ჭადრის ხეებზე გამოხატული პროტესტი [video]

ჭადრის ხეებზე გამოხატული პროტესტი [video]

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
„დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონული ბიუროს წევრების მიერ შარშან, 6 თვის მანძილზე გამართული „საკნების“ საპროტესტო აქცია თავისი ხანგრძლივობითა და მნიშვნელობით უპრეცენდენტოდ შეფასდა. ალბათ, მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში პრეცენდენტი არც იმ პროტესტს აქვს, რომელიც ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ ამჯერად ხეზე შიმშილობით გამოხატა.

16 ივნისს, ზუგდიდის მთავარ ხეივანში, ბებერ ჭადრის ხეებს შორის მიქაიამ აბრეშუმის ჰამაკი გააბა, ხეზე ავიდა და ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადა. ამ, ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურ აქციას, მნიშვნელოვანი მიზანი ნამდვილად ჰქონდა-შეწყდეს ხელისუფლების მიერ უნიკალური ნარგავების გაჩეხვა და არ დაუშვან ბოტანიკური ბაღის რუს ინვესტორებზე გასხვისება.

„დაიცავი საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, ამ ვანდალური ქმედებების უკან, რომელიც ზუგდიდს ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს, რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და მასთან დაახლოებული პირი, ბესიკ ჭითანავა დგანან.

დავით სორდია: „ხელისუფლებამ ე.წ. სანიტარული კაფვა ქალაქის ტერიტორიაზე სრულიად უკანონოდ ჩაატარა. კაფვის შესაბამისი უფლებამოსილებით, უკანონო და უსამართლო ტენდერის საფუძველზე ამ საქმეში სრულიად არაკომპეტენტური, პროფესიით ლოტბარი, ვინმე ბესიკ ჭითანავა აღიჭურვა.

მან და მისმა ხისმჭრელებმა ზუგდიდში კედრის, მაგნოლიის, ჭადრისა და მუხის სრულიად ჯანმრთელი ნარგავები გაანადგურეს. უკანონოდ მოჭრილი ხეების გადამუშავების შედეგად მიღებული ხის პროდუქცია კი ჭითანავამ მთლიანად მიითვისა. ამ მასალის ნაწილი მოთავსებულია სოფელ ცაიშში, მის სააგარაკო ნაკვეთში, ნაწილი კი სრულიად უსასყიდლოდ ხმარდება ჭითანავას უზარმაზარი და ფეშენებელური სახლის მშენებლობას კომბინატის დასახლებაში“.

ეკოსისტემის განადგურებასა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ საფრთხეებზე პროგნოზირებს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი კახა ბასილაია: „ასეთმა უგუნურმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ზუგდიდის რეკრეაციულ ფუნქციას. სპეციალისტების განმარტებით ზუგდიდში ატმოსფერული ტემპერატურა 12 გრადუსით მოიმატებს, ვერ მოხდება ქალაქის საკმარისი განიავება მავნე გამონაბოლქვებისაგან, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს შეიძლება მიუახლოვდეს С0-2-ის რაოდენობა...“

კახა მიქაიას განცხადებით კი ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გასხვისებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გეგმავს.

კახა მიქაია: „მათი გეგმით თავდაპირველად მოხდება ბაღის მიზანმიმართული გავერანება, რათა შემდგომ რუსმა ინვესტორმა გაცილებით იაფად და მისთვის სარფიანად შეძლოს დადიანისეული ბაღის ხელში ჩაგდება. საპრივატიზაციო ტენდერში მონაწილე რუს ინვესტორს განზრახული აქვს ზუგდიდელებისთვის და აქ ჩამოსული სტუმრებისთვის დასვენება ფასიანი გახადოს. ეს ხდება იქ, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძემ ინგლისელები ჩამოიყვანა, ჯერ ბაღი გააშენა, შემდეგ კი დრენაჟი გააკეთა, ისეთივე დონის, რომელიც უემბლის ცნობილ სტადიონს აქვს.

კომუნისტებმა, ეს დრენაჟი, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი, ტრაქტორით გადახნეს. ახლა კი, თანამედროვე კომუნისტებმა, ნეობოლშევიკებმა და ნაცბოლშევიკებმა განიზრახეს იმ ძველი კომუნისტების საქმის გაგრძელება და ბულვარის განადგურება. ეს ხეები მარტო ხეები არ არის, აქ ჩვენი მამებისა და ბაბუების სული ბინადრობს. მე ამ აქციას ვუძღვნი იმ ძველ ზუგდიდელებს, რომლებმაც კომუნისტურ პერიოდშიც შეინარჩუნეს ზუგდიდელობა და პროტესტი. ვუძღვნი ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიების ხსოვნას, იმ კონსტანტინესი, რომელსაც ჭადრების ხეივანმა შთააგონა ის, რომ ზუგდიდი გოეთეს ვაიმარს შეადარა...“

საპროტესტო აქციას მხარდაჭერა ზუგდიდელების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა. ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ შეფასებებში კი კატეგორიული ტონი ისმოდა: „ვინც ამ ხეების გაჩეხვა დაგეგმა, მას თავი უნდა მოჩეხო. რაც გააკეთეს, სირცხვილია, მარტო ფულის კეთება უნდათ ამათ, მეტი არაფერი... ეს ფილტვებია ზუგდიდის და თუ სუნთქვის საშუალებას არ მისცემენ, ხალხი გამოვა აუცილებლად... აქ არის ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობა, უსუსურობა. მე თუ მკითხავთ, გამგებელი ქობალია უნდა გადადგეს და თქვენი ნომერ პირველი პოლიციელი თენგიზ გუნავაც, ისეთია ამბავია ზუგდიდში... ამიტომაც, როცა წესრიგი არ არის ქალაქში, ხეებს კი არა თავებს მოაჭრიან ადამიანებს...“

კახა მიქაიას იმ ღამეს მხარდაჭერა ხელისუფლებამაც „გამოუცხადა.“- კოკისპირულ წვიმაში, პოლიეთილენის საფარქვეშ ჰამაკში მწოლიარე მოშიმშილის გასამხნევებლად, გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ პირადი განკარგულებით „ენერგოპროჯორჯიას“ ბულვარი 3 საათით ჩააბნელებინა...

„დაიცავი საქართველოს“ განცხადებებს უსაფუძვლოდ აფასებს და ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით ქალაქში ატეხილ ხმაურს ჭორად აფასებს ბესიკ ჭითანავა. „ბულვარი და ბოტანიკური ბაღი გვაქვს ერთი ამ ქალაქში და როგორ უნდა გაიჩეხოს?! ჭორია ეს და მეტი არაფერი. რაც მოიჭრა, იგი მხოლოდ შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდა. სანიტარული სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა...“-აცხადებს ჭითანავა.

რა „ეტაპების“ გავლას აპირებს მომავალში ქალაქის პირველი „გამმწვანებელი“ ჭითანავა, „პრესა.გე“-სთვის უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია ის, რომ ბესიკ ჭითანავას მიერ ნახსენებ კომისიაში რამდენიმე კომპეტენტურმა პირმა ხეების „სანიტარულ“ ჭრაზე“ მიღებულ დადგენილებას ხელი არ მოაწერა. არც ის არის ჭორი, რომ ჭითანავას „იტალიური იმპორტით“ საოლქო პროკურორი, როლანდ ახალაია დაინტერესდა. ზუგდიდში იმასაც ამბობენ, რომ „იმპორტული“ ხეების საქმეს ქობალია-ჭითანავას ციხეში „ექსპორტი“ მალე მოყვებაო...