„ლეიბორისტებს“ - ახალი სახე, ბაღათურიას ახალი პარტია

„ლეიბორისტებს“ - ახალი სახე, ბაღათურიას ახალი პარტია

„ლეიბორისტების ახალი სახე ჯონდი ბაღათურია „ედპ“-სა და „აღორძინების“ შემდეგ შალვა ნათელაშვილის გუნდში გადაბარგდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, საარჩევნო სიაში ის რომელ ადგილს დაიკავებს, მაგრამ, სავარაუდოდ, პირველ ათეულში მოხვდება. ბაღათურიას გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაპარტიელები აგრესიული ტონით უკეთებენ  კომენტარს.

ბაღათურია „ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში“ 1997 წლიდან 2001 წლამდე ირიცხებოდა. ამ ხნის განმავლობაში ის ირინა სარიშვილის გვერდით იდგა და პარტიაში საკმაოდ ცნობილ სახეს წარმოადგენდა. ბაღათურია თბილისის საკრებულოს წევრიც იყო და საკმაოდ აქტიურად უპირისპირდებოდა „მოქალაქეთა კავშირს“. უფრო კონკრეტულად კი - ჟვანია სააკაშვილის გუნდს. საკრებულოს არჩევნების მოახლოვებისთანავე ბაღათურია უკვე ურეიტინგო „ედპ“-ს ტოვებს. მას საკრებულოში მოსახვედრად მაღალრეიტინგიანი პარტია სჭირდება.

2002 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ ბაღათურია მოულოდნელად „აღორძინებასთან“ ერთად ჩნდება და აბაშიძის პარტიის საარჩევნო სიაში მე-3 ადგილზეა. მაგრამ თბილისის საკრებულოში ვერ ხვდება და „აღორძინების“ თბილისის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს. ამ პოსტზე ბაღათურიამ თითქმის 1 წელის განმავლობაში იმუშავა. მისი „აღორძინებიდან“ წასვლის მიზეზი პარტიაში არსებული უთანხმოება გახდა. ბაღათურია აცხადებს, რომ ის პარტიის წარმომადგენლებთან თბილისის ორგანიზაციის სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდა. კონფლიქტის მიზეზებზე არც „აღორძინების“ წარმომადგენლები საუბრობენ.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ის გააკეთოს, რაც მოესურვება. ბაღათურია იმდენად ცოტა ხანი იყო „აღორძინების“ წევრი, რომ, ჩემი აზრით, „ლეიბორისტებში“ ის „ედპ“-დან გადავიდა. ჩემთან მას კონფლიქტი არ ჰქონია და არ ჩავრეულვარ სხვასთან დაპირისპირებაში. სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა, ალბათ, ამ ადამიანს თავისი თვალთახედვა ჰქონდა და იმიტომ წავიდა,” - აღნიშნავს „აღორძინების“ წარმომადგენელი სანდრო ბრეგვაძე.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისთანავე ბაღათურია „ლეიბორისტებში“ გადადის. მან ერთ-ერთი მაღალრეიტინგული პარტია შეაჩია და თუ ის საარჩევნო სიის ათეულში მოხვდა და არჩევნებიც ნაკლებ გაყალბებით ჩატარდა, ბაღათურიას პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ამიერიდან უსამართლობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას „ლეიბორისტებთან“ ერთად იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი“ ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა.

რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ლეიბორიტები?

- პირდაპირ გიპასუხებთ. 4 თვის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი მარტო ვიბრძოდით უსამართლობის და კორუფციის წინააღმდეგ. ენერგო მაფიასთან, მათ კრიშებთან და უსამართლო სოციალური მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაოდ ძლიერი და ორგანიზებული ადამიანები დაგვიპირისპირდნენ, უფრო გონივრული და მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ჩვენი ამხელა ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ისეთ მძლავრ პოლიტიკურ მოძრაობასთან გავაგრძელოთ, როგორიც არის „ლეიბორისტული პარტია“. მით უმეტეს, ჩვენს შორის იდეოლოგიური  განსხვავებები არ არის არც ეროვნულ და არც სოციალურ საკითხებში და 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ღიად ვთანამშრომლობთ.

აღორძინების“ დატოვების მიზეზი რა იყო?

- „აღორძინებიდან“ არ წავსულვარ. მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ თანამდებობიდან გადავდექი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმატება გააზრებულ სტრატეგიას უნდა ეყრდნობოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ზოგოერთ წევრს შორის აზრთა სხვადასხვაობა და სერიოზული ბრძოლა იყო. მე აღვნიშნავდი, რომ ჩვენ არ გაგვაჩნდა სტრატეგია, ხოლო ზოგიერთს მიაჩნდა, რომ სტრატეგიის არქონა თავად იყო სტრატეგია. თუ პოლიტიკურ ძალას სტრატეგია არ გააჩნია, მაშინ მისი მუშაობა და წარმატება საეჭვო ხდება.

ამიტომ, ეს საკმაო მოტივაცია იყო - ან უნდა აგვერჩია გზა და კურსი, რომელიც არჩევნებში მიგვიყვანდა გამარჯვებამდე, ან უნდა გადავმდგარიყავი თანამდებობიდან. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ებღაუჭება თანამდებობას. ჩავედი ბათუმში და ასლან აბაშიძეს ვთხოვე, თანამდებობიდან გადადგომის უფლება მოეცა. ის მაშინ წინააღმდეგი წავიდა, მირჩია, დავრჩენილიყავი ისევ თანამდებობაზე. მაგრამ არსებულმა რეალობამ, გვაჩვენა, რომ შეუძლებელი იყო მუშაობის გაგრძელება.

კონკრეტულად ვინ იყო ის ადამიანებირომლებთანაც პრინციპებზე ვერ შეთანხმდით?

კონკრეტულად ერთ ან ორ ადამიანზე ლაპარაკი არ არის, არც პარტიის კურსზეა საუბარი, ეს კონკრეტულად თბილისის ორგანიზაციას ეხება. მე საკმაოდ საჭირო თანამდებობა მეკავა, თბილისის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ვიყავი, რომლის მუშაობასა და შედეგებზე იყო დამოკიდებული წარმატება არჩევნებში. შემეძლო ჩემი ოპონენტებივით შემენარჩუნებინა თანამდებობა და ვყოფილიყავი მშვიდად. მაგრამ მე უნდა ვიმუშაო, არ შემიძლია, დინებას მივყვე. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება. კიდევ ვიმეორებ, ეს ეხება თბილისის ორგანიზაციას და არა პარტიას.

პარტიას სერიოზული კაპიტალი გააჩნია მისი ლიდერის სახით და თუ  რაიონული ორგანიზაციები ამას გონივრულად გამოიყენებენ, სერიოზულ მიზნებს მიაღწევენ. თავად ასლან აბაშიძესთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას, მას დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პატრიოტია. მე ვაპირებდი „აღორძინებაში“ შესვლას, მაგრამ ვერ მოვასწარი.

რაც შეეხება „ლეიბორისტებს“, თუ არის განსაზღვრულისაარჩევნო სიაში რომელ ნომრად იქნებით წარმოდგენილი?

- ეს არც მე მაკადრეს და არც მე მიკადრია, რომ ვაჭრობა დამეწყო პოლიტიკურ თანამდებობაზე. თუმცა ყველა პოლიტიკური ორგანო იბრძვის, მოვიდეს ხელისუფლებაში და საკმაოდ მშვიდად ვარ პერსპექტივის თვალსაზრისით.

ბაღათურიას განცხადებას ყოფილი თანაპარტიელები აგრესიით ხვდებიან. მათი აზრით პარტიაში „მოსეირნე“ ბაღათურიამ „არამდგრადი პოლიტიკოსის“ იმიჯი შეიძინა. თუმცა, შალვა ნათელაშვილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. „ლეიბორისტების“ ლიდერი წინასაარჩევნოდ ახალი სახეების ძიებაშია.

„მე ჯონდი ბაღათურიას პარტიიდან პარტიაში სეირნობაზე ვილაპარაკო, ამას შეიძლება, რაიმე სხვა სარჩული გამოუძებნონ. სულ ერთია, ის სად იქნება, ბაღათურიას „ლეიბორისტული“ პარტიიდანაც გამოაგდებენ, როგორც „აღორძინებიდან“ და „ედპ“- დან“ - ამბობს ირინა სარიშვილი.

„ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ჯონდი ბაღათურია „ლეიბორისტულ პარტიას“. მე კი ნათელაშვილს ვაფრთხილებ, რომ ისეთი არამდგრადი პოლიტიკოსი, როგორც ჯონდი ბაღათურიაა, მას არაფერში გამოადგება. დიდ პატივს ვცემ შალვა ნათელაშვილს, როგორც ქვეყნის პატრიოტს და ვურჩევ მას, გაიხსენოს, რამდენი პარტია აქვს გამოცვლილი ამჯერად „ლეიბორისტებს“ მიკედლებულ ჯონდი ბაღათურიას“ - აღნიშნავს ცოტნე ბაკურაძე.