დეპუტატები ბანკებს არაპროფილური მხრიდან უტევენ

დეპუტატები ბანკებს არაპროფილური მხრიდან უტევენ

უკვე 2 წელიწადზე მეტია ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობა ეკრძალებათ, მაგრამ ამ მხრივ ვითარება თითქმის არ შეცვლილა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არაპროფილური აქტივების საკითხი თითქოს დარეგულირებულია, თუმცა, პრაქტიკულად, ბანკებისგან ასეთი ტიპის ბიზნესების გამიჯვნა ვერაფრით მოხერხდა. სამშენებლო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის კომპანიის მფლობელები მუდმივად აპროტესტებენ არსებულ რეალობას.

დეპუტატ ილია წულაიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ბანკებისგან არაპროფილურ აქტივებს რეალურად გამიჯნავს, ბიზნესის უმრავლესობაც ეთანხმება.

„ბიზნესი იმის ნაცვლად, რომ ბანკში ხედავდეს პარტნიორს, ხედავს კონკურენტს. ამიტომ გვსურს, რომ მოხდეს ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა და მას კერძო ბიზნესთან პარტნიორობის პოზიცია ჰქონდეს“, - განაცხადა წულაიამ. ამ საკითხზე კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან მიმდინარეობს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც კერძო სექტორთან, ასევე მთავრობასთან. მისივე თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საკითხი უნდა დარეგულირდეს.

„ვიცი ბიზნესები, ვინც თავს იკავებენ ინვესტირებისგან, რადგან არ სურთ კონკრეტულ ბანკებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნავს წულაია „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას და დასძენს, რომ ბანკების ნაწილს არაპროფილური აქტივების ფლობა არაკონკურენტულ გარემოში აყენებთ.

ყველა მიესალმება ამ საკითხის მოგვარებას და მათი სურვილია, რომ აქტიურად ჩაერთონ მის გადაწყვეტაში. ბანკი უნდა გახდეს ბიზნესის ნეიტრალური პარტნიორი. ჩვენ პროცესი დაწყებული გვაქვს კონსულტაცებს გავდივართ სხვადასხვა მხარეებთან“, - ამბობს წულაია.

ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის წლებია საუბრობენ ეკონომისტები და ფინანსისტები. 2016 წლის დეკემბერში ამაზე განცხადება დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმაც გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს. ამიტომ გადასახედია ეროვნული ბანკის რეგულაციები.

„ის, რაც მომავალში გამოსასწორებელია, ესაა ეროვნული ბანკის რეგულაციები, რადგან პირდაპირი კონფლიქტია ბანკებსა და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის. ბანკები პირდაპირ შეიჭრნენ არაპროფილურ ბიზნესში. ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ანუ ბიზნესის განვითარებას, თუ არ დააზუსტეს შესაბამისი კანონები“, -განაცხადა ოქრიაშვილმა.

დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებსაც არაერთგზის განუცხადებიათ, რომ ბანკების მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიები კვლავ ამ ბანკებთან კავშირში განაგრძობენ საქმიანობას. მათი თქმით, სამშენებლო სექტორში ბანკების ჩართვა მათ არათანაბარ პირობებში აყენებს და ბაზარზეც არაკონკურენტულ გარემო იქმნება.

„ყველა ვგრძნობთ, რომ ბანკებს რეალურად არაპროფილური აქტივები გამიჯნული არ აქვთ. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მათ არაპროფილური აქტივების გამიჯვნა მოსთხოვა, ძალიან მალე გადააფორმეს ბანკებმა ქონება სხვა კომპანიებზე. ასეთ მოკლე ვადაში ინვესტორი მოძებნო, გამორიცხულია“, - აცხადებს სამშენებლო კომპანია „ათორის“ დამფუძნებელი ბესიკ თხელიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო, პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა.