„დელარიზაცია მოხდება, თუ კურსი სტაბილური არ იქნება“

„დელარიზაცია მოხდება, თუ კურსი სტაბილური არ იქნება“

მთავრობის სტრატეგია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა, თუმცა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ფინანსისტებს ძალიან აეჭვებთ. დედოლარიზაციას და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ამაღლებას სტაბილური გაცვლითი კურსი სჭირდება. ამისგან კი საქართველო ძალიან შორსაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ხელოვნური უწოდა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც მთლიანად შეესაბამება ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციებს.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს. ეს ცხადიც არის. დღევანდელ დღეს ლარი არის გარკვეულ დონეზე დასტაბილურებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტრუმენტებით ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს. „გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაშიც დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს და ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. მთავრობას აქვს ინსტრუმენტები, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდინოს სტაბილიზაცია და ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერად. ჩვენი მთელი მომავალი რეფორმების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ეკონომიკა გავაძლიეროთ სწორი ინსტრუმენტებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება ტელეეთერით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას გასათვალისწინებელია როგორც საგარეო ასევე ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები.

„კურსის ფორმირებაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც, როგორც წესი, გაურკვევლობას ქმნის ეკონომიკურ საქმიანობაში. ასევე მოხდა ისეთი ფაქტებიც, რომლის პროგნოზს შარშან ვერ გავაკეთებდით. დოლარი ასეთი ძლიერი 14 წელია არ ყოფილა. ზოგადად, როცა ეროვნულ ვალუტაზე ვსაუბრობთ, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, უნდა შერბილდეს გადამეტებული მერყეობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ, რომ კურსი რამე ნიშნულზე შევაჩეროთ. „ეროვნული ბანკის, მიზანი არ არის კურსის მართვა, ჩვენი მიზანია, ინფლაციის მართვა. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია არის ზომიერი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება. ჩვენ უნდა შევარბილოთ ჭარბი მერყეობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ, რომ კურსი რამე ნიშნულზე შევაჩეროთ. სწორედ აქედან გამომდინარე იმოქმედა ეროვნულმა ბანკმა ბოლო დროს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ამგვარ დამოკიდებულებას სულაც არ ეთანხმება ანალიტიკოსი ნოდარ ჭიჭინაძე. მისი აზრით, მთავრობა და სებ-ი ებრძვის ნეგატიურ შედეგს და არა მიზეზსაც საიდანაც მომდინარეობს თავად შედეგი.

„მესმის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სწრაფი ზრდისთვის ლარის სტაბილურობაც მნიშვნელოვანია. ნდობის მოპოვება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალუტა არის სტაბილური. როდესაც დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში გვქონდა სტაბილური ვალუტა, დოლარიზაცია შემცირდა 85%-დან 60%-მდე, ანუ სტაბილურობას მოჰყვა ნდობის გამყარება. როდესაც დილას ერთი კურსია, შუადღეს მეორე და საღამოს მესამე, ასეთ პირობებში ნდობა ვერ იქნება ლარის მიმართ. ლარიზაცია კი არა დელარიზაცია მოხდება, თუ პრიორიტეტი კურსის სტაბილურობა არ იქნება. მთავრობა და ეროვნული ბანკი ებრძვის ყველა იმ ნეგატიურ შეედეგს, რამაც გამოიწვია ლარის გაუფასურებამ. მაგრამ არ ებრძვის მიზეზს, ესაა ცუდი“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.