ექსპორტი მუდმივად იკლებს, იმპორტი ისევ პიკზეა

ექსპორტი მუდმივად იკლებს, იმპორტი ისევ პიკზეა

შარშანდელი წელი ექსპორტის ვარდნით დასრულდა, ხოლო იმპორტის მხრივ არაფერი შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო ისევ გაიზარდა. ასეთი ტენდენციის პირობებში სპეციალისტები 2017 წელს სასიკეთეოს არაფერს ელოდებიან.

2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2114 მლნ აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9871 მლნ აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7757 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მლნ აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ექსპორტის მხრივ. 2016 წლის მაჩვენებელი 2011 წლის დონესაც ვერ უტოლდება. ბოლო პერიოდში ექსპორტის პიკი 2013 წელს (2,910 მლრდ დოლარი) იყო, რის შემდეგაც ყოველწლიურად კლების ტენდენციაა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყანას წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დეკემბერში იმპორტის მკვეთრი მატება დააფიქსირა. რის გამო გაიზარდა იმპორტის მოცულობა, დეტალური მონაცემი 20 იანვარს გახდება ცნობილი, თუმცა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერნაია აცხადებს, რომ იმპორტის 4-წლიან მაქსიმუმზე დაფიქსირება აქციზე ფასების მატებამ გამოიწვია.

„ერთადერთი, რა ახსნაც იმპორტის ასეთ ზრდას შეიძლება ჰქონდეს, არის მთავრობის გადაწყვეტილება პროდუქტების ნაწილზე აქციზის ფასის ზრდასთან დაკავშირებით. საუბარი იყო, რომ სხვადასხვა პროდუქციაზე აქციზები გაიზრდებოდა, მათ შორის, საწვავზე, თამბაქოზე და ა.შ. ამიტომ იმპორტიორებმა მარაგები მაქსიმალურად გაზარდეს. თუ ამ პროდუქციების დეტალურ ანალიზს ვნახავთ, აშკარაა, რომ ამ პროდუქტებისთვის აქციზის ზრდაზეა საუბარი“, - აცხადებს ჯგერენაია.

ასეთი სავაჭრო ბალანსის ფონზე ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 2017 წელს მძიმე პერიოდად მიიჩნევს და ეკონომიკაში რამე ტიპის წარმატებას არ ელოდება. ასე გაგრძელდება, სანამ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი არ შემცირდება. ამის მისაღწევად კი აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება აუცილებელია.

„იმისათვის, რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა და სოციალური რისკიც იქნას დაზღვეული, ასეთი მოკლევადიანი გეგმა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთადერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, ეს არის უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაქსიმალურად შემცირება. ამის მისაღწევად კი საჭიროა აგრესიული ეკონომიკური რეფორმის გატარება, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ აპირებს. მეტსაც გეტყვით, იდეასაც არ ეთანხმება“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, უარყოფითი სალდოს დაბალანსება წარმოების ზრდითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით არის შესაძლებელი.

„ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის პროდუქციასაც კი, რაზედაც ქვეყნის შიგნით არის მოთხოვნა. კიდევ უფრო გვიჭირს, რომ ისედაც მცირე წარმოებული პროდუქტი ქვეყნის გარეთ გავიდეს. წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ ექსპორტის მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, იგებს ის, ვინც მოთხოვნას აკმაყოფილებს ქვეყნის შიგნით და აწარმოებს იმას, რაც ადგილზე უნდა გაიყიდოს. ექსპორტის კლების საპირისპიროდ, გაზრდილია იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბები, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა.

ჩვენი მოხმარების 80% იმპორტზე მოდის, ეს კატასტროფული მაჩვენებელია. იმპორტის ზრდის ტეპმი გაცილებით მაღალია, რაც იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და ვალუტის გადინებას ქვეყნიდან“, - აცხადებს სილაგაძე.