"ეს უკვე არა მხოლოდ ტრამპის, არამედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციად უნდა ჩაითვალოს, რაც ჩვენმა მთავრობამაც კარგად უნდა გააანალიზოს, რადგან ჩვენთან მიმართებითაც ბევრი რამ შეიცვლება", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ტრამპის განცხადებას, სადაც მან ნატოს და ევროკავშირს მოძველებული ორგანიზაციები უწოდა, ერაყში ამერიკის ჯარების შეყვანა ყველაზე დიდ შეცდომად მოიხსენია და ბირთვული არსენალის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით, ნატოს ალტერნატიული გზა/"საქართველომ ამერიკასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა უნდა განიხილოს."
"აღნიშნულმა განცხადებამ საგონებელში არამარტო მსოფლიო ლიდერები, არამედ ანალიტიკოსებიც ჩააგდო, რომელთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა შეიცვლება, ნაწილი კი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთების საშუალება 100 - დღიანი დაკვირვების შემდეგ იქნება შესაძლებელი. "ერთი იყო, როცა ტრამპი, როგორც კანდიდატი, ისე საუბრობდა წინასაარჩევნო პერიოდში, ან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თუნდაც პირველი თვის განმავლობაში და მეორეა ტრამპი დღეს, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღით ადრე, როცა მან ფაქტობრივად დააკომპლექტა ახალი ადმინისტრაცია, გაიარა მათთან კონსულტაციები, ჰქონდა შეხვედრები სპეცსამსახურებთან, თავდაცვის სამინისტროსთან და ამ ყველაფრის შემდეგ აკეთებს განცხადებებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს უკვე შეგვიძლია ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკად აღვიქვათ", - ამბობს ამირან სალუქვაძე და ტრამპის განცხადების კონკრეტულ მესიჯებზე ამახვილებს ყურადღებას", - აღნიშნავს გამოცემა.
"ტრამპმა თავის განცხადებაში ნატოს და ევროკავშირს მოძველებული ორგანიზაციები უწოდა. მოძველებული ხომ არ ნიშნავს, რომ დასაშლელია? თუ ობიექტურად შევხედავთ, საჭიროებს განახლებას. განახლებაში გაფართოებაც შეიძლება ვიგულისხმოთ და რეორგანიზაცია-რეფორმირებაც. ორივე ორგანიზაცია საკმაოდ ბიუროკრატიულია და თუ საღი თვალით შეხედავენ, პრობლემებს დაინახავენ. დონალდ ტრამპი ალბათ ამ პრობლემებს დაანახებს, არ მოერიდება არავის. ამასთანავე, ვიცით, რომ აშშ-რუსეთის მოალაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ნატოს ღია კარის პოლიტიკა, მისი აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერება. რაზე მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებების მთლიან პაკეტზე, რა საკითხზე როგორ წავა დიალოგი, ვის რისი დათმობა მოუწევს და ა.შ. შესაძლოა რაღაცის სანაცვლოდ ტრამპი დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნას. შესაძლოა პირიქით, ჩიხში შევიდეს მოლაპარაკებების პროცესი და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო ვითარების მეტად გამწვავებას მივიღებთ. თან ყველა მიმართულებით: ევროპა, სირია, ირანი და ა.შ. ამას უახლოესი თვეები გვიჩვენებს, თუ როგორ წარიმართება პირველი შეხვედრები. ჩვენი ხელისუფლება ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. მათ შორის ალტერნატიული გზების ძებნით და ნატოს სანაცვლოდ, ამერიკასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაც უნდა განიხილოს. იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ თავის პარტნიორებს შუა გზაზე არ მიატოვებს", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ტრამპმა თავის განცხადებაში ბრექსიტი მოიწონა და დიდ ბრიტანეთს ინაუგურაციის შემდეგ ახალი სავაჭრო ხელშეკრულება დაჰპირდა, რათა ევროკავშირიდან გასვლა გაუიოლდეს", - წერს სტატიის ავტორი.
"როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ევროკავშირს და ევროპას ამერიკული ბაზრის და დოლარის კონკურენტად აღიქვამს და არა პარტნიორად. ტრამპს პირველ რიგში ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლება და დაპირებული სამუშაო ადგილების შექმნა აინტერესებს. ევროპას წინ დიდი გამოცდა ელის ამ პირობებში, მითუმეტეს რუსული პროპაგანდის გაძლიერების და ბევრ ქვეყანაში პრორუსული ძალების მოსვლის ფონზე. ტრამპი პირდაპირ პროგნოზირებს - ევროკავშირი დაიშლება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე, რომელიც ვარაუდობს, რომ ტრამპის პოლიტიკა ირანთან მიმართებითაც შეიცვლება. მისი აზრით, ამერიკის არასწორმა პოლიტიკამ - ჩამოეგდო ბაშარ ასადი, პუტინს მისცა შესაძლებლობა სირიაში ვითარება საკუთარ კონტროლზე აეყვანა. ამ ფრაზით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პოლიტიკა ირანთან მიმართებაში შეიცვლება, რაც რეგიონულ პოლიტიკაზე, ანუ ჩვენზეც აისახება. სირია-ერაყში კი გამორიცხული არაა ტრამპმა პუტინს ტერორიზმთან ერთობლივად ბრძოლა შესთავაზოს, რაც არაა იოლი ახლო აღმოსავლეთში ბევრი ქვეყნის ურთიერთსაპირისპირო ინტერესების გამო და რამდენად გამოუვათ, დრო გვიჩვენებს",- აღნიშნავს ამირან სალუქვაძე და ტრამპის განცხადების მთავარ ადრესატზე, რუსეთზე ამახვილებს ყურადღებას", - განაგრძობს გამოცემა.
"ტრამპი ამბობს, რომ მზადაა რუსეთთან დაიწყოს დიალოგი, თუ პუტინი შეძლებს კონფრონტაციაზე უარის თქმას. ტრამპმა ასევე გააჟღერა ბირთვული არსენალის შემცირების შესაძლებლობა. მან ალბათ ის იგულისხმა, რომ რუსეთი ამ საკითხში განაწყენებულია. კრემლის აზრით, არასამართლიანად მოხდა ბირთვული შეიარაღების შემცირება, ამერიკამ არ შეასრულა შეთანხმება, რის გამოც რუსეთი გამოვიდა მოლაპარაკებებიდან (ეს კრემლის პოზიციაა). ჩემი მოსაზრებით, პუტინი მხოლოდ ამ საკითხით არ დაკმაყოფილდება. თუმცა ტრამპმა რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სანქციებიც ახსენა. როგორც იცით, რუსეთი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას რიგ მოთხოვნებს დაუყენებს, ეს არის: სანქციების მოხსნა, ნატოს გაფართოების შეჩერება, რუსეთის გავლენის სფეროების აღიარება, ან ამ კუთხით მაქსიმუმის მიღწევა, ახლო აღმოსავლეთის პრობლემები და სხვა. ეს საკითხები მარტივი მოსაგვარებელი არაა და ჩქარ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. ძალიან ბევრ საკითხზე აშშ-ის ახალ პრეზიდენტს შიდა დაპირისპირებებიც ექნება. თუმცა, არაა გამორიცხული პირველივე შეხვედრის შემდეგ რუსეთისთვის სასიხარულო განცხადებები გაკეთდეს. მთავარი ისაა რა გრძელვადიანი მიზნები აქვს ტრამპს და საბოლოოდ პარტია ვის სასარგებლოდ დასრულდება", - ამბობს ამირან სალუქვაძე. მისი განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებითაც შეიცვლება", - განაგრძობს ავტორი.
"ჩვენთან მიმართებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, რადგან ყველა ის საკითხი, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე. შესაბამისად, ყველაფრის პროგნოზირება რთულია. ასეთ პროგნოზს ის გააკეთებს, ვინც სცენარებს თვითონ წერს. გრძელვადიან პერსპექტივაში შემიძლია ვივარაუდო, რომ რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული მეგობრობა-პარტნიორობა შეუძლებელია მათი განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე. არც რკინის ფარდის ჩამოფარება აწყობს არცერთ მხარეს, განსაკუთრებით რუსეთს, რადგან რუსეთი არაა საბჭოთა კავშირი და მას მსოფლიოსგან მოწყვეტილად ყოფნა არ შეუძლია. ჩვენთვის მთავარია არ აღვმოჩნდეთ ისეთ პოზიციაში, რომ ნატოს გაფართოების შეჩერების პირობებში არ დავრჩეთ მარტონი ჩრდილოელ მეზობელთან. მანამ, სანამ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესი გაგრძელდება, ნატოს გაფართოება არ მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ახალი კონფრონტაციის არიდება დიალოგის და სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, მაგრამ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ კონფლიქტების დარეგულირების საკითხი და რაც მთავარია, აქტიური თანამშრომლობა დავიწყოთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამისათვის ყველა იმ უწყების რესურსია გამოსაყენებელი, რომლებსაც ქვეყნის გარეთ საქმიანობა აკისრია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ძალიან დროულად კარგი ელჩი დავნიშნეთ ამერიკაში და მასზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. საქართველომ უნდა გააგრძელოს ის კურსი, რომელსაც აქამდე მივყვებოდით", - აცხადებს ამირან სალუქვაძე, რომლის თქმით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სამხედრო რეფორმებს და არმიის მზადყოფნის დონის მკვეთრ ამაღლებას", - დასძენს გამოცემა.
interpressnews.ge