"ახალ წელს სცენაზე შევხვდები"

პაატა ბურჭულაძეს დეკემბერი ძალზე გადატვირთული აქვს: ბარსელონის საოპერო თეატრ ლისეუში "ტრუბადურის" 19 სპექტაკლი და "სევილიელი დალაქი" ბერლინის დოიჩე-ოპერაში.

მსოფლიო  ბანი 2010 წელს სცენაზე შეხვდება, - ბერლინის დოიჩე-ოპერაში 31 დეკემბრის სპექტაკლზე რამდენიმე თვეა ყველა ბილეთი გაყიდულია. ოპერის ფანები ახალ წელს, შეიძლება ითქვას, თეატრში ხვდებიან, წარმოდგენა ღამის 11 საათზე დასრულდება და ახალი წლის დადგომამდე ერთი საათი დარჩება.

ჩვენთან კი ამ დროს უკვე ერთი საათის შემობრძანებული იქნება 2010 წელი. მართალია, ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ახალი წელი ხომ იმიტომ მოდის, რომ ძალა შეგვმატოს და ახლის, სასიკეთოს მოლოდინი გაგვიჩინოს...

აქვე გაგახსენებთ, რომ ქართველ ბანს 2010 წელს 55 წელი უსრულდება, ეს მისი საიუბილეო წელია. ამ თარიღის აღსანიშნავად მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში კონცერტები და სპექტაკლებია დაგეგმილი.

რით იყო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი 2009 წელი მსოფლიო ბანისათვისრა კვალი დატოვა მის ცხოვრებაში ამ წელმავკითხეთ ბატონ პაატას:

- ბედნიერი წელი იყო. შემოქმედებითი ცხოვრება 4 იანვარს დაიწყო ვერდის "ნაბუკოს" საკონცერტო შესრულებით. საქველმოქმედო  საღამო თბილისის ოპერის თეატრში ჩავატარეთ და კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მივუძღვენით. ამ დღეს რამდენიმე ოჯახს გადავეცით ბინის გასაღები. შემდეგ იყო 3 მარტი -  "იავნანას" დაბადების დღე, როცა "რუსთავი 2"-თან ერთად დიდი ტელემარათონი გავმართეთ და მოხდა ნამდვილი სასწაული, მაყურებელთა მხარდაჭერით (168000 ზარი შემოვიდა) 3 ოჯახის ნაცვლად 7 ოჯახისთვის შევიძინეთ ბინა.

2009 წელს მსოფლიოს საუკეთესო საოპერო სოლისტები: მიშელ კრაიდერი, ამბროჯიო მაესტრი, მარკო ბერტი, პიერო ჯულიაჩი და ბადრი მაისურაძე  მონაწილეობდნენ ფონდის საქველმოქმედო კონცერტებში. ქეთი მელუამ ორი საქველმოქმედო კონცერტი გამართა თბილისსა და ბათუმში. უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახები დავასახლეთ და, რაც მთავარია, შევძელით კიდევ 6 თვით გაგვეგრძელებინა აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვებისთვის ყოველთვიური დახმარება.

როცა ქველმოქმედებაზე გესაუბრებით, მინდა იცოდეთ, რომ სწორედ ამ საქმეს ვთვლი უმნიშვნელოვანესად ჩემს ცხოვრებაში... ვიხსენებ 6 სექტემბრის მოსკოვისა და 8 ნოემბრის მიუნხენის საქველმოქმედო გალა-კონცერტებს. მიხარია, რომ ამან ვიღაცას მაინც მოუტანა შვება, დახმარება...

მნიშვნელოვნად ვთვლი ლონდონის კოვენტ-გარდენის "ტურანდოტს", გუნოს "ფაუსტს" ისრაელის საოპერო თეატრში, პარიზის ბასტილიის ოპერის "სევილიელ დალაქს", რომლის  სოლისტები ჯერ კიდევ ოქტომბერში მზად იყვნენ, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და პარიზული პრემიერა გაემართათ, მაგრამ მიზეზთა გამო ეს საღამო არ შედგა და 2010 წლის 12 აპრილისთვის გადავიტანეთ.

სად და როგორ ხვდებით ახალ წელს?

- 31 დეკემბერს ბერლინის დოიჩე-ოპერაში "სევილიელ დალაქში" ვიმღერებ. საქართველოში თორმეტს რომ ჩამოჰკრავს, აქ ჯერ კიდევ შუა სპექტაკლი იქნება. ასე რომ, ჩემს ახალ წელს, ჩემი სამშობლოს ახალ წელს, სცენაზე შევხვდები. ეს წარმოდგენა დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ძალიან მინდოდა 31 დეკემბერს ბათუმში კონცერტში მონაწილეობა, მაგრამ ამ ღონისძიIების დეტალები გვიან დაზუსტდა. როცა მომიწვიეს, ორი კვირა იყო დარჩენილი და "სევილიელი დალაქის" გადადება შეუძლებელი აღმოჩნდა.

კიდევ იცით, რა არის მნიშვნელოვანი მომავალ წელს? მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპაში დავაარსეთ "იავნანას" შვილობილი ახალი საქველმოქმედო ფონდი "იავნანა-არტ" და თანამშრომლობა დავიწყეთ დიდ ევროპულ ფონდებთან, გერმანულ საქველმოქმედო ფონდთან და ესპანურ ფონდთან. ორივე კომპანია ბავშვთა პრობლემებზე მუშაობს. ჩვენ უკვე დავგეგმეთ ერთობლივი პროექტები ბარსელონასა და მიუნხენში. ახალი ფონდის დაარსება ხელს შეუწყობს "იავნანას" საქველმოქმედო პროექტებს. საოპერო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ქველმოქმედების გარდა, ისინი ეცნობიან ჩვენს ქვეყანას, კულტურას. ხომ მნიშვნელოვანია, მათი სახით მეგობრები და გულშემატკივრები რომ გვეყოლებიან? მარჩელო ალვარესი და პარიზის ბასტილიის თეატრის სოლისტები 2010 წელს ქართველი მსმენელისთვის პირველად იმღერებენ და ფონდი "იავნანა" საგანგებოდ ემზადება მათ დასახვედრად.

მინდა ჩემს საყვარელ ხალხს, ფონდ "იავნანას" ყველა მხარდამჭერს მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი, ვუსურვო სიკეთე და ბედნიერება, რაც მთავარია, დიდი რწმენა და იმედი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება და ყველა ოჯახი შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!