„ღალატს ადგილი არ ჰქონია!“ - როდის შექმნა პარტია, გადადგება თუ არა თავმჯდომარეობიდან და რას ფიქრობს სააკაშვილზე გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი
მართალია, 90-იანი წლების ბოლოდან პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ აქამდე პოლიტიკურ კი არა, უფრო სალიტერატურო წრეებში იცნობდნენ, რაც გასაკვირი არაა: 6 წლის იყო, პირველი ლექსი რომ დაწერა. 83 წლის ასაკში კი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია... ამბობს, პოლიტიკა ჩემი საქმე არააო, მაგრამ თავის დროზე ე.წ. სამეცნიერო ელიტამ ლექტორთა კავშირი დააფუძნა და რაკი საზოგადოება „ცოდნის“ ხელმძღვანელი იყო, პარტიის თავმჯდომარედაც ამიტომ აირჩია. ლექტორთა კავშირი პოლიტიკურ ავანსცენაზე ეპიზოდურად ჩანდა, თუმცა წლების განმავლობაში, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე არაერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა... ამასობაში, 2016 წლის ზაფხულიც დადგა, ყრილობა ჩატარდა, ლექტორთა კავშირი ევროპულ საქართველოდ ტრანსფორმირდა და 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნაცმოძრაობასთან „დაბლოკდა“. „უბრალოდ, პარტიის გაცოცხლება მინდოდა, თორემ ღალატს ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს აწუკვე ევროპული საქართველოს ანუ იმ პარტიის ხელმძღვანელი, რომელ პარტიაშიც „ახირებულებად“ სახელდებულნი, ესე იგი, ნაცმოძრაობისგან გაქცეულები დაპორტირდნენ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 2017 წლის „არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს“ სეზონს ექსნაციონალ გიგი წერეთლის მამასთან, პოეტ ნუგზარ წერეთელთან დიალოგით ვხსნი.
- ბატონო ნუგზარ, როგორ ხართ?
- პატარა აღარ ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, არა მიშავს. ისე, ჯანსუღ ჩარკვიანს რამდენჯერმე ვუთხარი, 83 წლის ვარ და დაგეწიე-მეთქი. 83 რა არის, შე კაი კაცო, 85-ის რომ გახდები, მერე ნახავ, ცხოვრება როგორიაო, მპასუხობს ხოლმე ჯანსუღი...
- ისე, აქამდე პოლიტიკურ სკანდალში არ გახვეულხართ. ახლა კი, პოლიტიკურ კონტექსტში, ბევრმა გახსენათ.
- დიახ, ასეა და არ მსიამოვნებს, თუმცა ზოგს, ვინც პოლიტიკოსია, ეს უყვარს, მე კი პოლიტიკოსი არ ვარ. მე მწერალი ვარ!
- თუ პოლიტიკოსი არ ხართ, აბა, პარტია რატომ გაქვთ, ბატონო ნუგზარ?
- ჩემი ვანო, 31 წელია, საზოგადოება „ცოდნის“ თავმჯდომარე ვარ. „ცოდნაში“ ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შესაბამისი ლექციები ტარდებოდა ანუ ,,ცოდნაში'' მეცნიერება, ხელოვნება და ლიტერატურა ძალიან დიდი დოზით იყო, პოლიტიკა კი მხოლოდ - ხუთი პროცენტით.
- კომუნისტების დროზე ლაპარაკობთ?
- მაშინაც და მერეც... საერთოდ, მაშინ პოლიტიკა სისულელე იყო.
- ანუ?
- ანუ ის, რომ ერთი პარტია არსებობდა - ცეკა-კპსს-ი, რომელიც მოსკოვში „იჯდა“ და რასაც იტყოდა, ყველა რესპუბლიკას ხალხამდე უნდა მიეტანა. მოკლედ, პარტიის ხაზი არ უნდა გამრუდებულიყო.
მართლაც, საშინელი და აუტანელი დრო იყო, ბრძოლაც ძნელი იყო, მაგრამ ზოგი მაინც იბრძოდა. მაგალითად, ჯანსუღ ჩარკვიანი „ცისკარში“ ისეთ მოთხრობებსა და რომანებს ბეჭდავდა, რომელთა დაბეჭდვაც სხვამ შეიძლება, დღესაც ვერ გაბედოს!..
„ცოდნას“ რექტორების დიდი აქტივი ჰყავდა...
- „ცოდნა“ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არსებობდა?
- ნახევრად...
- ამ საზოგადოების მიზანი და დანიშნულება რა იყო?
- რა და, ხალხში პოლიტიკურ-სოციალური მეცნიერებების მიღწევების პოპულიზება უნდა მოეხდინა. ჩვენი წევრები რაიონებსა და სოფლებში დადიოდნენ. სხვათა შორის, ხალხს ყველაფერი ეს მოსწონდა. როცა ხელმძღვანელად დავინიშნე, „ცოდნაში“ 500 ადამიანი მუშაობდა - წარმომადგენელი ყველა რაიონსა და ოლქში ჰყავდა. მოკლედ, „ცოდნა“ დიდი ორგანიზაცია იყო - ვანო, წარმოიდგინე, ასი მანქანა ჰქონდა...
- „ცოდნის“ ხელმძღვანელად ცხონებულმა შევარდნაძემ დაგნიშნათ?
- არა, პატიაშვილმა.
- რომელ წელს?
- 1985-ში. მანამდე საქართველოს საავტორო უფლებების მთავარ სააგენტოში ვმუშაობდი.
- ეს სააგენტო ცეკა-ს ექვემდებარებოდა?
- პარტიულად, ყველას ვექვემდებარებოდით - რაიკომის მდივანიც ჩვენი უფროსი იყო. ჰოდა, მერე, „ცოდნაში“ გადამიყვანეს, სადაც მყუდრო სამუშაო მქონდა. სხვათა შორის, „ცოდნის“ პირველი თავმჯდომარე მუსხელიშვილი იყო, მერე, ათი წელი - ცნობილი აკადემიკოსი გიორგი ძოწენიძე, ჩემზე წინ კი - ალბერტ თავხელიძე. საერთოდ, „ცოდნის“ ხელმძღვანელობას აკადემიის პრეზიდენტები და დიდი მეცნიერები ითავსებდნენ.
- დღეს „ცოდნა“ არასამთავრობო ორგანიზაციაა?
- მაშინაც არასამთავრობო იყო, თუმცა მაინც პარტიას ექვემდებარებოდა...
- ,,ცოდნის'' დღევანდელი ფუნქცია რა არის?
- ახლა, მოგეხსენება, ლექციები აღარავის უნდა, ყველა გაფიცვაზე, მიტინგზე, შერკინებასა და თავის გამოჩენაზეა გადასული, თუმცა „ცოდნას“ თავისი უმაღლესი სასწავლებელი აქვს, ფილოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტებით, გამომცემლობაც გვაქვს და ჟურნალ „სიტყვასაც“ ვუშვებთ.
- ყველაფერ ამისთვის ფულს ვინ გაძლევთ?
- ვინ და, ჩვენი თავი.
- ეს როგორ?
- სწავლა, როგორც ყველგან, ჩვენს ინსტიტუტშიც ფასიანია, თუმცა სტუდენტებს სხვებზე იაფს ვახდევინებთ.
- კეთილი, მაგრამ მაინც არ მეუბნებით, პარტია როდის და რა მიზნით შექმენით, ბატონო ნუგზარ?
- 1999 წელს, აკადემიკოსები - ლადო ბახუტაშვილი, კოტე ბეთანელი, ლადო ჭანუყვაძე და დავით გეგეშიძე შემოვიდნენ წინადადებით, პარტიების ბუმია და პარტია ჩვენც შევქმნათო. პარტიის შექმნა ადვილი საქმე არაა, მაგრამ 350 ადამიანი შევკრიბეთ, ყრილობა ჩავატარეთ, რომელსაც ნოტარიუსიც დაესწრო და ყველაფერი აღწერა... ყრილობის ჩატარებას თანხებიც უნდოდა...
- პარტიას თავიდანვე ევროპული საქართველო ერქვა?
- არა, ლექტორთა კავშირი... მოკლედ, პარტიის შექმნა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, მაგრამ რახან „ცოდნის“ ხელმძღვანელი ვიყავი, პარტიის თავმჯდომარედ ამიტომაც ამირჩიეს.
- ლექტორთა კავშირის მიზანი რა იყო?
- მეცნიერებისა თუ ლიტერატურის მიღწევების პოპულარიზაცია. შეხვედრებს მეცნიერებთან, აკადემიკოსებთან, მინისტრებთან ვმართავდით.
- როცა პარტიის თავმჯდომარე გახდით, თქვენი ვაჟი, გიგი უკვე დეპუტატი იყო თუ ჯერ კიდევ თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა?
- იცი, როგორ იყო? - დეპუტატი უნდა გამხდარიყო.
- თქვენს პოლიტიკაში ჩართვას გიგი როგორ შეხვდა?
- არაფერი უთქვამს...
- თავდაპირველად პარტიაში რამდენი წევრი გყავდათ?
- დაახლოებით, 7 ათასამდე.
- დღეს?
- ალბათ, ხუთასამდე.
- პარტიას სახელი როდის შეუცვალეთ?
- ეს მკვდარი პარტია იყო - ყველა დამფუძნებელი გარდაიცვალა და მხოლოდ მეღა დავრჩი. ისე, 2001-2002 წლებში, პრობლემურ საკითხებზე პრესაში ასი წერილი მაინც გამოვაქვეყნეთ და ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით.
- ხელისუფლებაში თქვენი შვილი იყო და, მაშასადამე, თქვენს შვილს აკრიტიკებდით?
- ჩემი შვილი, ასე ვთქვათ, პატარა ხელისუფლებაში იყო. ჩვენ კი დიდ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, მაგრამ გულთან არავის არაფერი მიჰქონდა და, მგონი, დღესაც არ მიაქვს. სხვათა შორის, პარტიის გაუქმებას ვაპირებდით, მაგრამ დღემდე მოვედით...
ახლა ამბობენ, ადგილი ღალატს ჰქონდაო, მაგრამ ღალატი არ ყოფილა. უბრალოდ, 2016 წლის ივნისში პარტიას სახელი შეეცვალა.
- ბატონო ნუგზარ, პარტიას სახელი თქვენი ინიციატივით შეუცვალეთ თუ გადაწყვეტილება გიგიმ და მისმა მეგობრებმა მიიღეს?
- ჩემი ინიციატივაც იყო და გიგისიც... მათ ვიცნობდი და ვუთხარი, აი, პარტია კვდება და იქნებ, სული შთავბეროთ-მეთქი.
- ამის შესახებ კონკრეტულად ვის უთხარით?
- გიგის, გიგიმ კი თავის მეგობრებს უთხრა. მერე, ყრილობა ჩატარდა, რომელსაც, როგორც წესია, 350 ადამიანი ესწრებოდა, ნოტარიუსიც იყო და სახელი გადაერქვა.
- კეთილი, მაგრამ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნაციონალებმა ამ მკვდარ პარტიასთან კოალიცია რა მიზნით შექმნეს?
- ვანო, ვინმე სხვას ხომ არ ვთხოვდი, კოალიციაში მიმიღე-მეთქი? ჩემი შვილი ნაცმოძრაობაში იყო და სხვა პარტიასთან როგორ წავიდოდი? კოალიციაში პარტიის გაცოცხლების მიზნით შევედით და არა - ღალატის ანუ გვინდოდა, პარტიას კვალიფიკაცია მიეღო და მუშაობა ცოტა მაღალ დონეზე გაგვეგრძელებინა.
- ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაში თქვენგან ვინმე ჩაწერეს?
- კი, ჩემი მოადგილე და კიდევ ვიღაცები ჩაწერეს, მაგრამ ჩემი შვილი 27-ე იყო და ისინი უფრო უკან იყვნენ.
- ერთი სიტყვით, ნუგზარ ბატონო, კატეგორიულად უარყოფთ, რომ ის, რაც ბოლო დროს ნაცმოძრაობაში მოხდა, წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი?
- დიახ, არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ღალატის ან შეჯიბრის შესახებ არაფერი გამიგია. ლაპარაკი მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე იყო...
- მათ, ვინც ნაცმოძრაობაში დარჩნენ ან, თუნდაც მიშას პროტესტი არ გამოუთქვამს, ამ სუსტ პარტიასთან ბლოკი რატომ უნდა შევქმნათო?
- მიშას ფიქრებზე არაფერი ვიცი, წინააღმდეგობა არც სხვა ვინმეს გაუწევია - ყველამ ნახა, რომ ყრილობა ჩატარდა და პარტიაში ხალხი გაწევრიანდა.
- ევროპულ საქართველოს, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს, საბიუჯეტო დაფინანსება აქვს, არა?
- დიახ, აქვს.
- ოფისი გაქვთ?
- დიახ, „ცოდნის“ ოფისში ვართ.
- ბატონო ნუგზარ, როცა პოლიტიკურ სკანდალში გაეხვიეთ, როგორი რეაქცია გქონდათ? - მინიმუმ, გიგის არ უთხარით, შვილო, ეს რა გამიკეთეო?
- რეაქცია არ მქონია! საერთოდ, საქართველოში დღეს ისეთი ჭორაობაა და ყველაფერს ისეთს კუდს აბამენ, რაც უნდა ვთქვა, რაღაცას მაინც იტყვიან. ერთ-ერთ გაზეთში გამაკრიტიკეს, მაგრამ მერე რა მოხდა? - გამაკრიტიკონ!
- ისე, იმ ცხრა წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში იყვნენ, ნაციონალების პოლიტიკას იზიარებდით?
- სიმართლე გითხრა, დამოუკიდებლად ვიყავით და მიტმასნილნი არავისთან ვყოფილვართ.
- გავიგე, რომ თქვენი პარტია დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით - ის, რასაც ნაცმოძრაობა აკეთებდა, მოგწონდათ?
- ძნელი სათქმელია... მაინცდამაინც არც ამათ ვეთანხმებოდი და არც - ოპოზიციას.
- ჩვენში დარჩეს და, სამართლიანობისთვის აღვნიშნავ: გიგი წერეთელი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელზეც კომპრომატები არ არსებობს...
- ნამდვილად ასეა...
- ეს თქვენი დამსახურებაა თუ თვითონ გიგია წესიერი პიროვნება?
- ჩემი დამსახურებაცაა და გიგისიც. სხვათა შორის, 82 წლის ისე გავხდი, რომ არავის გაუკრიტიკებივარ...
- ერთ „საიდუმლოს“ გაგიმხელთ, ბატონო ნუგზარ: თქვენი პოეზია მომწონს!
- დიდი მადლობა... ჰოდა, გიგი ძალიან სუფთა, კაცთმოყვარე და უღალატო ბიჭია.
- ვაიმე, მიშასთვის არ უღალატია?
- ეს ღალატი არაა! ვანო, ამ ხნის კაცი ვარ და არ მახსოვს, ხალხს მთავრობა არ გაეკრიტიკებინა. სააკაშვილი ხელისუფლებაში კარგა ხანს იყო, ალბათ, რაღაც ბზარები გაჩნდა, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენგან არ დაწყებულა. ჩემი აზრით, უკმაყოფილება არჩევნების ანუ მას მერე წარმოიშვა, რაც მიშამ გამოაცხადა, პარლამენტში არ შეხვიდეთო, ესე იგი, 27 ადამიანს, პრაქტიკულად, მშიერს ტოვებდა. მაგალითად, ჩემი შვილი არსად მუშაობს და სხვა შემოსავალი არ აქვს, არც ქურდია და არც - საქმოსანი.
- კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკოსისთვის მთავარი ხომ იდეა უნდა იყოს და არა - ხელფასი?
- უხელფასოდ მუშაობა ძალიან ძნელია. გიგის წილები არ აქვს და არც ჰქონია...
- სხვათა შორის, გიგი წერეთლის პოლიტიკაში მოყვანა აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას უკავშირდება. ბატონო ნუგზარ, ჟვანიას გარდაცვალების მერე, მისი გუნდის ნაწილი, მათ შორის, თქვენი ვაჟიც ნაციონალებთან დაპორტირდა. არადა, ხმა დადის, პრემიერი ნაცებმა მოკლესო. ჰოდა, გიგის არც გარდაცვლილი მეგობრისთვის უღალატია?
- ეს ღალატი კი არა, უკეთესი ვარიანტის ძებნაა ანუ ჟვანია აღარ იყო, ხელმძღვანელი სჭირდებოდათ და იქით გადავიდნენ. საერთოდ, ან ბურჯანაძესთან უნდა წასულიყვნენ, ან სააკაშვილთან, მაგრამ იმ მომენტში, სააკაშვილი ამჯობინეს...
- რა ამის პასუხია და, როგორ ფიქრობთ: საქართველოს სიკეთეს დასავლეთი უფრო მოუტანს თუ რუსეთი?
- ეს იმდენჯერ დამტკიცდა, რომ ჩემს აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს! ის, რაც რუსეთმა გაგვიკეთა, ხელისგულზე დევს - 200 წელია, სულ ჩვენს გათელვაშია და მასთან ლაპარაკი არ გამოდის. მაგალითად, რომ ვთქვათ, ევრაზიული კავშირის წევრები გავხდებით და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნეო, რუსეთი მაინც არ დაგვიბრუნებს. ამ დაკანონებული ღალატის შემდეგ, რუსეთის ქვეშევრდომობა არ შეიძლება. ამიტომ, ევროპა ჯობია!
- რა ვიცი, ზოგი ამბობს, ევროპა გვრყვნის და ქართველობას გვართმევსო...
- ასე არ არის! ისე, საბჭოთა კავშირის დროს ბევრი ქართველი რუსობდა. მე კი რუსული წესიერად არც ვიცი და სულ ვგრძნობდი, რომ რუსეთი გვჩაგრავდა. ვანო, ხომ გითხარი, საავტორო სააგენტოს უფროსი ვიყავი-მეთქი და ხუთი მანეთი რომ დამეხარჯა, ნებართვა მოსკოვისთვის უნდა მეთხოვა, არადა, ამ მიწერ-მოწერაში უფრო ბევრს ვხარჯავდი. მოკლედ, უფლებები არ გვქონდა. მაგალითად, საზღვარგარეთ ლიტერატურისა და ხელოვნების გატანა ჩვენი მოვალეობა იყო, მაგრამ პატარა რუსი ჩინოვნიკებიც კი კვანტს გვიდებდნენ...
- ...მიხეილ სააკაშვილს იცნობთ?
- სულ ორჯერ მყავს ნანახი და იმასაც გეტყვი, როდის გავიცანი: იუსტიციის მინისტრი რომ იყო, პატიმრებისთვის წიგნების შეგროვება დაიწყო. ეს იდეა მომეწონა, „ცოდნაში“ 1200 წიგნი შევაგროვე და იუსტიციის სამინისტროში მივიტანე, მიშამ მადლობა გადამიხადა და ჩვენი პირისპირ შეხვედრა სულ ეს იყო. არც ორდენი მოუცია და არც - არაფერი. საერთოდ, სულ ერთი ორდენი მაქვს მიღებული - შევარდნაძემ ღირსების ორდენი მომცა...
- ბატონო ნუგზარ, ისევ ნაცმოძრაობაზე უნდა გკითხოთ, ოღონდ არა როგორც პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს, არამედ, როგორც - რიგით მოქალაქეს: თქვენი აზრით, „ყოფილებში“, რეალურად, რა მოხდა?
- მიშა, ნებით თუ ძალით, უკრაინაში ზის და პარტიის შკყპე-ით მართვა ცოტა ძნელია! ჩემი აზრით, ჯობდა, მიშას ეთქვა, კი ბატონო, ახალი თავმჯდომარე აირჩიეთო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს თავმჯდომარე ბაქრაძე იქნებოდა თუ სხვა ვინმე, მაგრამ პარტია თავმჯდომარემ უნდა მართოს...
- ნაცებისგან წამოსულებს თქვენს პარტიას უპრობლემოდ დაუთმობთ?
- იმის გამო, რომ ბლოკში მაგათთან ვიყავი, დავუთმობ!
- პარტიის თავმჯდომარეობაზეც უარს იტყვით?
- რა თქმა უნდა. პარტია რომ შეიქმნა, 60 წლის ვიყავი, წელს 83-ის უნდა გავხდე და რაღა დროს ჩემი თავმჯდომარეობაა?! აქამდე რაღაცას კიდევ ვწვალობდი და ვჯახირობდი, მაგრამ ახლა, ამ პარტიაში ჩემი ფუნქცია მაინცდამაინც დიდი აღარ იქნება.
- შემცვლელად ვინ გესახებათ, გიგი უგულავა?
- არ ვიცი... თავის დროზე შემცვლელად ბაქრაძე მიმაჩნდა - შედარებით წესიერი კაცია, კარგად ლაპარაკობს, სახელიც არ აქვს გატეხილი...
- აგვისტოს ომის დროს სწორედ ბაქრაძემ მოგვიწოდა, თავი ჯაყვებით დაიცავითო და სახელის ამაზე მეტად გატეხვა რაღა უნდა იყოს?
- ეს სახელის გატეხვა არაა. ბაქრაძეზე არ გამიგია, ფული აიღო და კორუფციაშია გასვრილიო. როცა ადამიანი აზროვნებს და იდეებიც აქვს, შეიძლება, პარტიის თავმჯდომარეც იყოს.
- გიგი უგულავა, გიგა ბოკერია ან თამარ ჩერგოლეიშვილი თქვენი პარტიის წევრები უკვე გახდნენ?
- არა. ისე, ჩემი ძირითადი საქმე არც პარტიაა და არც - „ცოდნა“.
- აბა, რა არის?
- რა და, მწერლობა. ვანო, ჩემზე კარგად იცი, თუ არ იმუშავე, ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერ. ჰოდა, ხნიერი კი ვარ, მაგრამ ყოველ საღამოს ხუთი საათი მაინც ვმუშაობ. ამ საქმეს 6 წლის ასაკიდან ვემსახურები.
- ანუ, პირველი ლექსი ექვსი წლისამ დაწერეთ, ნუგზარ ბატონო?
- წერა-კითხვა ჯერ წესიერად არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერი, რასაც მიკითხავდნენ, ზეპირად ვიცოდი. სხვათა შორის, ძილის წინ, მამაჩემი ყოველთვის გვკითხავდა - საწყალი, პოეტი იყო, ხუთი წიგნი აქვს გამოცემული, თან სიკვდილის მერე. ისე, 15 წელი ციხეში იჯდა.
- რატომ?
- პოლიტიკურზე - ბოლშევიკებს ებრძოდა. მე კი პარტიაში შევედი.
- ბოლშევიკებთან მებრძოლის შვილი კომპარტიაში როგორ მიგიღეს?
- ჩემო ვანო, მაშინ ერთი პარტია იყო და თუ პარტიაში არ შეხვიდოდი, მშიერი იქნებოდი. ყველა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერ იქნებოდა. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ საქართველო თავისუფალი იქნებოდა!
- ...აკაკი წერეთელს ენათესავებით?
- კი, შორეული ნათესავები ვართ. ბაბუაჩემის მამა კი გიორგი წერეთლის ბიძაშვილი იყო... თავიდან მამაჩემს დახვრეტა მიუსაჯეს.
- 37-ში?
- არა, 37-ში გამოუშვეს და მეთვალყურეობის ქვეშ იყო. 1941 წელს კი, როგორც ომი სუნი დატრიალდა, ისევ დაიჭირეს. მენშევიკი კაკი წერეთელი მამაჩემის გარე ბიძაშვილის შვილი იყო, მაგრამ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. საერთოდ, მამაჩემი ყველასთან ნათესაობდა. ჰოდა, კაკი წერეთლის სამი წერილი უპოვეს, თან საჩივრებიც იყო მის წინააღმდეგ შეტანილი - არალეგალურ კრებებს მართავს და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ხალხს რაზმავსო. მამა „საქწიგნის“ მმართველი იყო, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და ბოლოს, მავნებლურ-კონტრევოლუციური ლიტერატურის შენახვა-პროპაგანდისთვის გაასამართლეს. ბრალდებად კი ის დაუდეს, რომ ერთხელ, მთვრალს, სტალინზე უთქვამს, ქვის გული აქვსო. ჰოდა, მერე დახვრეტის მუხლი ათწლიანი ციხითა და თბილისიდან ხუთი წლით გასახლებით შეუცვალეს.
- სად გადაასახლეს?
- ცხინვალში...
- სტალინზე გამახსენდა: გორელი სოსო და მიშა ერთ დღეს არიან დაბადებულნი. გვინდა თუ არა, ფაქტია: სააკაშვილიც ლიდერია...
- კი, ქარიზმატულია.
- ჰოდა, სტალინისა არ იყოს, მიშასაც ქვის გული აქვს?
- ჩემი აზრით, სტალინის გრანიტის გული ჰქონდა, მიშას კი ქვის გული აქვს!
- ნაციონალების დაშლას გიგა ბოკერიას უკავშირებენ. გიგას იცნობთ?
- არა.
- მისი იდეები მოგწონთ?
- ვგრძნობ, რომ ძალიან განვითარებული კაცია.
- ბატონო ნუგზარ, იმასაც ამბობენ, მათ, ვინც ნაციონალებს გაემიჯნა, ივანიშვილისგან ფული აიღესო.
- არ მგონია, ასე იყოს. ჩემმა შვილმაც მითხრა, არავითარი გარიგება, ყველაფერი ზღაპარიაო. სხვათა შორის, ბიძინა ძალიან მაგარი და ჭკვიანი კაცია - ტყვიების გრიალში 5 თუ 8 მილიარდი იშოვა, თან რუსებს წაართვა, რუსებს და, ესე იგი, მაგარი კაცია! იმ დროს, როცა ბიძინა რუსეთში მოღვაწეობდა, ყოველ დღე ვიღაცას კლავდნენ, მათ შორის, ჩემი ამხანაგი, გოგი თოფაძის ბიძაშვილი, თამაზ თოფაძეც მოკლეს, რომელიც ბრწყინვალე ბიზნესმენი იყო. ივანიშვილმა კი ყველაფერს გაუძლო!
- ...„ოცნება“ მოგწონთ?
- დაპირებები უხვად და მოუზომავად გასცა, მაგრამ ძალიან ბევრი შეეშალა. ისეთი ბრწყინვალე ქალბატონები, როგორებიც ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე არიან, ამბობდნენ, ხუთი მილიონი, 20 მილიონიო და ხალხი გაგიჟდა, ფიქრობდა, გვეშველაო, მაგრამ კაპიკი არავის მიუღია.
- სამაგიეროდ, თავისუფლად ვსუნთქავთ - ქუჩაში აღარვის კლავენ, პატიმრებსაც აღარ აუპატიურებენ...
- ცხოვრება, მართლაც, შემსუბუქებულია - თავისუფლება გვაქვს.
- ესე იგი, იმ ყბადაღებულ 9 წელში თავისუფლება არ გვქონდა?
- ნაკლები...
- ...ბატონო ნუგზარ, ბედნიერი ხართ?
- დიახ, ბედნიერი ვარ: ჩემი ცხოვრება თითქმის გავლიე, რამდენიღა დამრჩენია? - 10-15 წელი, მაგრამ კაცურად ვიცხოვრე - არავისთვის მიღალატია და მიმუხთლია, სულ სხვის დახმარებას ვცდილობდი. შვილები, შვილიშვილები მყავს, ჩემი საქმე მაქვს - 83 წლის კაცი კიდევ ვმუშაობ, ბევრი ცნობილი ძმაკაცი მყავს...
- სააკაშვილს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავთ?
- მაინც, პრეზიდენტი იყო და მოვიკითხავ, როგორ ბრძანდებით-მეთქი. თუ ისიც მკითხავს, თქვენ როგორ ხართო, ვუპასუხებ, ვუძლებ-მეთქი. საერთოდ, ცხოვრება გაძლებაზეა.
- ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა?
- ბევრ რამეში, ალბათ, არის. ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხისტი პოლიტიკა ჰქონდა...
- მაშასადამე, ბატონო ნუგზარ, არ ფიქრობთ, რომ თქვენ და თქვენი პარტია გიგა ბოკერიამ გამოგიყენათ?
- არა! გიგა ამ პარტიაში არც ჩარეულა!
- ევროპული საქართველო ისეთივე პოპულარული პარტია იქნება, როგორიც თავის დროზე ნაცმოძრაობა იყო?
- ნაცმოძრაობაზე ბევრად პოპულარული იქნება. ნაცმოძრაობამ თავი ამოწურა - ბევრი შეცდომა დაუშვა.
- ევროპული საქართველოს ყრილობა როდის უნდა ჩატარდეს?
- უახლოეს მომავალში.
- რა ამის პასუხია, ბატონო ნუგზარ და, ოდესმე პოლიტიკური პამფლეტი დაგიწერიათ?
- კი, დამიწერია. ერთხელ, ერთმა გაზეთმა ჩემი ისეთი ლექსები დაბეჭდა, ვინმეს ყურადღება რომ მიექცა, შეიძლება, დავეჭირე! საერთოდ, ყოველთვის სიმართლეს ვწერ...
წეღან დავიწყე და ვეღარ დავამთავრე: 6 წლის ვიყავი, იგავი - „მებაღე და ვირი'' რომ წავიკითხე:
მებაღე ბოსელში შეიპარა და ვირი მოკლა. გული ამიჩუყდა და მთელი ღამე ამ იგავზე ვფიქრობდი. მეორე დღეს პირველი ლექსი დავწერე:
„- რა დაგიშავა, რომ მოჰკალ,
ეგ უბედური ვირიო?
- ამაზე მეტი რა გინდა,
კაცს მომაყენა ჭირიო -
შეპარულიყო ბოსტანში
ეჭამა ოხრახუშიო,
ჩახმახს ხელი გამოვკარი და
მოვარტყი შიგ ყურშიო.“
- ისე, ქართულ პოლიტიკაში ბევრი ვირია?
- (იღიმება) კი, ქართული პოლიტიკა ვირებითაა სავსე!
- ...ბატონო ნუგზარ, რამე გვეშველება?
- აუცილებლად გვეშველება!
- დიდმა აკაკიმ რომ თქვა, ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოო?
- ალაგ-ალაგ არის, მაგრამ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! მთავარია, მეტი სიყვარული იყოს, თორემ უსიყვარულოდ დავიღუპებით! ნელ-ნელა, მგონი, იქითკენ მივდივართ, რომ ქართველ კაცს ისევ ისე უყვარდეს, როგორც ადრე უყვარდა!
- წარმატებას გისურვებთ, ნუგზარ ბატონო!