„გეიმ ოვერი“ მინისტრებისთვის - ვინ რას გადაყვება და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას
ინფორმაცია, რომელიც ,,ვერსიას'' მოაწოდეს, მართალია, არაოფიციალურია, მაგრამ მხოლოდ ოპოზიციურ კი არა, სამთავრობო კულუარებშიც აქტიურად ვრცელდება. მოარული ხმა განსაკუთრებით მას შემდეგ ,,გაძლიერდა'', რაც ლარის რეკორდული დაცემის ფონზე, ტელეკომპანია ,,იბერიის'' წამყვანმა, ჟურნალისტმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა განაცხადა, რომ სამმა პიროვნებამ, რომელთაგან ერთ-ერთიც, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, ბორჯომში მოხდა, სადაც ტელეწამყვანის თქმით, სემინარზე დასასწრებად მიდიოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ძალადობაში მხილებულ პოლიციელს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და თუკი ფაქტი დადასტურდა, მოძალადე, მისი პროფესიული კუთვნილების მიუხედავად, ბუნებრივია, საკადრისად უნდა დაისაჯოს, თუმცა როგორც ,,ვერსიას'' ეუბნებიან, დასჯა მომხდარის კულმინაცია არ იქნება და ყველაფერი ეს, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ,,პერეტრუბაციების'' საბაბი გახდეს. მაინც, რა კავშირი აქვს ლარის რეკორდულ ვარდნასა და ჟურნალისტის შესაძლო ცემას სამთავრობო კარუსელთან? - მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.
ექსპერტები ჯერ კიდევ ზაფხულში ამბობდნენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეროვნული ვალუტა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ იმას, რომ ლარი, გაუფასურების კუთხით, ყოველდღე ახალ-ახალ რეკორდს დაამყარებდა, არავინ ელოდა.
ლარდაცემის მიუხედავად, პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, მთავრობა კი, ,,რიგითი ლარიანის'' გადარჩენის გეგმით გამოვიდა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ამ გეგმით ახალდამტკიცებულ მთავრობაში დიდი განხეთქილება დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შორის, რომელსაც ამავე დროს, ვიცე-პრემიერის პოსტიც უჭირავს, სერიოზული უთანხმოება არსებობს.
ზოგადად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ჰეჯირებიდან დაწყებული ,,ბღუჯა-ბღუჯათი'' და ,,ჟრიალ-ჟრიალით'' დამთავრებული, ზამთრის პოლიტიკური სეზონის მთავარი ფიგურანტია. ჰოდა, ,,ვერსიის'' მონაცემებით, ნაახალწლევს მოვლენები დრამატულად სწორედ მის გარშემო განვითარდება.
,,ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: შეიძლება, ახალ წლამდეც, მაგრამ ახალი წლის შემდეგ ერთი დოლარის ფასი, მინიმუმ, 3 ლარი გახდება და სწორედ ამ საბაბით, თებერვალში, მთავრობაში კარუსელი დატრიალდება, რომელიც უფრო ეკონომიკურ გუნდს, კერძოდ კი, დიმიტრი ქუმსიშვილს შეეხება, რომელსაც რომელიმე სხვა თანამდებობაზე კი არ გადაიყვანენ, არამედ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საერთოდ გაუშვებენ. პრინციპში, ლარის გაუფასურება საბაბი იქნება, თორემ სინამდვილეში, ქუმსიშვილი პრემიერთან დაპირისპირებას შეეწირება ანუ ჯერჯერობით მოქმედი ფინანსთა მინისტრი სამთავრობო ინტრიგების ,,განტევების ვაცი'' გამოვა'', - უთხრა ,,ვერსიას'' კონფიდენტმა, რომელიც პოლიტიკურ ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა.
იმას, რომ ქუმსიშვილი ,,ლაფატკაზე დევს'' პარტია ახალი საქართველოს ლიდერიც ადასტურებს, თუმცა ექსნაციონალი გიორგი ვაშაძე სამთავრობო ცვლილებების თარიღად 2017 წლის თებერვალს კი არა, გაზაფხულს ასახელებს.
ქუმსიშვილის ჩინოვნიკობა ,,გეიმ ოვერით'' რომ დამთავრდება, ამაზე კიდევ ერთი გარემოება მიანიშნებს. სახელდობრ, მთავრობასა და, შესაბამისად, ბიუჯეტს პატრიოტებმა უნდობლობა გამოუცხადეს. უფრო მეტიც, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ქუმსიშვილი, ასევე, კვირიკაშვილიც სულ ,,ქარ-ცეცხლში'' გაატარა და ექსჟურნალისტის ,,ანტიოცნებური'' განცხადებები მედიამ მილიონჯერ ,,დაატრიალა''.
მართალია, პატრიოტები თავს იგიჟებენ, ,,ოცნების'' შემქმნელებთან არც ღია ურთიერთობა გვაქვს და არც - ფარულიო, მაგრამ ოპოზიციის ე.წ. ნაციონალური ფრთა თარხან-მოურავის საპარლამენტო გუნდს დაჟინებით ,,ოცნების'' მეკავშირედ მიიჩნევს. ჰოდა, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გამოდის, მმართველ პარტიაში რაღაც სიახლეებისთვის რეალურად ემზადებიან.
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, რაკიღა ნაპერწკალი გაჩნდა, ესე იგი, ცეცხლიც აენთება, თუმცა ,,სამთავრობო ხანძარი'', ,,ვერსიის'' კონფიდენტების თქმით, მხოლოდ ქუმსიშვილის გადაყენებით არ ჩაქრება, თუმცა ჯერჯერობით არ სახელდება, ქუმსიშვილის გადაყენებისა და ,,შინ გაშვების'' შემთხვევაში, მის ადგილს ვინ დაიკავებს.
,,ჟურნალისტ გიორგ გასვიანთან დაკავშირებული ინციდენტიც, ჩემი აზრით, რიგითი ინციდენტი არ არის და ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება'', - აღნიშნავს ,,ვერსიის'' ფარული რესპოდენტი, რომლის თქმითაც, აქვს გარკვეული დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გასვიანის ცემით ვიღაცამ შესაძლოა, შს მინისტრზე იერიშის მიტანა სცადოს.
,,მღებრიშვილი ის ადამიანი არ არის, რომ დამნაშავეს ხელი დააფაროს. საერთოდაც, როგორც მე ვიცი, ძალიან პრინციპულია და ვიღაცებისთვის მიუღებელი, შეიძლება, ამიტომაც არის. ასე რომ, როგორც ჟურნალისტებს გიყვართ თქმა, ,,შავი პიარის'' მორიგი მსხვერპლი, სავარაუდოდ, სწორედ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი გახდება.
გასვიანთან დაკავშირებულ ინციდენტს იმასაც დაამატებენ, რომ დანაშაულის სტატისტიკა ოფიციალურად აღარ გამოქვეყნდება და ისეთი ფონის შექმნას შეეცდებიან, რომ ძალოვანი უწყება თითქოს არაფერს აკეთებს. ყველაფერ ამის სამიზნე კი, ბუნებრივია, პირველი პირი იქნება, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, რომელიც უახლოეს ერთ ან ნახევარ თვეში განხორციელდება, მღებრიშვილი თანამდებობაზე დარჩება'', - ლამის ასპროცენტიანი სიზუსტით ამბობს ,,ვერსიის'' წყარო, რომელიც ასევე, გვიმხელს, რომ ძალოვანი უწყების პირველკაცობისკენ თვალი მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს დიდი ხანია, გაურბის.
,,ოცნება დასჯადი არაა, მაგრამ ხომ იცით, ოცნებები ყოველთვის არ ხდება, ამიტომ ამ ადამიანებსაც შეუძლიათ, იმდენი იოცნებონ, რამდენიც უნდათ'', - ხუმრობს ,,ვერსიასთან'' ოპერატიულ კავშირზე მყოფი სუბიექტი, რომელიც კიდევ ერთ კულუარულ ინფორმაციას გვიმხელს ანუ როგორც ჩვენი გამოცემის მეკავშირე ამბობს, ნაახალწლევს, გარკვეულ საკადრო გადაადგილებას თბილისის მთავრობაშიც უნდა ველოდეთ.
,,ეს, პრინციპში, ადგილობრივი თვითმმართველობის რეპეტიცია იქნება ანუ იმის თქმა მინდა, რომ ,,ოცნება'' 2014 წლის შეცდომას აღარ გაიმეორებს და დედაქალაქის მერს ისე ბრმად აღარ დაასახელებს, როგორც თავის დროზე ნარმანია დაასახელა. კოკელ ნარმანიას, რომელსაც გუნდის წევრებიც კი ზოგჯერ ,,ნორას ბიჭს'' ეძახიან, შესაძლოა, უნდა, თბილისის თავი მეორე ვადითაც გახდეს, მაგრამ ახდენა არც მის ოცნებას უწერია.
ერთი სიტყვით, იმ რამდენიმე თვეში, რაც არჩევნებამდეა დარჩენილი, რამდენიმე პიროვნება თბილისის მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება და ამით მერობის რეპეტიციას გაივლის, თუმცა საბოლოოდ, ვინ დამტკიცდება მერის ,,როლზე'', ეს ალბათ, გაზაფხულის ბოლოს გამოჩნდება'', - აღნიშნავს ,,ვერსიის'' ინკოგნიტო რესპოდენტი.