორის მუდმივი ,,გამიშვი-გამატარე'' იყო და ახლაც ასეა. სახელმწიფოს მთელი მოგების დივიდენდის სახით მიღება სურს, რკინიგზა კი ცდილობს, გარკვეული თანხა შეინარჩუნოს, რათა ინფრასტრუქტურა წესრიგში ჰქონდეს. აუდიტის სამსახურს შეუძლია, ამ პრობლემას ორივე მხრიდან შეხედოს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ მხრივ, ,,საქართველოს რკინიგზას'' გაცილებით მეტი ოდენობის თანხა სჭირდება. საუბარია ასეულობით მილიონ ლარზე, რაც რკინიგზის მოგებას ბევრად აღემატება. არ ვამბობ, რომ რკინიგზა იდეალური საწარმოა და შესაძლოა, მენეჯმენტთან კონკრეტული პრეტენზიებიც არსებობდეს, მაგრამ ეს სახელმწიფო მენეჯმენტის ყველაზე ცუდი მაგალითი მაინც არაა. 
- ,,საპარტნიორო ფონდმა'' უნდა იზრუნოს, რომ ,,საქართველოს რკინიგზას'' ინვესტორები გამოუჩნდნენ? 
- მოდით, ასე ვთქვათ: სახელმწიფომ ,,საპარტნიორო ფონდის'' საშუალებით უნდა იზრუნოს. ეს მუდმივი პროცესია და არა - ერთჯერადი აქტი, თუმცა ამ ეტაპზე რადიკალური ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ. არცთუ დიდი ხნის წინ, რკინიგზის აქციების 25%-ის პრივატიზება გამოცხადებული იყო და ამის განხილვა შესაძლებელია, თუმცა მიზანი თანხებისა და ინვესტორის მოზიდვა უნდა იყოს, რაც მთავარია, მხოლოდ 25%-ის ფარგლებში! 
- ანუ, ,,საქართველოს რკინიგზის'' აქციების 25%-ზე მეტი არ უნდა გაიყიდოს? 
- ვფიქრობ, ამ საწარმოს აქციების 25%-ზე მეტის გასხვისება ერთი ინვესტორის ხელში, გარკვეულ რისკებს შეიცავს. არ ვამბობ, ქვეყნისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს-მეთქი, მაგრამ რისკის შემცველია. 
- სახელმწიფო საწარმოებში ხელფასებისა და პრემირების სისტემაც უნდა არსებობდეს, რაც საქართველოს კანონმდებლობით, განსაზღვრული არაა და ძირითადად, ადმინისტრაციულ რგოლზე გაიცემა. მაგალითად, 2013 წელს, სახელმწიფო საწარმოებში, პრემიების სახით, 130 მილიონი ლარი გაიცა, მაგრამ ამ მონაცემებში არ შედის ისეთი მსხვილი საწარმო, როგორიც ,,საქართველოს რკინიგზაა''. 
- პრემირების სისტემა მოსაწესრიგებელია, რადგან პრემიას მექანიკურად იყენებენ, როგორც დანამატს ხელფასზე, თან გაურკვეველი პრინციპებით. სინამდვილეში, პრემია ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, რომელსაც ყველა რგოლში, რაციონალურად გაწერილი პრინციპების მიხედვით უნდა იყენებდნენ - პრემიას კონკრეტული დამსახურებისთვის, კონკრეტულ პერიოდში უნდა გასცემდნენ და არა - მუდმივად. რეალურად, პრემიის გაცემა საქართველოში კორუფციულ ხასიათს ატარებს. თუ პრემიას იმიტომ გასცემ, რომ ადამიანს ხელფასი არ ჰყოფნის, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ არ უზრდი ხელფასს? ამიტომ პრემია, როგორც მატერიალური სტიმული, გამჭვირვალედ, მარტივი კრიტერიუმითა და მხოლოდ ინდივიდუალურად, კონკრეტული დამსახურების მიხედვით უნდა გაიცემოდეს. საკმაოდ მძიმე სანახავია, რომ პრემიას წლიდან წლამდე მხოლოდ მმართველი რგოლი იღებს და ქვედა დონეზე ეს სისტემა არ ვრცელდება. ყველა გაცემულ პრემიას უნდა ახლდეს კონკრეტული მოხსენებითი ბარათი, სადაც მარტივად ეწერება, თუ რატომ იღებს ეს ადამიანი პრემიას, დამატებით ისეთი რა გააკეთა, რაც ევალებოდა და რისთვისაც პრემია დაიმსახურა. ამგვარი მოხსენებითი ბარათის გარეშე გაცემული პრემია კორუფციაა!