აქციზი ჯერ არ გაზრდილა და საქართველოში საწვავი ყოველ კვირას ძვირდება. რა მოხდება იანვრიდან ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს. ლარის კურსი და მსოფლიო ბაზრის ტენდენციაც ქართველ ავტომფლობელებს კარგს არაფერს უქადის.
ბენზინისა და დიზელის გაძვირების ტენდენცია შემოდგომიდანვე შეინიშნებოდა. საწვავის ფასმა საქართველოში საგრძნობლად მოიმატა. კერძოდ, 15 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 19 - 33 თეთრით გაძვირდა. შედარებით ნაკლები სხვაობაა მცირე აგს-ებზე, თუმცა 20-თეთრიანი სხვაობა იქაც ფიქსირდება.
ბოლო 2 თვეში „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი აღნიშნულ პერიოდში 19-33 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, ეკო-სუპერის მარკის ბენზინი დღეის მდგომარეობით, 2.19 ლარი ღირს, მაშინ როცა 15 ოქტომბრამდე 1.95 ლარი ღირდა; ეკოპრემიუმის ფასმა - 1.79 ლარიდან 2,04 ლარამდე, ევრო რეგულარის - 1.59 ლარიდან 1.84-მდე; ეკო ევრო რეგულარის საფასურმა კი 1.75 ლარიდან 1.94 ლარამდე მოიმატა. გაიზარდა ასევე დიზელის ფასიც. ეკო დიზელის ფასი 1.75 ლარიდან 2.00 ლარამდე გაძვირდა, 33 თეთრით მოიმატა დიზელ ენერჯის ფასმაც და თუ 15 ოქტომბრამდე 1.55 ლარი ღირდა, დღეის მდგომარეობით 1.88 ლარი ღირს.
20-25 თეთრით არის ფასები მომატებული „სოკარის“ სადგურებზეც. სუპერის მარკის ბენზინის ფასი დღეს 2.19 ლარია, მაშინ როცა 14 ოქტომბრის მდგომარეობით 1.95 ლარი ღირდა; პრემიუმის ღირებულება 25 თეთრით - 1.79 ლარიდან 2,04 ლარამდე არის გაზრდილი; ევრო-რეგულარის ფასი 1.64 ლარიდან 1.89 ლარამდე; რეგულარის ფასი კი 1.59-დან 1.84 ლარამდე გაიზარდა; მომატებულია ევრო დიზელის ფასიც, რომელიც დღეის მდგომარეობით 1.90 ლარი ღირს, მაშინ როცა 1.70 ღირდა; დიზელის ფასმა კი 1.52-დან 1.72 ლარამდე მოიმატა.
ორთვენახევრის განმავლობაში 25 თეთრით გააძვირა საწვავი „ლუკოილმაც“. სადაც, ევრო სუპერის ფასი 1.79 ლარიდან 2.04-მდე; პრემიუმ ავანგარდის ღირებულება 1.69 ლარიდან 1.94 ლარამდე გაიზარდა; ევრო რეგულარი დღეს 1.74 ღირს, მაშინ როცა 15 ოქტომბრამდე 1.49 ლარი ღირდა, ევრო დიზელი კი 1.54 ლარი ღირდა, ახლა კი 1.79 ღირს.
თუკი ეს ნავთობიმპორტიორების წინასწარი თადარიგი არ არის და აქციზის გაძვირების გარკვეული კომპონენტი უკვე არ ასახულა საწვავის ფასში, მაშინ გამოდის, რომ იანვრიდან ბენზინის ღირებულება 2 ლარს გადააჭარბებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ საწვავზე ნამდვილად იქნება 20-25 თეთრამდე ზრდა.
„საწვავის კომპონენტზე ნამდვილად გვექნება 20-25 თეთრამდე ზრდა, თუმცა ის არ აისახება ყველა პროდუქციაზე. როდესაც დავთვალეთ საწვავს რა წილი უჭირავს თითეული პროდუქტის ღირებულებაში, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ვნახეთ, რომ მას ძალიან მცირე წილი აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ფასების ზრდა პროდუქტებზე მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი ამბობენ, რომ ამ გადაწყეტილების შედეგების წინასწარგანჭვრეტა რთულია.
„ერთი მხრივ, სახელმწიფო ცდილობს ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა გეგმებში და პროგრამებში იქნება გაწერილი. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ლარის გაჯანსაღებას. მედლის მეორე მხარეს კი გვაქვს ის, რომ ეს გამოიწვევს საწვავზე ფასის მატებას, რაც მომხმარებელს დააზარალებს“, – განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ მოხმარებაზე ეს ცვლილება დიდ გავლენას არ მოახდენს.