სოიოს ყველი ნამდვილის სანაცვლოდ

სოიოს ყველი ნამდვილის სანაცვლოდ

რას ყიდიან ჩვენს დახლებზე - სოიოს ყველს თუ ნამდვილ ყველს?! ამის გარკვევა მყიდველისთვის ერთი შეხედვით ძალიან ძნელია. ქუჩაში ნაყიდ ყველს არ მოჰყვება შესაბამისობის სერთიფიკატი, ამიტომ გამყიდველის სანდომიან თვალებს და მის ფიცს უნდა ენდო, რომ სხვა გამყიდველებისგან განსხვავებით, მხოლოდ მას აქვს ნატურალური პროდუქცია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კილოგრამი ყველის მისაღებად ექვსი ლიტრი რძეა საჭირო, მაშინ გამოდის, რომ ქუჩაში ნაყიდი ყველი იაფი არ უნდა იყოს. რას ყიდიან ჩვენი მოვაჭრეები?! ამის შესახებ For.ge-ს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.

სოფლის ყველს ემულგატორები და სხვა დანამატები, წესით, არ უნდა ჰქონდეს, რადგან ოჯახურ პირობებში წარმოების შემდეგ მისი რეალიზაცია მალევე ხდება. თუმცა პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ სახლში ამოყვანილი ყველის შემთხვევაში, რძის ადუღება ნაკლებად ხდება, რაც ბოტულიზმის ალბათობას ზრდის. რამდენად სახიფათოა ქუჩაში ნაყიდი ყველი და რისგან ამზადებენ ამ მალფუჭებად პროდუქციას, სოიოსგან თუ ნატურალური რძისგან?

- ყველის დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, რძე არ უნდა ადუღდეს. თუკი რძე ადუღდება, ამ შემთხვევაში, ყველი რძიდან არ ამოვა. ერთდერთი დაშვებული შემთხვევაა, როცა პასტერიზებული რძიდან ხდება ყველის ამოყვანა, მაგრამ ოჯახის პირობებში პასტერიზაციის ჩატარება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ყურადღება ექცევა ხოლმე, კონკრეტულ რეგიონში ხომ არ არის გავრცელებული ცხოველის რომელიმე დაავადება, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლის ყველის წარმოებას და გამოყენებას. ეს პირველი ფაქტორია, რომელიც ყველის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ და, თუ არ არის ცხოველის დაავადება, მაშინ შესაძლებელია ყველის შეძენა. მეორე ფაქტორია, თავად ყველის მომზადების პროცესი. რაც შეიძლება სტერილურად უნდა მომზადდეს და ყველის დამზადების დროს დაბინძურება უნდა გამოირიცხოს. თუ დაბინძურება მოხდება, შემდგომში დისბაქტერიოზი და სხვა გართულებებია მოსალოდნელი.

რამდენადაც ცნობილია, ერთმანეთისგან განსხვავდება სულგუნისა და იმერული ყველის მომზადების წესები, რაც მათ სისუფთავეს განაპირობებს.

- შედარებით ცხელ წყალში ხდება სულგუნის ჩაყრა და მომზადება. ამიტომ, სისუფთავის თვალსაზრისით, სხვა ტიპის ყველთან შედარებით, სულგუნი უფრო სუფთად შეიძლება ჩაითვალოს. სულგუნის მომზადებისას დაახლოებით 60 გრადუსამდე ადის ტემპერატურა. მაშინ, როცა იმერული ყველის მომზადების პროცესში დაახლოებით 30-40 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოჯახის ყველის გამოყენება ავკრძალოთ. უბრალოდ, რეკომენდაცია უნდა გავუწიოთ, რაც შეიძლება, სუფთად შეგროვდეს რძე და შემდგომში უკვე ყველის მომზადების დროსაც სისუფთავე დაიცვან.

თანაც, ეს მალფუჭებადი პროდუქტი ღია დახლზე არ უნდა იყიდებოდეს, ბაქტერების გარემოცვაში.

- რა თქმა უნდა, დახლ-მაცივრებში უნდა იდოს. ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ზევით არ უნდა იყოს. პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება არ უნდა შეინიშნებოდეს ყველზე და მწერები არ უნდა ხვდებოდნენ. ეს მალფუჭებადი პროდუქტი ძირითადად შეფუთული სახით უნდა იყოს. ჯობს, შავ ცელოფნებში იყიდებოდეს.

ემულგატორები და სხვა დანამატები არ ექნება სულგუნსა და იმერულ ყველს?

- სოფლის ყველში ემულგატორები ნაკლებად სავარაუდოა. უფრო ქარხნის ყველშია მოსალოდნელი, რადგან ტექნოლოგია მასში უფრო დახვეწილია. ზოგჯერ ყველის მოსამზადებლად რძის ფხვნილს იყენებენ. გარდა ამისა, სპეციალური ხსნარებია, რომლებიც რძიდან უფრო მეტი ყველის ამოსვლას უწყობს ხელს. ეს ხსნარები, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გამოიყენონ.

რძის ფხვნილის გამოყენება ძირითადად ქარხნის ყველში ხდება?

- დიახ, ძირითადად ქარხნის ყველში, რადგან გლეხს ფხვნილების შეძენის საშუალება არ აქვს.

რაც შეეხება საეჭვო წარმომავლობის ყველს, ხშირად იყიდება სოიოს ყველი?

- სოიოსგან ამზადებენ ხოლმე ყველს და მას სამარხვო ყველსაც ეძახიან. მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან, ზოგადად, სოიოს ზეთის გამოყენება კარგი არ არის ორგანიზმისთვის, რადგან ღვიძლზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. თუ სოიოს ერთჯერადად გამოვიყენებთ რაღაც პროდუქტში, ეს დასაშვებია, მაგრამ სოიოს ზეთისგან მომზადებული პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ.

გარეგნული განსხვავება შეიმჩნევა სოიოს ყველსა და ნამდვილ ყველს შორის?

- განსხვავება მხოლოდ გემოშია. ვისაც ყველი უყვარს, ამას ნამდვილად შეატყობს, მაგრამ ხანდახან სპეკულირება ხდება, რომ მარხვის პერიოდში სოიოს ყველის გამოყენება თურმე მისაღებია. ფერში განსხვავება არ არის და მყიდველი ვერ მიხვდება, რომელია სოიოს ყველი.

ერთი კილოგრამი ყველისთვის საჭიროა ექვსი ლიტრი რძე. ამდენად, სოფლური წესით მომზადებული ყველი იაფი ვერ ეღირება. ჩვენს ბაზარზე გამოტანილი ყველი სოიოს ნაწარმია?

- ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს დახლებზე სოიოს ყველია გამოტანილი, რადგან ჩვენს რეგიონებში ჯერ კიდევ არის იმის საშუალება, ნატურალური რძე შეგროვდეს და იმისგან მიიღონ ყველი. თუმცა დახლებზე რა იყიდება და კონტროლი როგორ ხდება, თუ სიმართლე გინდათ, ამის შესახებ დღეისთვის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. სურსათის უვნებლობის სააგენტო, გარკვეულწილად, აკონტროლებს, მაგრამ მთელი საქართველოს მოცვა და ყველაფრის კონტროლი წარმოუდგენელია. ამიტომ გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულნი.

უცხოეთიდან შემოსული შვეიცარიული ყველიც ფალსიფიცირებულია?

- წესით და რიგით, ფალსიფიცირებული არ უნდა იყოს, მაგრამ ესეც შემომტანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ცხადია, აუცილებლად უნდა შემოწმდეს.

მოვაჭრე ყოველთვის შეეცდება, დაგვაჯეროს, თითქოს ყველი იმ რაიონიდანაა, სადაც ბოტულიზმი ან სხვა დაავადება არ ფიქსირდება.

- აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ სერთიფიკატი. ამიტომაც მოხდა ცხოველების ნუმერაცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამით ვარკვევდით, რომელ რეგიონში იყო ბოტულიზმი გავრცელებული. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომელი რეგიონიდანაა ყველი და როგორი ცხიმოვნობა გააჩნია. სოფლის წარმომადგენელი, რომელიც ხორცზე გასცემს სერთიფიკატს, ყველზეც უნდა გასცემდეს მსგავს საბუთს.