როცა მთავრობა საკუთარ ხალხს კიტრად არ აგდებს

როცა მთავრობა საკუთარ ხალხს კიტრად არ აგდებს

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოს მთავრობამ ოღონდ ევროპელ ბობოლებს არ აწყენინოს და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება სულ არ ანაღვლებს. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაც აკრძალეს ბებერი კონტინენტიდან ბოსტნულის იმპორტი, საქართველო კი წამითაც არ უშინდება უცხო, მომაკვდინებელ ბაქტერიებს. ის კი არა, სეპარატისტებიც კი უფრო ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ქართველი ჩინოვნიკები.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან ბოსტნეულის შეტანა აკრძალეს. დროებითი აკრძალვა სეპარატისტთა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ დაადასტურა.

„აკრძალვამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა შემოტანილი ბოსტნეულისგან უნდა დაიცვას. ევროკავშირიდან ახალი ბოსტნეულის შეტანა რუსეთშიც აკრძალეს იმ დრომდე, ვიდრე ინფექციის წყარო არ დადგინდება“, - განაცახდა კოჩიევმა.

მან აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ძირითადად, რუსეთიდან, რუსეთში კი ევროკავშირიდან შედის, სადაც ნაწლავური ინფექციების ფაქტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროკავშირში წარმოებული ბოსტნეულის შეტანა ასევე აკრძალა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც.

ჩვენთან კი ურცხვად აცხადებენ, რომ ევროპიდან საქართველოში ბოსტნეული არ იმპორტირდება და ამდენად საქართველოს მოსახლეობას ნაწლავური ინფექციის საფრთხე არ ემუქრება.

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ნატა ავალიანის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქსელით ქართველ მედიკოსებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა ზომები უნდა იქნას გატარებული.

„ასეთი გაფრთხილება მკაცრი ზომების გატარებაზე ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არ მიგვიღია. საქართველოში ნაწლავური ინფექციის გავრცელების ალბათობა თითქმის ნულია“, - განაცხადა ავალიანმა.

არადა არც მთლად ასეა საქმე როგორც ავალიანი აგვირისტებს. საქართველოში ევროპოდან ბოსტნეული შემოდის, მართალია ბევრი არა, მაგრამ ნაწლავური ინფექციების გასავრცელებლად რომ იკმაროს, იმდენი ნამდვილად იმპორტირდება.

„საქსტატის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში ევროკავშირიდან თითქმის 600 ათასი დოლარის ბოსტნეული შემოვიდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეა ევროპაში ნაწლავური ეპიდემია მძვინვარებს. ეპიდემია ადამიანზე კიტრიდან და სხვა ბოსტნეულიდან გადადის. ნაწლავური ინფექცია დღემდე უცნობი ბაქტერიითაა გამოწვეული. ვირუსით ევროპის ათ ქვეყანაში 2000-მდე ადამიანია ინფიცირებული. მათგან 19 გარდაიცვალა.

რუსეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ევროპულ ბოსტნეულზე უარი თქვა. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ   ევროკავშირის ბოსტნეულის შემოტანა ყველა ქვეყნიდან აკრძალა.

„ამ აკრძალვას იმიტომ ვაწესებთ, რომ მთელი თვის განმავლობაში სიტუაცია უკონტროლო გახდა, ინფექციის წყარო ჯერ კიდევ არ დადგენილა, მდგომარეობა გართულდა და ამიტომ გავხდით იძულებულნი ამ უკიდურესი და არაპოპულარული ზომებისთვის მიგვემართა“, – აღნიშნა ონიშჩენკომ. რუსეთის მსგავსად, ესპანეთიდან ხილ-ბოსტნეულის შემოტანის კონტრაქტები ევროპის სხვა კომპანიებმაც გააუქმეს.

ევროკავშირიდან ბოსტნეულის შეტანაზე აკრძალვის დაწესება რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას გაურთულებს

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა,  ფერნანდო ვალენსუელმა რუსეთთან მსო-ში გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დროს, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ევროკავშირიდან ბოსტნეულის შემოტანაზე აკრძალვის დაწესება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წესებს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირმა  „როსპოტრებნადზორი“ უკვე არაერთხელ გააკრიტიკა და მის ზომებს „არაპროპორციული“ უწოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსი ჩინოვნიკები აკრძალვის გაუქმებას ჯერ არ აპირებენ. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის, გენადი ონიშჩენკოს თქმით, აკრძალვის გაუქმებისთვის ევროკავშირმა 4 პირობა უნდა შეასრულოს, კერძოდ: ევროპელმა ექიმებმა ეპიდემიის მიზეზი გაარკვიონ, დაადგინონ როგორ ვრცელდება დაავადება, საიდან გაჩნდა ის და ბოლოს: დაავადებულთა რაოდენობის ზრდა უნდა შეჩერდეს.

ამ დროს კი ჰამბურგის ჯანმრთელობის დაცვის საკითხების სენატორმა კორნელია პრიუფერ-შტორკსმა დაადასტურა, რომ ლაბორატორიული კვლევების შედეგებმა კიტრში არსებული და  დაინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში ნაპოვნი ბაქტერიების იდენტურობა არ უჩვენა. ასე რომ, „ნაწლავური ინფექცია“ კიტრს არ გამოუწვევია. გერმანიამ უკვე აღიარა, რომ დასკვნის გამოტანისას იჩქარა. ესპანეთი კი, მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალისთვის, კომპენსაციას ითხოვს

ინფექციის წყარო ექიმებმა ჯერ ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, პომიდვრის, კიტრისა და მწვანე სალათის ფოთლების უმად მიღებას მაინც მოერიდოს.

ესპანეთის ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი და ექსპორტიორი ფედერაციის მონაცემებით, ე.წ. „კიტრის კრიზისის“ წყალობით, ამ სექტორმა შესაძლოა დღიურად 200 მილიონი ევროს ზარალი განიცადოს. ესპანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, როსა აგილარმა განაცხადა, რომ  გერმანიის მიერ ესპანეთის სოფლის მეურნეობის რეპუტაციის შებღალვისა და და მისთვის მიყენებული უზარმაზარი ზარალის გამო, ქვეყანა აპირებს, ზომების მიღება  ევროკავშირსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას სთხოვოს.