[ნატო გოგელია, გურიიდან]
მე არ მჭირდება გზები, არც ხიდები, არც შადრევნები და არც ხმამაღალი განცხადებები. მე მინდა რომ ჩვენი შვილები მშვიდ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. იქ, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს არავინ ესვრის. იქ, სადაც ჟურნალისტების სიცოცხლე ღირებული იქნება და რაც უმთავრესია იქ, სადაც ქართველს ქართველობა არ ექნება დაკარგული.
არ ვიცი მეჩვენება თუ მართლაც ასეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სისხლიან 26 მაისს ადვილად გამოემშვიდობა საზოგადოება. არადა, სწორედ ახლა უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით ისე, როგორც არასდროს...
დღესაც მიჭირს იმ მოვლენების გახსენება, რომელიც რუსთაველზე მოხდა. სულ თვალწინ მიდგას ახალგაზრდა ბიჭი, ლურჯი პერანგით, შავი შარვლით და თეთრი ბოტასებით, რომელიც 2 სპეცრაზმელს გაკავებული ჰყავდა და სამი გამეტებით ურტყამდა... მისთვის ვერაფერი გავაკეთე. ვერც მოხუცი ქალბატონისთვის, რომელსაც სპეცრაზმელმა ჩანთა წაართვა და წიხლი ისე ჩასცხო, თითქოს ადამიანს კი არა, ძაღლს ურტყამდა. პრინციპში ადამიანები ძაღლებსაც არ ექცევიან ისე, როგორც სპეცრაზმელები მოექცნენ მომიტინგეებს.
„შვილი წამართვეს. ჩემს თვალწინ გაუსწორდნენ... 16 წლის ბიჭი წაიყვანეს, გვიშველეთ“, - დახმარებას ითხოვდა ქალბატონი.
ვერავინ უშველა. ყველას საკუთარი „მე“ ჰყავდა საშველი.
დასისხლიანებული, ნაცემი და შეურაცხყოფილი ადამიანები მიწაზე ხელ-ფეხ შეკრულები ეყარნენ და სპეცრაზმელები მათ სხეულებზე აბიჯებდნენ. აბიჯებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბორკილებ დადებული ადამიანები, “საზეიმო მარშით” ჩაატარეს რუსთაველის გამზირზე.
მერე იყო ბევრი სისხლი, ცრემლი და დაკარგულების ძიება. დღემდე არავის გაუცია პასუხი კითხვაზე თუ როგორ მოხვდნენ დაკავებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგად გამოქვეყნებულმა სიებმა, თითქოს დაკარგულთა ახლობლები დაამშვიდა, მაგრამ როგორც პრესაგე.ტვ-ისთვის გახდა ცნობილი, სიების გამოქვეყნების შემდეგ, ბევრ დაკავებულს ადგილსამყოფელი შეუცვალეს. ჩვენი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გურიაში მყოფი რამდენიმე დაკავებული სამი დღის წინ სხვაგან გადაიყვანეს. ოღონდ ეს „სხვა“ არ კონკრეტდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირების უმრავლესობა სასტიკად არის ნაცემი.
„ყველა მათგანი ნაცემია. სახეზე აღენიშნებათ დაზიანებები, უმრავლესობას თავზე და ხელზე. როგორც ისინი ამბობენ, ხელკეტებით სცემეს. უმეტესმა მათგანმა სპეცრაზმელებს წინააღმდეგობა არ გაუწია - ეუბნებოდნენ, დაეკავებინათ, მაგრამ მაინც სცემდნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ, ბევრს რეზინის ტყვიებიც აქვს მოხვედრილი. რამდენიმე მათგანის თქმით, ფარებმა, რომელიც ეკავათ, ტყვია გაატარა, ანუ ახლოდან ესროდნენ და არა შორიდან, როგორც ამას სახელისუფლებო სტრუქტურები ამტკიცებენ.
მოთხოვნილი მაქვს ყველა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირველადი დათვალიერების ოქმები, ყველა მათგანი დაკავებიდან მეორე დღესვე ვნახე და ვიცი, ვის რა სიმძიმის დაზიანება აქვს. ყველას აღენიშნება მთელ სხეულზე სილურჯეები. ამ ეტაპზე, ოზურგეთის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რაც შეეხება ჩოხატაურს, იქ ადმინისტრაციის ინიციატივით მოხდა ექიმის შეყვანა, ლანჩხუთში მე შევიყვანე, წინააღმდეგობა არ შეგვქმნია“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ადვოკატი, ჯაბა ზერეკიძე.
როგორც გვითხრეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირებთან აგენტებიც კი შეაგზავნეს. გვითხრეს ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შევარდნაძის დროინდელი, აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში დაოსტატებული ძველი კადრები გამოიძახა დაკავებულთა დასაკითხად.
გურიაში უკვე რამდენიმე დღეა აქციაზე მყოფ ადამიანებს კითხავენ. მათი თქმით პოლიცია შეფიცულებს ეძებს და მათგან იმ ადამიანების დასახელებას მოითხოვენ, რომლებიც თბილისში, აქციებზე იმყოფებოდნენ. დაჰკითხეს მიტინგებზე მყოფი პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერებიც.
ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ლელა ნაცვალაძეს სამართალდამცავები 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
„მეკითხებოდნენ, ვიცოდი თუ არა რუსეთის ხელისუფლებასა და „სახალხო კრების“ წევრებს შორის კავშირების შესახებ. მე ვუპასუხე, თუ ამას კავშირს დავარქმევთ, და მით უფრო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ერთხელ იყვნენ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი ომში დაღუპულ ქართველთა მემორიალის გახსნაზე რუსეთში. გასაკვირია, რატომ სვამენ ამ კითხვას მაშინ, როცა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტები უკვე რუსეთს მიჰყიდეს? ჩვენ ვართ რუსეთის რეზიდენტები თუ ისინი, ვინც ამ ეკონომიკურ ექსპანსიას შეუწყო ხელი?!
ძირითადად, შეფიცულების შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. ასევე ზედმიწევნით აინტერესებდათ, იგეგმებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. ამ თემების ირგვლივ 47 შეკითხვა დამისვეს, აღვნიშნავ, რომ იმ პირთა სახელობითი სია აინტერესებდათ, რომლებიც მონაწილეობდნენ მაისის აქციებში, როგორც ბათუმში, ისე თბილისში. გარდა ამისა, მკითხეს, თუ რა მოვალეობა ჰქონდათ „შეფიცულებს“, რა იარაღით იყვნენ აღჭურვილნი, ჰქონდათ თუ არა „მოლოტოვის კოქტეილები“ და რას წარმოადგენდნენ ე.წ. „შეფიცულები“. ასევე იყო ე.წ. ზოგადი საუბრები, ანუ სამართალდამცავები განიხილავდნენ 26 მაისს გამთენიისას საქართველოში მომხდარ მოვლენებს, რომელიც ეხებოდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას.
სახელისუფლებო არხების მეშვეობით მოსახლეობა მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. მიმაჩნია, რომ სამართალდამცავების მხრიდან ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური ზეწოლა ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებზე მათი დაშინებისა და სულიერად დაკნინების მისაღწევად. შეიძლება, ერთეულებმა ვერ გაუძლოს ამ ზეწოლას, მაგრამ უმრავლესობა ორმაგად დაუპირისპირდება რეჟიმს და ეს იქნება სწორედ ამ პოლიტიკური რეპრესიების პასუხი ქართველი საზოგადოებისგან“, - აღნიშნავს ნაცვალაძე.
გურიაში დაკითხვები ჯერ ისევ გრძელდება. თუმცა ბოლო ორი დღეა პოლიციამ მეთოდები შეცვალა და დაკითხვებს ღამის საათებში ატარებენ.
სადამდე გაგრძელდება ეს პროცესები არავინ იცის. ძალოვნები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ არსად ეჩქარებათ! სამართალდამცავები კითხვაზე - ვისი და რისი პატიმრები ჰყავთ იზოლატორში ხუმრობით გვპასუხობენ - შადრევნების! თუმცა არ აკონკრეტებენ არიან თუ არა შადრევნების პატიმრები თავად.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ამ ეტაპზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტის დროებითი მოთავსების იზოლატორში 26 მაისის მონაწილე 27 პირია დაკავებული.