„ბონი ემ“ - ის კონცერტი მოსალოდნელი უამინდობის გამო, ადრე გამოცხადებული „ლაგუნა ვერეს“ ნაცვლად, სპორტის სასახლეში ჩატარდა. ამ ცვლილებამ კონცერტის ხარისხზე საგრძნობლად იმოქმედა - შენობის უხეირო აკუსტიკა მსგავსი ღონისძიებებისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა.
„ყოვლისმომსწრე“ და „ყოვლისმომსმენი“ ომონი იმასაც მოესწრო, რომ ცნობილ დისკოჯგუფს ცოცხლად მოუსმინა. ეგ არის, რომ არც ერთ შავფორმიანს მომღერლები თვალით არ უნახიათ.
მღებრიშვილის „ბეხლეწები“ სცენისგან ზურგშექცევით, გესტაპოელების პოზაში იდგნენ და როგორც ჩანს, მსმენელებში ხალხის მტრებს თუ არა, მუსიკის მტრებს მაინც ეძებდნენ. „მიულერი“ კი არსად ჩანდა.
„ბონი ემ“-ის ისტორია სათავეს გერმანიიდან იღებს. მიუხედავად ამისა, მუსიკოსებმა არაგერმანული პუნქტუალობა გამოიჩინეს და ქართველი მსმენელი თითქმის ორმოცი წუთი ალოდინეს. პუბლიკამ დაგვიანება მეორე სიმღერის შემდეგ „აპატია“, როდესაც თავგადაკლული მოცეკვავეთა მასა, „რადიო 105 -მამაჩემის რადიოს“ წარმომადგენლების, შალვა რამიშვილისა და დიჯეი შონზოს წინამძღოლობით, ტრიბუნიდან მოედანზე დაეშვა.
„ბონი ემ“-მა, დაპირებისამებრ, მართლაც ყველა ჰიტი შეასრულა, რითაც უფროსებს ბავშვობა და ახალგაზრდობა გაახსენა, ხოლო ახალგაზრდები გვარიანად „აათუხთუხა”.
კონცერტი დიდი ხანი არ გაგრძელებულა. იგი უფრო მოკლე იქნებოდა, რომ არა მიკროფონმომარჯვებული მიშა გიორგაძის შეძახილი „არ გაუშვათ, არ გაუშვათ, დაუკარით!“. ხალხმა რჩევა გაითვალისწინა (რითაც, მართალია, ძველ ხანჯალს ელდა არ ეცა) და დამატებით ხუთი სიმღერა და ერთი ვრცელი პოპური დაიმსახურა.
ამის შემდეგ გათამამებული საზოგადოება ტაშს კიდევ იმდენხანს უკრავდა, რომ „ბონი ემი“ თავისუფლად მოასწრებდა იამაიკაში გადაფრენას და უკან დაბრუნებას.
წინა დღით კი „ბონი ემ“-მა თბილისურ იდილიაში კორექტივები შეიტანა და ახლად აღმართულ „ვერე პალასთან“, ვერეს უბნისათვის დამახასიათებელი მყუდროება უჩვეულოდ დაარღვია.
პირველი აჟიოტაჟისა და პირველი არასაკონცერტო შეხვედრის მიზეზად პრესკონფერენცია იქცა, რომელიც „ვერე პალასის“ (მაღალი კლასის პალასის) საზეიმოდ მორთულ დარბაზში ჩატარდა.
„ისთერ პრომოუშენმა“ ჯგუფი არა თუ ჩამოიყვანა, არამედ კონცერტის ბილეთებით ჟურნალისტების დასაჩუქრებაზეც იზრუნა.
ამაში კი მსოფლიო ესტრადის დიდი ვარსკვლავების „მამას“ დაეხმარნენ - გენერალური სპონსორი „თოლია“ ( რეალურად მოქმედი, არაერთი რეალური პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის „ქართუ“ ნაწილი „რ“) საქართველოს ტელევიზია „სვის ეარ“ (რომელმაც ჯგუფი თბილისში ჩამოიყვანა), „სტიმოროლი“ და „დიროლი“, მარჯანიშვილის თეატრი, „ჰიუნდაი“, „ვერე პალასი“.
პრესკონფერენციამ „მხიარულად და შინაურულ ატმოსფეროში“ ჩაიარა. მას „ისთერ ფრომოუშენის“ დირექტორი მიშა გიორგაძე უძღვებოდა. „BONEY M“-ის ოთხივე წევრი, თავის მენეჯერთან თომას ჰემბერთონთან ერთად მაქსიმალურად ცდილობდა პრესა-ტელევიზიის წარმომადგენლების აქტიური ინტერესის დაკმაყოფილებას.
ჰემბერთონის ინფორმაციით, თავდაპირველი შემადგენლობიდან ჯგუფს დამაარსებელი და სიმბოლო - ლიზ მიჩელი შემორჩა. კაროლ გრეი და პატრიცია ფოსთერი მას მხარს 11 წელია უმშვენებენ. ტონი ეშთოფი კი „BONEY M“-ში ექვსი წელია გაწევრიანდა.
„ჩვენ ვლოცულობთ სცენაზე გასვლის წინ, - აღნიშნა მიჩელმა (ვის გარეშე არც „BONEY M“ იარსებებდა და არც დიდი ეპოქა , მან რომ მოიტანა) და დაამატა - კარიერის დასაწყისში მორიდებული ვიყავი და მრცხვენოდა ადამიანებისთვის სიყვარული ამეხსნა”.
მიჩელი აღარ არის მორიდებული, ან თბილისური პუბლიკა შეუყვარდა ნამეტნავად. ყოველი სიმღერის შემდეგ იგი მსმენელს მიმართავდა: „მე თქვენ მიყვარხართ! მე თქვენ მიყვარხართ!“