ასფალტი - საჩუქარი თუ მოწყალება ვარდების მაღალხელფასიანი მთავრობისგან?

ასფალტი - საჩუქარი თუ მოწყალება ვარდების მაღალხელფასიანი მთავრობისგან?

[რუსიკო მუმლაძე]
თურმე, გადასახადის გადამხდელი რომ ხარ და მერე ამ გადასახადებით გზებს აგებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ხელისუფლება იღებს მოწყალებას და გჩუქნის საჩუქარს - ასფალტის სახით. “ნაცმოძრაობის” მთავრობის სახისთვის, ჯერ კომუნისტური წყობა არ დამთავრებულა, რადგან მას, როგორც ჩანს, სახელმწიფოსა და ხალხს შორის ურთიერთობა მარტო მოწყალება-შეწყალება ჰგონია.

“ახლა მეკითხება ჟურნალისტი მოწყალებაზე.. მე ვთქვი, რომ თუ არ ვცდები, საჩუქარი თქვა-თქო.. ხო, მერე მითხარი.. არა, მოწყალება ნამდვილად არ იყო. კარგი.. ხუროშვილსაც შეეკითხეთ? მოწყალება არ ყოფილა. მართლა” – ეს საუბარი ინტერვიუს დროს შედგა დეპუტატსა და მტავრობის საპარლამენტო მდივანს შორის.

წინა კვირაში პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ცვლილება გადიოდა, სადაც დიდი სატვირთო მანქანების გადადგილების შემთხვევაში, თუ მათ საბაჟო ტვირთი სხვა ქვეყანში გააქვთ, გზის ცვეთის საფასური უნდა გადაიხადონ მეპატრონეებმა. ეს საფასური კი, შემდეგ ამავე გზების აღდგენას მოხმარდება. კულუარებში ამ საფასურის ოდენობად 100 დოლარს ასახელებენ.

ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარალამენტო მდივანს, გია ხუროშვილს ოპოზიციონერი გია ჩახვაძე შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ საქართველოში დარეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირი ასეთ გადასახადს არ უნდა იხდიდეს, რადგან ისინი ისედაც ავსებენ ბიუჯეტს. ამ ბიუჯეტიდან კი იგება გზები. რეალურად, ქართველ გადამხდელებს გზებისთვის ორმაგი გადასახადის გადახდა უწევთ: მათი ფულებით იგება კიდეც გზები და ამ გზების ცვეთის საფასურიც მათ უნდა გადაიხადონ.

სხდომაზე ხუროშვილი გაწიწმატდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაიღო მოწყალება და ეს გზები ხალხს აჩუქაო. პრესა.გე ამ ინციდენტის შესახებ უკვე იუწყებოდა. ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ პარლამენტშიც ერთი ამბავი ატყდა. ჩვენ დავაში მონაწილე ორივე მხარეს ისევ გავესაუბრეთ. ხუროშვილის არ უარყოფს, რომ სიტყვა საჩუქარი თქვა, მაგრამ იძახის მოწყალება არ მიხსენებიაო.

თუმცა, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რომელი სიტყვა თქვა დანამდვილებით ხუროშვილმა, არამედ იმას, რომ ვარდების რევოლუციის გზით მოსულ ხელისუფლებას მართლაც რომ მოულოდნელ საჩუქრად ერგო სახელმწიფო ძალაუფლება და ახლა ამ ძალაუფლების ქვეშ განხორციელებულ პატარა საქმესაც კი, ჩახვაძისა არ იყოს, ისევ ხალხს აყვედრის.

ხალხს საჩუქრად გზები დაუგო ხელისუფლებამ, ეს კორექტული გამონათქვამია ხეისუფლების წარმომადგენლის მხრიდან?
დეპუტატი გურამ ჩახვაძე: “მან თქვა საჩუქარი.. სიტყვა აღარ მახსოვს, მოწყალება არა.. ჩემი პასუხი ის იყო, რომ მთავრობა ბიუჯეტიდან რომ ხარჯავს ამ ფულებს გზებზე, ეს მოქალაქეების შენატანია და ისინი იხდიან ამის საფასურს. არანაირი საჩუქარი არ არის-თქო. ის, რომ ადრე ეს თანხა არ იხარჯებოდა და დღეს იხარჯება, ეს არ უნდა დაამადლო ხალხს. ეს შენი ვალდებულებაა და არა - ქველმოქმედება. ეს ვალდებულება უნდა ვიცოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ამ გადასახადის დაწესებაზე არავინ დაობს., უბრალოდ, მე იმაზე შევედავე, რომ ამ კატეგორიაში არ უნდა მოხვდნენ საქართველოში დარეგისტრირებული ფიზიკური, ან იურიდიული პირები. ეს საფასური არ უნდა შეეხოს შიდა გადაზიდვებს.

ცარიელი თუ გადაადგილდება სატვირთო მანქანა?
- ამ მანქანამაც უნდა გადიხადოს, რადგან სიმძიმის გამო ასფალტი მაინც განიცდის ცვეთას. შეიძლებ,ა ეს კარგი კითხვაცაა, რადგან ტვირთთან მიმართებაში მთავრობამ უნდა განსაზღვროს, რომ დატვირთული მანქანის გადაადგილების შემთხვევაში ცვეთის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე ცარიელის. რანგირება უნდა მოხდეს.. ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია.

ჩვენი დავის საგანი ისაა, რომ მე ვამბობ, საქართველოში დარეგისტრირებული, საგადასახადო კოდექსის რეზიდენტი პირები ბიუჯეტს ისედაც უხდიან გადასახადებს. თანაც, ამ შემთხვევაში, საქმე ქართულ პროდუქციას ეხება. ბიუჯეტის ამ თანხებიდან ხდება სწორედ გზების დაგება და მოვლა-პატრონობა. მეორე წყარო, რითაც ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება, უცხოური კრედიტებია და მათ გასასტუმრებლადაც იხდიან ეს კომპანიები გადასახადს ბიუჯეტში.

საგარეო ვალს ჩვენ ვიხდით. არის კიდევ ერთი გადასახადი, რომელსაც ავტომფლობელები იხდიან, ეს არის აქციზი საწვავზე. საწვავს აქციზის ფასი ემატება და ირიბად ისევ ავტომფლობელები იხდიან ამ აქციზს, როცა, მაგალითად, დიზელს ყიდულობენ. ესეც ბიუჯეტში შედის.

თანაც, როცა სხვა მეზობელ ქვეყანაში გადავდივართ, ასეთ გზების შენახვის გადასახადს ისედაც ვიხდით. რატომ უნდა დავტვირთოთ გადასახადებით ჩვენი მეწარმეები? უცხოელებს რაც შეეხებათ, ისინი არ იხდიან, მაგრამ უნდა გადაიხადონ და ეს საფასურიც გონივრული უნდა იყოს, რომ არ დავაფრთხოთ იმპორტიორები.

ხელისუფლება ნამდვილად ფიქრობს, რომ აქ დარეგისტრირებულ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს გადავახდევინოთ გზის საფასური. ჩვენ უკვე დაგისახელეთ მიზეზები, რის გამოც არ ვეთანხმებით მათ და აქედან წამოვიდა ეს საჩუქრის თემაც. ხუროშვილმა თქვა, რომ გზები გავაკეთეთ და ეს საჩუქარიაო, შესაბამისად, ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ვუთხარით, რომ ეს არ არის საჩუქარი. ახლა დავაზუსტე ბატონ გიასთან და თავადვე თქვა, საჩუქარი კიო, ვთქვიო.

ისე სჯობს, დაფიქრდე, რას ამბობ, როცა მოქალაქეებზე საუბრობ..
- სიმართლე გითხრათ, ეს არის ჩვენი მენტალობა. უბრალოდ. რატომღაც გვგონია, ბიუჯეტიდან რაღაცეებს რომ ვაკეთებთ, სკოლებს ვაშენებთ, გზებს ვაგებთ, საჩუქარია მოსახლეობისადმი. პირიქით, ეს არის საჩუქარი ხელისუფლების ვალდებულება”...

ბატონი გია კი, გურამ ჩახვაძეს ტელეფონით მაშინ დაუკავშირდა, როცა პრესა.გე მისგან ინტერვიუს იღებდა. ცალმხრივი საუბარი ასე ჟღერდა: “ახლა მეკითხება ჟურნალისტი მოწყალებაზე.. მე ვთქვი, რომ თუ არ ვცდები, საჩუქარი თქვა-თქო.. ხო, მერე მითხარი.. არა, მოწყალება ნამდვილად არ იყო. კარგი.. ხუროშვილსაც შეეკითხეთ? მოწყალება არ ყოფილა. მართლა”.
აი, რა გვითხრა მანამდე თავად “მოწყალე” საპარლამენტო მდივანმა.

რას ნიშნავდა თქვენი განცხადება სხდომაზე, რომ მთავრობამ მოწყალება გაიღო და ასფალტი დააგო?
გია ხუროშვილი: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა?

კი, ბატონო ახსენით, რა თქვით კარგი…
- აგიხსნით: ბიბლიაში წერია ღმერთი არ არსებობს, მაგრამ იქვე ტირეა გაკეთებული და წერია, ამბობენ ურწმუნონი. ამიტომ ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც მე გავაკეთებ, თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, კონტექსტიდან ამოგდებული არ უნდა იყოს და ისე უნდა იყოს გაგებული, როგორც ითქვა. მე ვთქვი, გასაგებად, რომ ისე როგორც ახლადდაგებული გზები, ისევე როგორც გაზი, ელექტროენერგია, ასეთუ ისე მომატებული პენსია და ხელფასი, ასევე ძალიან ბევრი სიკეთე, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნა გაკეთებული, მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს აღქმული მაქვს, როგორც ამ ხელისუფლების საჩუქარი მოქალაქეებისა და ჩემს მიმართ.

მოწყალება არ მიხსენება, ამოიღეთ სტენოგრამა და წინ დამიდეთ, მე ჩემს ნათქვამზე ვაგებ პასუხს. ბუნებრივია, ამ საჩუქარს სჭირდება შემდგომი მოვლა-პატრონობა. მუდმივად არავის შეუძლია, გზა გაგიკეთოს და შენ გააფუჭო, ასევე შენობის ფასადიც. ყოველივე იმას, რასაც ხელისუფლების მხრიდან სიკეთის სახით ვიღებთ, ეს ნამდვილად სიკეთეა. ვინც არ უნდა შემომედაოს, ვარჩევ სიკეთეს და ბოროტებას როგორმე ერთმანეთისგან, მოფრთხილება უნდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოწყალება. ეს არ მითქვამს. ან სმენის პრობლემა აქვს იმას, ვინც ეს გაიგო, ან...

დავუშვათ არ თქვით მოწყალება, მაგრამ თქვით საჩუქარი, მაგრამ გზებც, ფასადებიც და ყველაფერიც ან საერთაშორისო ორგანიზაციების კრედიტებიდან ფინანსდება, ან ბიუჯეტიდან, რომელიც რიგითი მოქალაქეების ჯიბიდან ივსება, რა შუაშია აქ ხელისუფლების საჩუქარი, ვალდებული არ არის მთავრობა აკეთოს ეს ყველაფერი?

- ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ფულს ვიხდიდით საქართველოს ბიუჯეტში, მათ შორის 2003 წლამდე, ძალიან ბევრი ვალდებულებები და საერთაშორისო ვალები იქნა აღებული, მაგრამ ეს ყველაფერი მიდიოდა კერძო პირების ჯიბეებში…

ახლა აღარ მიდის?
- მიდიოდა იმ პერიოდისათვის, საქმე არ კეთდებოდა, დღეს ახლა ამ პერიოდებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავთ, ამას არ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კეთილგონიერ ნაბიჯებად, ასეთ შემთხვევაში საუბარსაც არ აქვს აზრი.

კეთილგონიერ ნაბიჯები ძალიან კარგად გვესმის რა არის, მაგრამ აქ საუბარია საჩუქარსა და ვალდებულებას შორის განსხვავებაზე…
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტერმინი საჩუქარი, რომელიც მე პირობითად ვიხმარე, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვისაა საჩუქარი. რა თქმა უნდა ეს ვალდებულებაცაა, მაგრამ ეს არის კეილგონიერად გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს ბევრმა მოქალაქემ და არა მარტო მე, სიკეთედ ჩავთვალედ.

ბევრ რიგით ადამიანებთან მაქვს შეხება, იგივე სოფლებში, არ ვსაუბრობ მხოლოდ ვაკესა და საბურთალოზე, ადამიანები რომ იღებენ, თუნდაც 10 ლარით მომატებულ პენსიას, ამას ნამდვილად თვლიან, რომ ეს არის მათთვის გაკეთებული სასიამოვნო საჩუქარი. როდესაც ადამიანებს გაუკეთდებათ გზა, ისინი ნამდვილად თვლიან, რომ ეს არის სიკეთე, რომელიც ამ წუთას მათ ხელისუფლებისგან მიიღეს.

მე არ მაქვს საუბარი, რომ ეს არის მხოლოდ საჩუქარი, ეს არის ვალდებულება ნებისმიერი ხელისუფლების. ხელისუფლების, რომელიც მომავალში იქნება, თუ ახლაა, ან წარსულში იყო. საკმაოდ დიდი სმენისა და აღქმის პრობლემა აქვს იმ ადამიანს, რომელმაც საჩუქარი მოწყალებად აღიქვა. კიდევ ერთხელ გავიღებ მოწყალებას და ავუხსნი, რომ ეს არ იყო ის მოწყალება, რომელიც მან აღიქვა.

მთავრობა დღეს თავისუფალია კორუფციისგან?
- მე სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ის კორუფციისგან თავისუფალია. ამას ადასტურებს უამრავი შემთხვევა, რომელიც საჯარო განხილვის საგანი ყოფილა, იგივე ხმაურიანი დაპატიმრებები, არც თუ ისე დაბალი რანგის თანამდებობის პირთა შორის. მინისტრის მოადგილის დაპატიმრება იყო, დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაპატიმრეს.

ეს, ალბათ, სამწუხაროდ, ადამიანურ ცდუნებას და სისუსტეებს უკავშირდება. მთავარი ის პოლიტიკური ნებაა, რომ ხელისუფლება ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ის, რომ თავი დავდო დღეს, რომელიმე მოხელეს ცდუნება არ ჰქონია, ან არ ექნება, ეს ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება”.

რაღაც შეიძლება წამოგცდეს, მერე ინანო, მაგრამ, როგორც ჩანს, ხუროშვილის შემთხვევაში, მტკიცე რწმენასთან გვაქვს საქმე. მას სჯერა, რომ ხელისუფლება გადამხდელ მოსახლეობას საჩუქარს უკეთებს და ეს მას ბიუჯეტის შევსებაში შეტანილი წვლილისთვის არ დაუმსახურებია.

კომუნისტურ ეპოქაში რომ არ ვცხოვრობთ, ამ სტატიის შემდეგ, იმედია, ხუროშვილი თავადაც გაიგებს და მადლობას ეტყვის გადამხდელებს იმისთვის, რომ მისნაირი ჩინოვნიკების ხელფასები ამ ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა, მასზე უფრო განათლებულები და წინდახედულები სახლში უმუშევრები სხედან.

ყველა პრემიერ-მინისტრ გილაურის პირადი ნაცნობი ვერ იქნება, მაგრამ არც გილაური იქნება მუდმივად პრემიერი და არც ხუროშვილი მისი საპარლამენტო მდივანი. თუმცა, იმედია, გადამხდელების ჯინაზე, პარტიისათვის მიძღვნილი დითირამბებისთვის ხუროშვილს სასწრაფოდ არ დააწინაურებენ და მორალურად მაინც მოსთხოვენ პასუხს, ან იმას მოსთხოვენ, ასეთ დელიკატურ თემებზე საუბრისას, ცოტა ენას კბილი დააჭიროს.