პირამიდული ბიზნესი საქართველოს სწრაფად მოედო და ნეგატიური შედეგიც სწრაფადვე დადგა. უკვე დაზარალებულია ასეულობით ადამიანი და რიგში კიდევ უფრო მეტია, რადგან მსგავსი კომპანიების გაკოტრებამ უკვე ტენდენციური სახე მიიღო. საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შემდეგ, მორიგი პირამიდული ორგანიზაცია ჩამოიშალა.
დაზარალებული მეანაბრეები გაჩერებას არ აპირებენ და ყველა მიმართულებით საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს მათი სამიზნე პარლამენტი იყო და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრასაც მიაღწიეს. დეპუტატებთან - მამუკა მდინარაძესთან და გედევან ფოფხაძესთან შეხვედრის შემდეგ მათ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეხვედრა მეანაბრეებთან იყო საკმაოდ საგნობრივი და მოხერხდა გარკვეული შედეგის მიღწევა. კერძოდ, გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი ამ მიმართულებით, რათა საბოლოო ჯამში გამოძიებამ თავისი სიტყვა თქვას.
„თითოეული ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი, მეანაბრეებს ჰქონდათ მყარი არგუმენტი, ბუნებრივია, ისინი დაზარალებულები არიან და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამნაშავის გამოვლენის მიზნით და მაქსიმალურად შეეცადოს ზარალის ანაზღაურებას. ჩვენ ავუხსნით მათ, რომ საპარლამენტო კონტროლი ამ მიმართულებით გაძლიერდება. მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში გამოძიება თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა მდინარაძემ.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა თინათინ შერვაშიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი და დეპუტატებისგან მიიღეს დაპირება, რომ ისინი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა საკითხი დაიძრას და პრობლემა გადაიჭრას. ამიტომ შიმშილობა შეწყდება, თუმცა საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„მჯერა, რომ შედეგი იქნება. აქციები კი მაინც გაგრძელდება, თუმცა შიმშილობას შევწყვეტთ და დაველოდებით შედეგს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, ამ შემთხვევაში ჩვენ კომისიის შექმნას არ ვითხოვთ, რადგანაც დროში გაწელილია. გვსურს, რომ დეპუტატებს ჰქონდეთ შეხება და მაქსიმალური კონტაქტი უწყებებთან. ვიმედოვნებთ, თუკი სურვილი იქნება, მოიძებნება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ თინათინ შერვაშიძემ.
სანამ პარლამენტში ერთი ორგანიზაციის დაზარალებულებს ხვდებოდნენ, ამასობაში საფინანსო ბაზრის კიდევ ერთ მოთამაშე გაკოტრდა - MFX broker georgia უკვე 2 თვეა მეანაბრეებს კუთვნილ თანხას აღარ უხდის.
„უკვე 2 თვეა პროცენტი არ მიგვიღია, თქვეს, რომ კომპანია გაკოტრდა და სხვა კომპანიამ შეიძინა, რაღაც საბუთები მოგვთხოვეს, დრო გაჰყავდათ“, - აღნიშნავენ დაზარალებულები.
„საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ აღარავინ შეიტანა თანხები, დაპანიკდა ხალხი და ჩამოიშალა პირამიდა“, - აცხადებს კომპანიის მიერ დაზარალებული მამუკა კაპანაძე და აღნიშნავს, რომ საბროკერო შენატანები 5000 დოლარიდან იწყება და 150 ათას დოლარს აღწევს. დაზარალებულთა რაოდენობა კი 300-ს აღემატება.
კაპანაძე ამბობს, რომ რეაგირებისთვის ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას უკვე მიმართეს, უახლოეს დღეებში კი, ადვოკატის აყვანას და კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებას გეგმავენ.
კომპანია MFX broker georgia საქართველოს თანხების მოზიდვას წლიური 35-45%-იანი სარგებლით მხოლოდ აშშ დოლარსა და ევროში ახდენდა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ფინანსური პირამიდა და იმისათვის, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ, აუცილებელია, ამ ბიზნესის კრიმინალიზება.
„ეს საქმიანობა უნდა გახდეს დასჯადი, სს კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და მსგავსი მოდელით საქმიანობა გახდეს დანაშაული. ამის შემდეგ შეეშინდებათ და ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ ასეთი კომპანიები სამომავლოდ აღარ ფუნქციონირებდნენ“, - განაცხადა კეპულაძემ.