ხალხი დენის გაძვირებისგან, შესაძლოა, იაფმა ჰესებმა გადაარჩინოს

ხალხი დენის გაძვირებისგან, შესაძლოა, იაფმა ჰესებმა გადაარჩინოს

ათამდე ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია გაიაფდა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იმედი, რომ მოსახლეობა დენის გაძვირებას გადაურჩება. ამ კითხვას საბოლოოდ პასუხი ორშაბათს გაეცემა, მანამდე კი სემეკში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დენის ტარიფის ზრდის საფრთხე არ დგას. სამომხმარებლო ფასზე გავლენას ვერც ენგურჰესისა და ვარდნილჰესის წარმოების ტარიფის მატება მოახდენს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, სემეკის წევრმა გოჩა შონიამ აღნიშნა, კომპანიამ გაანალიზა ამ ჰიდროელექტორსადგურების ბოლო 5 წლის გამომუშავება და სწორედ ამ მონაცემებს დაეყრდნო ელექტროენერგიის მოცულობების გათვალისწინებისას. მისი თქმით, ამ ტარიფებით მოხდება შესყიდვების კომპონენტის გაანალიზება სხვა ელექტროენერგიის ტარიფებთან ერთად. საბოლოოდ, თუ როგორი იქნება შესყიდვის კომპონენტი და როგორ ჩამოყალიბდება სამომხმარებლო ტარიფი, ორშაბათს დაგეგმილი კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. მისი თქმით, მეთოდოლოგიაში ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული. ასევე მოქმედი რეგულაციების მიხედვით, არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული კრედიტების კომპენსირება ამჟამინდელი ტარიფებით.

რაც ეხება მოსახლეობის კომუნალურ ტარიფებს, როგორც ბოცვაძემ აღნიშნა, მხოლოდ „ენერგო-პროს“ კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს სამომხმარებლო ტარიფის მკვეთრი ზრდისგან.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ცხრა ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შემცირდა, ერთის - გაიზარდა. ახალი ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. ასევე შემცირდა „ზაჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფი.

სემეკის გადაწყვეტილებით, აწჰესის მოქმედი ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი იყო, 2017 წელს 5.865 თეთრი იქნება; რიონჰესი - 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი იყო, 2017 წელს - 3.301 თეთრი იქნება; საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი; ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი; ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი; გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი; ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი; შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი; ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.

რაც შეეხება „ზაჰესს“, რომლის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაც სემეკის მიერ ასევე დღეს მოხდა, ამ შემთხვევაშიც მოქმედი ტარიფი იყო 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი.

რამდენად მოხერხდება მხოლოდ დასახელებული ჰესების ხარჯზე კომუნალური ტარიფის შენარჩუნება, ძნელი სათქმელია. სემეკში ჯერჯერობით ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევიან. ერთადერთი ვინც ძველებურ მხნეობას ინარჩუნებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების მატების აუცილებლობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ 21 დეკემბერს სემეკმა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები გაზარდა.

„თუ იქნება იმის აუცილებლობა, ეროვნული ვალუტის კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. დღეს ამის აუცილებლობა არ არის“, - განუცხადა ენერგეტიკის მინისტრმა 22 დეკემბერს ჟურნალისტებს.

კალაძის თქმით, თბოსადგურებისთვის ტარიფების გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ „ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს“.