„საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ დაბლოკავს“ – ამის შესახებ გავლენიანმა სააგენტომ „ტომსონ როიტერმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გვაუწყა. ამავე ინფორმაციით, სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტების მომზადება იმ მიზნით, რათა რუსეთს ორგანიზაციაში მიღების შესახებ ოფიციალურად ეცნობოს. „ტომსონ როიტერის“ მტკიცებით, ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს რომში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. ეს ინფორმაცია ქართული მხარის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა. სწორედ მიხეილ სააკაშვილის და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ამერიკა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში ჩარევას არ აპირებს და ამ კუთხით ზეწოლას არ მოახდენს.
საქართველო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ერთადერთი დაბრკოლებაა. შეგახსენებთ, რომ ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ჩაიშალა. მიზეზად შუამავალი შვეიცარიის მიერ დასახელებული ტექნიკური საკითხები სახელდება.
საკითხზე განმარტებისთვის პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს დავუკავშირდით:
– არ მგონია საქართველოს დამოკიდებულებისთვის, სააკაშვილის და ბაიდენის შეხვედრა გადამწყვეტი მნიშვნელობის ყოფილიყოს. ჩემი აზრით, ეს თემა თბილისსა და ვაშინგტონს შორის კულუარებში დიდი ხანია შეთანხმებულია. ორივე მხარე დაკვირვების პროცესშია. ისინი რუსული პოზიციის მკაფიო გაჟღერების მოლოდინში არიან.
თავად რუსეთიც ჯერ კიდევ შიდა გაუგებრობის დარეგულირების პროცესშია. იქაური საზოგადოებრივი აზრი, ვმო–ში გაწევრიანების მხარდასაჭერად მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული. გარკვეული პოლიტიკური ძალები ამის წინააღმეგ გამოდიან. მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვერცერთი კანდიდატი, ასეთი გაწევრიანების შემთხვევაში მხარდაჭერილი ვერ იქნება. რადგან, უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ნეგატიური პროცესები არის მახასიათებელი. პოზიტივი უფრო მოგვიანებით მოდის.
ვმო–ში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს კვლავ შეამციროს იმპორტული ბაჟი, გაანთავისუფლოს სავაჭრო პროცესი სახელმწიფო მონოპოლიური მხარდაჭერისგან და ზოგადაგ, რუსეთში მძვინვარე სახელმწიფო კაპიტალიზმს ზღვარი დაუდოს.
შესაბამისად, ქვეყანა უმუშევრობის ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდება. რუსული საქონლის არაკონკურენტუნარიანობის გამო, გარკვეული ფინანსური გართულებები სახეზე იქნება. აქედან გამომდინარე, რუსეთი ჯერ კიდევ ფიქრობს და ქართული ზღუდეები მისთვის ყველაზე პრინციპული არ არის.
კრემლში ქართული ხელისუფლების აზროვნების სქემასაც კარგად ფლობენ. იციან, რომ ომის წაგებისთანავე, საქართველო მზად იყო ენგურჰესთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან საიდუმლო მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
ასე რომ, არ გაუჭირდებათ, სანამ ბატონი ბენდუქიძე, ასეთი წარმატებული ხიდია რუსეთ–საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს საკითხიც შეიძლება ისე მოგვარდეს, რომ მოსახლეობამ ვერც ვერაფერი გაიგოს პირობაზე, რომელზეც თბილისი და მოსკოვი შეთანხმდებიან. აქ თვითონ სააკაშვილთან შეთანმხებას ვგულისხმობ.
მაშინ რა პერსპექტივა ელის ქართული მხარის მიერ გაჟღერებულ ბოლო მოთხოვნებს – საბაჟოების ლეგალიზაციას და ემბარგოს მოხსნას?
– საუბარია რაიმე სახის ღირსეული გამოსავლის მოძიებაზე, რომ ქართულ ხელისუფლებას საკუთარი პრინციპულობით ტრაბახის საშულება ჰქონდეს. თუმცა, საკითხავია როგორ აისახება ასეთი წარმატება იმ სახით, როგორც ეს რუსულმა მხარემ გააჟღერა. აქცენტია რუსეთის მზაობაზე, საზღვარზე გადაადგილებებთან დაკავშირებით კოსმოსიდან მიღებული ინფორმაცია მოგვაწოდოს.
ეს ცხადია დამაჯერებელი იქნება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტებისთვის. სინამდვილეში ეს ქვეყანა საქართველოს დასაბომბად საკუთარი თვითმფრინავების შემოსვლის ფაქტს მუდმივად უარყოფდა. ყოველთვის ამბობდა, გაურკვეველი წარმოშობის თვითმფრინავებია და აქეთ არაფერი შემოფრენილაო. მაშინ თუ აბრმავებდნენ თავიანთ კოსმოსურ თვალს, ახლაც სიამოვნებით დაიბრმავებენ, როდესაც რაიმე მსხვილი, კონტრაბანდული საქონლის პარტიის გატარებაზე ეცოდინებათ.
ამიტომ, ეჭვი მაქვს, რომ რუსეთთან გარიგების შემთხვევაში, მკაფიო და ყველასთვის გასაგებ სიყალბესთან გვექნება საქმე, ყოველგვარი სიყალბის რეალობად მოჩვენებაში, ნაციონალური მოძრაობის დიდი გამოცდილების მიუხედავად. თუმცა, ეს ბოლო სიყალბე ჩვენი პოლიტიკური ელიტის მიერ არასოდეს იქნება აღიარებული.