..2011 წელი, 26 მაისი... ყველაფერი 0.10 საათზე დაიწყო და 15 წუთში, ანუ 0.25 საათზე დამთავრდა _ სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან «გაწმინდა». სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ «სახალხო კრების» მიერ ორგანიზებული არცთუ მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეთა უმეტესობა ხანშიშესული იყო. სწორედ ესაა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ნიშანი, რაც სისხლიან 26 მაისს სისხლიანი 7 ნოემბრისგან განასხვავებს, ანუ 2007 წლის ნოემბრის აქციები გაცილებით ხალხმრავალი და «ახალგაზრდული» იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ფაქტები მოწმობს, ხელისუფლება პროტესტანტებს ამჯერად უფრო მკაცრად, უფრო სწორად, სატისტურად გაუსწორდა. რატომ? ამ კითხვაზე სხვადასხვანაირი პასუხი არსებობს. ყველაზე გავრცელებული კი ასეთია _ ხელისუფლებამ ხალხს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ განსხვავებულ აზრს არ შეარჩენს... ისე, ალბათ, ისიც საგულისხმოა, რომ 26 მაისის დარბევა «დაანონსებული» იყო, ანუ 25 მაისს, ნაშუადღევს, ე.ი. მას შემდეგ, რაც «სახალხო კრების» ლიდერებმა მომიტინგეები «საზოგადოებრივი მაუწყებლიდან» დედაქალაქის ცენტრალური გამზირისკენ დაძრეს და პარლამენტის წინ დამოუკიდებლობის დღისთვის «აღმართული» სცენა დაიკავეს, პოლიტიკურ წრეებში ითქვა, რომ დარბევა გარდაუვალი იყო. ეს ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას თითქოს გამოწვევა გაუგზავნა და განაცხადა, თუ დასარბევად მოვა, კუნთმაგარი ბიჭები გვყავს და დავხვდებითო... მოკლედ, 26 მაისის უსასტიკეს დარბევაზე «ქართული სიტყვა» მოძრაობა «სოლიდარობის» ლიდერ ეკა ბესელიას ესაუბრა. სხვათა შორის, 25 მაისს, საღამოს, «მაესტროს» პირდაპირ ეთერში ბესელიამ განაცხადა, მიტინგის დარბევის შანსი არსებობს და სტუდიიდან პირდაპირ «რუსთაველზე» წავალ, რომ ხალხს დავეხმაროო...
ეკა, რით განსხვავდება ერთმანეთისგან 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენები? ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ 7 ნოემბერს დარბევას, პრინციპში, არავინ ელოდა. 26 მაისს კი დარბევა «დაანონსებული» იყო...
_ 26 მაისის დარბევა სისასტიკით და ძალადობით 7 ნოემბერს ძალიან ჰგავდა, თუმცა 26 მაისს უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვა, რომელიც შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ისიც ძალიან მაშინებს, რომ 50-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულია... ვანო, გეთანხმები, რომ დარბევის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ ასეთ სისასტიკეს ვერავინ წარმოიდგენდა. სააკაშვილსა და მის გარემოცვას, როგორც ჩანს, საკუთარი ხალხის სიძულვილი თანდათან ეზრდება და უფრო საშიში ხდება!
7 ნოემბრისგან განსხვავებით, 26 მაისს მომიტინგეები არა მარტო დააპატიმრეს, არამედ, გაიტაცეს, თუმცა ხელისუფლება გატაცებას ამ დრომდე უარყოფს... ეს რა ტენდენციაა?
_ დარბევისა და ძალადობის მეთოდები, მართლაც, გაუგონარი იყო _ გასასვლელი ყველა მხრიდან ჩაიკეტა, სპეცრაზმი უსწორდებოდა ყველას, ვინც კი ხელთ იგდო, გაიტაცეს დაკავებული ადამიანები და ზოგი სასაფლაოზე, ზოგი _ კუს ტბაზე დატოვეს. ახალი ტიპის ხელბორკილების დადების შემდეგ, ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ. სააკაშვილის გარემოცვას შურისძიებისა და დასჯის სურვილმა გონი დააკარგვინა!
ეკა, შენი აზრით, რატომ ფიგურირებს ე.წ. გატაცების საქმეებში მუხათგვერდის სასაფლაო?
_ საერთოდ, მუხათგვერდის სასაფლაო მძიმე ასოციაციას იწვევს _ ეს ადგილი ხელისუფლებისთვის დანაშაულის ჩადენის კომფორტულ სივრცედ იქცა და ამ მოჯადოებული წრიდან ვეღარ გამოდის. ადამიანების გატაცება და თავისუფლების აღკვეთა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სიცოცხლის ხელყოფა, _ ეს იმ დანაშაულთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბრძანების გამცემმა და შემსრულებელმა პირებმა ჩაიდინეს.
საპროტესტო გამოსვლების დაწყების დღიდან, «სახალხო კრების» ლობისტმა ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, ჩვენ გყვავს კუნთმაგარი ბიჭები და თუ სპეცრაზმი მოვა დასარბევად, საკადრის პასუხს გავცემთო. არადა, აქციაზე უმეტესად ასაკიანი ხალხი იყო, ანუ ბურჯანაძის ეს განცხადება ხომ არ იყო ერთგვარი გამოწვევა?
_ დიახ, აქციაზე ასაკოვანი ადამიანები იყვნენ... არ ვიცი, თუ რა ჯგუფები ჰყავდა «შეფიცულებს» მობილიზებული, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი გავეშებული სპეცრაზმელების პირისპირ დაუცველი დარჩა! გულს მიკლავს და მანადგურებს იმ კადრების ყურება, როცა პატარა ბიჭებს, დაუცველ ადამიანებს რამდენიმე სპეცრაზმელი გამეტებით სცემს... მინდოდა, სპეცრაზმელების ალყაში მოქცეული ადამიანების საშველად შევსულიყავი, მაგრმ ვერ შევაღწიე _ ყველა მისასვლელი ჩაკეტეს... დილამდე «მიხაილოვის» საავადმყოფოში დაშავებულებს ვპატრონობდი, იქ საშინელება ხდებოდა.
ეკა, როგორც იურისტს, გეკითხები: ქართულ კანონმდებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 26 მაისს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებისა და კონვენციების რომელი მუხლები დაირღვა?
_ სსკ 333-ე მუხლი _ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, სსკ 143-ე მუხლი _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, სსკ 144(3)-ე მუხლი _ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით პოლიტიკური შეხედულებების გამო, სსკ 147(1)-ე მუხლი _ განზრახ უკანონო დაკავება, სსკ 154-ე მუხლი _ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.
ასევე, დაირღვა ევროპული კონვენციით დაცული რამდენიმე მუხლი, მათ შორის სიცოცხლის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, დაკავების კანონიერება და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, წამების აკრძალვა. მოკლედ, ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა!
მიუხედავად ამისა, დასავლეთი დარბევას ამართლებს. რატომ? D
_ დარბევა არავის გაუმართლებია. უბრალოდ, გაკეთდა განცხადებები, რომ 25 მაისის მერე აქცია უნებართვო იყო და უნდა შეწყვეტილიყო, თორემ არავის უთქვამს, რაც მოხდა, კანონიერიაო. ამერიკის ადმინისტრაციაც, ევროპელების მსგავსად, გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ვადის ამოწურვის შემდეგ, აქციის გაგრძელება ადმინისტრაციული დარღვევაც რომ ყოფილიყო, იმ ძალადობას, რაც ხელისუფლების მხრიდან მოხდა, გამართლება არ აქვს. დამოუკიდებლობის დღე იმ ხალხის კუთვნილებაცაა, ვინც ხელისუფლებამ დაარბია და აწამა! 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამ სისხლიან ნაკვალევზე დგომა და აღლუმის ჩაბარება, სააკაშვილისთვის ყველაზე დიდი სირცხვილი იყო!
ისე, ქვეყანას, სადაც ადამიანები უგზო-უკვლოდ უჩინარდებიან, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეტენზია ნატო-სა და სხვა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე? რა რეაქცია მოჰყვება ცივილიზებული მსოფლიოსგან «სერიულ გატაცებებს»?
_ საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტებს, ბუნებრივია, მძიმე შეფასებას მისცემს. ნატო-ში გაწევრიანების ილუზიას საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია, დაემშვიდობა _ ასეთი რეჯიმის ავტორსა და შემოქმედს არავინ გაუსხნის გზას ევროატლანტიკურ სივრცეში. მალე ვნახავთ იმ შედეგებს, რასაც ამ ვანდალიზმის გამო სააკაშვილი მოიმკის. რეაქციები ჯერ კიდევ წინაა... 21-ე საუკუნეში ისე, როგორც 26 მაისს სააკაშვილის სპეცრაზმი იქცეოდა, მხოლოდ «თალიბანისა» და არაბული ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლები იქცევიან!
რა ამის პასუხია და, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ 26 მაისის დარბევით «ფანტასტიკური პოლიტიკური შედეგი» დადგა. ეკა, შენი აზრით, რა პოლიტიკურ შედეგზეა ლაპარაკი?
_ შედეგი მხოლოდ სააკაშვილისთვის კი არა, გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვისაც მძიმეა.
«გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში» ვის გულისხმობ?
_ ვინც ამ პროცესს პოლიტიკურად ემსხვერპლა. ის, რაც ამ დღეებში ხდებოდა, დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო და პროდასავლურმა გავლენამ თავისი ძალა აჩვენა...
ეკა, რაღა დაგიმალო და, ვერ გავიგე, საუბარი საითკენ მიგყავს...
_ არ დავაკონკრეტებ, გამგები გაიგებს!.. ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ მასთან ერთად საზოგადოება პოლიტიკური ველიდან მალე ბევრ ლიდერს გააცილებს!.. მსხევრპლი დიდია და ესაა მოუშუშებელი, თორემ ამ მოვლენებით საზოგადოება უფრო გაიზარდა და გამოიწრთო. მოკლედ, ამ მოვლენებით პოლიტიკური რეალობა სხვა საფეხურზე გადავიდა!
ეკა, სამართლებრივად, შსს-ს ფარული ჩანაწერები აქციების დაწყებამდე უნდა გამოექვეყნებინა თუ არა, ან რატომ არ აკავებენ ნინო ბურჯანაძეს, ბადრი ბიწაძეს და სხვა ლიდერებს?
_ ამ სერიალების დიდი ხანია, არ მწამს... მსგავსი ჩანაწერი ბევრი მინახავს, მაგრამ ხელისუფელბისადმი უნდობლობა ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, ეჭვქვეშ დგება ჩანაწერების მოპოვების კანონიერებაც. ამიტომ, ყველაფერი კარგად უნდა შეფასდეს. ისე, თუ ჩანაწერები აქციებამდე ჰქონდათ, ვალდებულნი იყვნენ, ადრევე ემოქმედათ.
რაც შეეხება ლიდერებს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, იმ მარტივი მიზეზის გამო არ დააკავებენ, რომ ,,გმირები» არ გახდნენ, თან დაზარალებულთა აგრესიას მათკენ მიმართავენ! რეპრესიები უნდა შევაჩეროთ და უდანაშაულო ხალხი გადავარჩინოთ! ახლა სოლიდარობის დროა! დღეს საზოგადოება უნდა გამხნევდეს, რომ ძალა მალე მოიკრიბოს და პოლიტიკოსებისგან პასუხისმგებლობის სხვა ხარისხი მოითხოვოს! ხელისუფლებასაც მხოლოდ ძლიერი საზოგადოება შეაკავებს!