Sieg Heil – ამ ცნობილი ნაციონალ-სოციალისტური ლოზუნგის ავტორი მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსია. ამ ლოზუნგს ნაცისტები მასობრივი შეკრებების დროს სკანდირებდნენ. წამყვანი ყვიროდა სიტყვა Sieg-ს, ხმოვნის დაგრძელებით, მასა კი – Heil-ს. ეგზალტირებული ნაციონალ-სოციალისტებისთვის მას თითქმის მისტიკური დატვირთვა ჰქონდა, პროპაგანდის თვალსაზრისით იგი აბსოლუტური წარმატების ვერბალურ სიმბოლოს წარმოადგენდა. თარგმანში კი იგი ასე ჟღერს: დიდება გამარჯვებას!
26 მაისს საქართველოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთაველზე აღლუმის ჩატარებით ქართულ საზოგადოებას სწორედ Sieg Heil –ის სრულფასოვანი ალეგორია შესთავაზა. 26 მაისს ეგზალტირებულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მორიგი გამარჯვება იზეიმა და ეროვნულ დღესასწაულზე აბსოლუტურ გამარჯვებად გამოაცხადა საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებული სისხლიანი ძალადობა.
რა თქმა უნდა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელი ნაცისტური დიქტატურის მასშტაბები საკმაოდ შორსაა საქართველოს პროვინციული პოლიტიკური რეჟიმის თავგასულობისგან, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ისიც, რომ დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და ევროპის სივრცეში პოლიტიკური თავგასულობისთვის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობებია.
ამ შეზღუდვების მიუხედავად, თანამედროვე პოლიტიკური მოძალადეების ხელშია 21 საუკუნის პოლიტტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას აძლევს რეჟიმებს მასშტაბური და ყოვლისმომცველი ტერორის გარეშე მიიღოს მართვადი და დამორჩილებული საზოგადოების ეფექტი. ანუ, “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს უბრალოდ არ სჭირდება გესტაპოს მსგავსად ყოველ სოფელში სახრჩობელას აღმართვა, რადგან ხელთ უპყრია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ყოველ საღამოს შეუძლია ყოველ ოჯახს საინფორმაციო სეანსებით ჩაუნერგოს მორჩილება და უსუსურობის განცდა.
26 მაისის ძალადობა სწორედ ასეთი საინფორმაციო სეანსის არენა იყო, თვით საინფორმაციო სეანსი კი საპროტესტო განწყობილებების განეიტრალებას ისახავდა მიზნად. მაგრამ სხვა საკითხია, რა დაუპირისპირა ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლების პოლიტტექნოლოგიურ იარაღს და რამდენად ადეკვატური იყო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მოქმედებები.
ქართული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი საკმაოდ ადრე გაემიჯნა “სახალხო კრების” ინიციატივას მასობრივი გამოსვლების შესახებ. ეს, სულ ცოტა, ორ რამეს ნიშნავდა: პირველი - პოლიტიკური ჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი რეჟიმის დამხობის ერთადერთ ჭეშმარიტ გზად “სახალხო კრების” ინიციატივას არ აღიარებდა და მეორე – “სახალხო კრებას” საკუთარი ინიციატივა თავისივე რესურსებით უნდა განეხორციელებინა.
“სახალხო კრების” გამოცხადებული კამპანიის შემდეგ, ცხადია, მოსალოდნელი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შესაბამისი საინფორმაციო სეანსის მოსამზადებლად აუცილებლად გამოიყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აპრობირებულ მეთოდებს, მაგრამ, არავინ იცის, იქნებოდა თუ არა ეს საკმარისი პროტესტანტების სასტიკი ანგარიშსწორებისთვის, ხელისუფლებას ხელში რომ არ ჩავარდნოდა სანუკვარი საჩუქარი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებების სახით, რომელთა მიხედვითაც “სახალხო კრება”, ფაქტობრივად, პოლიტიკურ კეთროვნად ცხადდებოდა.
რა თქმა უნდა, არავინ იყო ვალდებული, გაეზიარებინა “სახალხო კრების” პოლიტიკური მიზნები, მაგრამ თავისუფალ საზოგადოებაში არსებობს სოლიდარობის სამოქალაქო ვალდებულება ნებისმიერი ჯგუფის კანონიერი უფლებებისადმი. ანუ “სახალხო კრების” გამოხატვის უფლება უნდა ყოფილიყო დაცული საზოგადოების სოლიდარობით მათი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “სახალხო კრების” წინააღმდეგ ამოქმედდა პროპაგანდისტული მანქანა; მას შემდეგ, რაც განხორციელდა ზონდერჯგუფების თავდასხმები. ამის ნაცვლად კრიტიკულ წუთებში “სახალხო კრებამ” საზოგადოებისგან მიიღო ძირითადად პოლიტიკური კრიტიკა და უმნიშვნელო სამოქალაქო სოლიდარობა.
პოლიტიკური მიუღებლობის მოტივით სხვათა სამოქალაქო უფლებებისადმი სოლიდარობის დეფიციტს მომავალში უთუოდ მოჰყვება თავისი უარყოფითი შედეგები. ხელისუფლებამ სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე მოახერხა სხვადასხვა დროს არაერთი პოლიტიკური ჯგუფის სამოქალაქო უფლების შელახვა. “ნაციონალური მოძრაობა” მოქმედებდა ერთი და იგივე გეგმით - ხელისუფლება პროპაგანდისტული მექანიზმებით ან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე მოპოვებული გავლენის წყალობით ახერხებდა არასასურველი წრეების მარგინალიზაციას და შემდეგ ხელყოფდა მათ სამოქალაქო უფლებებს. სწორედ ამ სქემებით დაარბიეს და დახურეს მედიასაშუალებები, ციხეებში გამოკეტეს ბიზნესის წარმომადგენლები, “გააუვნებელყვეს” პოლიტიკური ორგანიზაციები. სამოქალაქო სოლიდარობის დეფიციტის პირობებში იგივე ელის “ხარისხიან” თუ ნებისმიერი ხარისხის პოლიტიკურ ჯგუფს, თუ მათ წინააღმდეგ ამოქმედდა “ნაციონალური მოძრაობის” “პოლიტიკური მკვლელის” კანტორა. ის კი ყოველთვის ამოქმედდება, თუ ნაციონალური მოძრაობა იგრძნობს საფრთხეს და არ იქნება სამოქალაქო სოლიდარობა.
პოლიტიკური ჯგუფები კონტექსტის გაუთვალისწინებლად პოლიტიკურად მიუღებელ ჯგუფებზე განხორციელებული თავდასხმებით და მათი სირცხვილის ბოძზე გაკვრით, საკუთარი სირცხვილის ბოძს ამზადებენ. მოგვიანებით ყოველთვის შეიძლება ამომწურავი და დამაჯერებელი განცხადების გაკეთება თუ რა იგულისხმებოდა, მაგალითად, “ხარისხიან ქართველებში”, მაგრამ ფრაზა უკვე იქცა ერთ-ერთ ლურსმნად ათობით მოქალაქის სირცხვილის ბოძზე მისაჭედებლად. ყოველთვის შეგვიძლია ეს ლურსმანი ამოვაძროთ, მაგრამ სირცხვილის ბოძმა უკვე თავისი როლი შეასრულა.
ქართულ საზოგადოებაში მრავლადაა ქვედა დინებები, სადაც მოღვაწეობს ნომენკლატურული სულისკვეთების “ელიტურ-ინტელექტუალური” ბომონდი, რომელიც ზედმიწევნით ფორმალიზებული მიუკერძოებლობით ხშირად პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გასცემს “ნაციონალური მოძრაობის” მიზანში ამოღებულ ამა თუ იმ ჯგუფის ან პერსონათა პოლიტიკურ მოკვეთაზე.
მაისის კამპანიის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი ხელისუფლებას თავად “სახალხო კრებამ” უბოძა. სავარაუდოდ, “სახალხო კრებაშიც” სჯეროდათ, რომ “შეფიცულთა” რაზმი სპეცნაწილებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, “შეფიცულების” საშუალებით “სახალხო კრება” შეიძლება აქციაზე მიწვეულ საზოგადოებას უსაფრთხოების ვიზუალურ გარანტიას უქმნიდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მსუბუქ და კანონის ჩარჩოებში მოქცეულ შეიარაღებას სწორედ ვიზუალური უკუეფექტი აღმოაჩნდა სოლიდარობასთან ისედაც გამწყრალი საზოგადოებისთვის. მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფალ საზოგადოებას მშვიდობიან ეკიპირებაზე უკეთესი იარაღი ჯერ არ გამოუგონებია და უდავოდ უმჯობესია მშვიდობიანი დემონსტრანტების ეკიპირებაზე ძალოვანი ბიოგრაფიის და ცნობიერების პერსონები არ ზრუნავდნენ.
26 მაისის ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია “ნაციონალური მოძრაობის” გარემოცვაში დაბუდებული ერთგულების ფარსი, ან ერთგულების ინტელექტუალური მარაზმი - ადამიანები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ტექსტებს ტელეკამერების წინ ბეჯითი მესამეკლასელი მოწაფის დაუზარლობით და სუფთა წერის მანერით ასრულებენ.
ქართული საზოგადოების პრობლემაა ანტირუსული ისტერია. სწორედ ეს ისტერია იქცა უკვე მერამდენედ ჩვენივე ტრაგედიად. თუ მაისის ტრაგედიას ანტირუსული ისტერიისგან დამოუკიდებლად შევხედავთ, ალბათ, რთულია, გონივრული დადებითი პასუხი მოეძებნოს კითხვას, თუ როგორ შეეძლო “სახალხო კრებას” რუსთაველზე გამართული აქციით რუსული აგრესიის გამოწვევა. თუ რუსეთის ფედერაციამ დარჩენილი საქართველოს ოკუპაცია განიზრახა, ამისთვის, დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოში არსებული გამოხატვის თავისუფლების პრობლემები საბაბად ვერ გამოადგება. ამის გარდა, რუსეთის არმიას დახმარებაში უკვე გაწაფული ზოგირთი გუბერნატორიც ეგულება და ბოლოს, თუ სერიოზულად არსებობდა ჩვენი მზვერავების ინფორმაცია, რომ აგრესია მზადდებოდა, რა უნდოდა ამ დროს ქართულ არმიას რუსთაველზე?
ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოუძებნოს პასუხი კიდევ ერთ კითხვას: რატომ აღძრავს ეგზალტირებულ მოლოდინებს თითქმის მითოლოგიზირებული თემები? ქართული საზოგადოება აქტიური მომხმარებელი გახდა პოლიტიკური მითოლოგიის, რამაც ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 26 მაისის ტრაგედიაში. ეს იყო მითი ირაკლი ოქრუაშვილის თბილისში ჩამოსვლის შესახებ.
არავინ აპირებს იმის მტკიცებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მოისურვებდა რუსულ ტანკზე ამხედრებას, მაგრამ თუ ტანკზე ამხედრების მსურველის არსებობა საკმარისი პირობა იყო საქართველოს ოკუპაციისთვის, ტანკზე ამხედრების მსურველები ალბათ თავად რუსეთშიც მოიძებნებოდნენ. თუმცა, ეს სრულიად არასერიოზული საკითხია და კიდევ უფრო არასერიოზული იყო ირაკლი ოქრუაშვილის თბილისში ჩამოსვლის ვერსია არარუსული გზით. რა უნდა მოჰყოლოდა ოქრუაშვილის ჩამოსვლას, თუ მას ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებდნენ? იქნებ ქართული საზოგადოების როლის შესრულება უნდა ეკისრა ირაკლი ოქრუაშვილს? მთავარი ისაა, რომ სანამ ქართული საზოგადოება თავის როლს თვითონ არ შეასრულებს, არ ჩაცხრება უკვე აბობოქრებული Sieg Heil!