2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ყოველმა მესამე ადამიანმა ისარგებლა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, ეს პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი რეფორმირების აუცილებლობასაც აყენებს დღის წესრიგში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით, 13 000-ზე მეტმა პაციენტმა კი უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში.
„არ შეიძლება არ შევეხო იმ სფეროს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ - ეს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე და მეტად ხარისხზე ორიენტირებული.
„სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალი წლიდან მართლაც მნიშვნელოვნად იცვლება. კერძო დაზღვევის მფლობელი ადამიანები სახელმწიფო პროგრამიდან ამოვარდებიან, ხოლო არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან მთავრობა აღარ ითანამშრომლებს.
535 ათასი ადამიანი, რომელიც კერძო დაზღვევის პარალელურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობდა, სამომავლოდ იგივე მომსახურეობას ვეღარ მიიღებს. მათ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე მომსახურებაზე მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქის დაზღვევაზე სახელმწიფო აღარ იზრუნებს.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მეორე საკითხზე - ჯანდაცვის დაფინანსების მოქალაქეთა შემოსავლებზე „მიბმა“.
„ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში ამბობს: „ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე“ - აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძო სტრუქტურაში და ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს“, - განაცხადა ზოიძემ.
სახელმწიფო ითანამშრომლებს ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსთვის გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ სახელმწიფო თანხებს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ხარჯავს და არა სამედიცინო დაწესებულებების მეპატრონეების შემოსავლებისთვის.
კერძო მზღვეველები ასეთი ცვლილების შემდეგ, მომსახურების გაძვირებას პროგნოზირებენ. მათი გათვლებით, სამედიცინო პაკეტები დაახლოებით 25%-ით გაძვირდება.