ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა თითქმის ნულიდან დაიწყო. პოლიტიკური მწვერვალისაკენ იგი საკმაოდ ნელა და თანმიმდევრულად მიიწევდა. რა თქმა უნდა, მის ჩამოყალიბებაში ბატონ ედუარდ შევარდნაძეს ლომის წილი მიუძღვის, მაგრამ ის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ზურაბ ჟვანიაში დაინახა „მომავალი“, ეს თავად ჟვანიას დამსახურება გახლავთ.
ერთ დროს მწვანეთა მოძრაობის ლიდერს, პოლიტიკური წრეები თითქმის გამუდმებით აკრიტიკებდნენ. ზოგჯერ დასცინოდნენ კიდეც. არაერთხელ პოლიტიკური „გახრწნა“ ან „სიკვდილი“ უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ზურაბ ჟვანია „სხვებზე“ ჭკვიანი აღმოჩნდა, იგი დუმდა მაშინ, როცა დუმილი საჭირო იყო, აკრიტიკებდა მაშინ, როცა ამის აუცილებლობას ხედავდა. ეტყობა, მან სწორად გათვალა. ასეა თუ ისე, დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარეა. ექსტრემალურ სიტუაციებში, პრეზიდენტს შეცვლის.
მოქალაქეთა კავშირს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს: დაშლა? პარტია აბსოლუტურად კონსოლიდირებულია. ამდენად საზოგადოების დაქუცმაცებისთვის შესაბამის ფონს ვერ ხედავს. რაც შეეხება იდეოლოგიას, ბატონ ზურაბს მიაჩნია: - ჩვენი ამომავალი წერტილი სახელმწიფო მანქანა გახლავთ. ეს სმკ-ს იდეოლოგიაა. საქმე ის კი არ არის, ეს მანქანა მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ, არამედ, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ქართული საზელმწიფოებრიობა. თუ მაინც და მაინც იდეოლოგია, როგორც მიმართულება გაინტერესებთ, ჩვენ ცენტრისტულ პოზიციებზე ვდგავართ. უფრო კონკრეტულად, საუბარია მემარცხენე ცენტრიზმზე.
პოლიტიკური წრეები საკმაოდ ხშირად უხსენებენ ჟვანიას 7-8 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას. ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ოპონენტების თქმით: მან თავისი უარყოფითი ქმედებებით, დღეს საქართველოს კრიზისულ ვითარებას შეუწყო ხელი.
ჟვანია სხვაგვარად ფიქრობს:
- ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო: მოვითხოვეთ ჰესების მწყობრში მოყვანა. თავად განსაჯეთ, რა სჯობდა: ასობით მილიონი მანეთის დახარჯვა იმისათვის, რომ ათეული წლებით ახალი გვეშენებინა, თუ ამის მეათედით, ჰესი რამდენიმე თვის განმავლობაში მწყობრში მოგვეყვანა?
ბოლო დროს, ჟვანიას ბევრი პრეტენზია წაუყენეს. წარმატებების მიუხედავად, მას კვლავაც და კვლავაც პოლიტიკური ასპარეზიდან „გაქრობას“ უწინასწარმეტყველებენ. დიდ და მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებენ სმკ-ს შემადგენლობასაც. ვინ არიან ისინი? ძველი პარტიული ფუნქციონერები, კომკავშირლები და ა.შ.
- გარწმუნებთ, მათ სიაში ჩემს გვარს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ფუნქციონერებს, არა მგონია, მათი გამოცდილება ჩვენთვის საზიანო ან მიუღებელი იყოს.
ჭორები ჭორად, რეალობა რეალობად და ორიოდე დღეში 1996 წელი დადგება. ზურაბ ჟვანიას აზრით, ეს წელი მართლაც მნიშვნელოვანი იქნება: გააქტიურდება საქართველოს მოთხოვნა ევროსაბჭოში გაწევრიანობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, საქართველო ევროპის პოლიტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი იქნება. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. დაგეგმილია რიგი სხვა ღონისძიებები, რომელმაც, სპიკერის მოსაზრებით, ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებას.
ჟვანია, ბევრს საკმაოდ არასერიოზულ და სუსტ პოლიტიკოსად მიაჩნია, ბევრსაც პირიქით. რაც შეეხება „ალიას“, იგი საკუთარ პოზიციას არასოდეს აფიქსირებს.