ამერიკელები დოლარს ოქრო-ვერცხლით ცვლიან

ამერიკელები დოლარს ოქრო-ვერცხლით ცვლიან

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ამერიკის შტატ იუტაში ერთობ უცნაური კანონი მიიღეს. იქ პირველად უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ, ქაღალდის დოლარებთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მონეტებით ანგარიშსწორების ნება დართეს. აღნიშნული კანონი „მოძრაობა ჩაის პარტიის“ (Tea Party Movement) ზეწოლით მიიღეს, რომელიც ირწმუნება, რომ აშშ-ს დღევანდელი ხელმძღვანელობის ფინანსურ პოლიტიკას დოლარის კრახი მოჰყვება.

აღნიშნული კანონის მიხედვით, რომელსაც Legal Tender Act of 2011 ეწოდება, ყველანაირი ანგარიშსწორება შესაძლებელია აშშ-ს ზარაფხანის მიერ დამზადებული ოქროსა და ვერცხლის მონეტებით. ეს გახლავთ ე.წ American Gold Eagle და American Silver Eagle.

მაგრამ აღნიშნული მონეტების გამოყენება შესაძლებელია არა მათი ნომინალის, არამედ, რეალური, მასით განსაზღვრული ღირებულების მიხედვით. მაგალითად, ოქროს მონეტების, რომელთა მასა 0,1-დან 1 უნციამდე მერყეობა, ნომინალური ღირებულება 5-დან 50 დოლარამდე გახლავთ. მაგრამ, ამჟამინდელი კურსის მიხედვით, 1 უნცია ოქრო 1500 დოლარი ღირს და 1 უნციიანი მონეტის მსყიდველობითუნარიანობა სწორედ ამდენი გახლავთ. რაც შეეხება 1 უნციიან ვერცხლის მონეტას, მისი ნომინალი 1 დოლარია, მაგრამ ამჟამად 1 უნცია ვერცხლი 38 დოლარი ღირს.

Legal Tender Act of 2011-ის მიხედვით, მონეტებით ანგარიშსწორება ყოველმრივ კანონიერია და იგი არანაირი გადასახადით არ იბეგრება. მაგალითად, ეს მონეტები განთავისუფლდა კაპიტალის საბაზრო ღირებულების ზრდის და გაყიდვისას მოგების გადასახადისაგან.

ჯერჯერობით, კანონი არ მოითხოვს მყიდველებისა და გამყიდველებისაგან მონეტების აუცილებლად გამოყენებას და ეს უბრალოდ დოლარის ალტენატივაა. სხვაგვარად, ცხადია, საქმე უპრეცედენტო სენსაციასთან გვექნებოდა, რადგან, ჯერ კიდევ 1971 წელს აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე ანგარიშსწორების ერთადერთ საშუალებად დოლარი იქნა დაკანონებული.

რაც შეეხება კანონის ინიციატორი პარტიის ძალზე უცნაურ დასახელებას, მას Tea Party Movement 1973 წლის ბოსტონური ჩაის სმის გამო ეწოდა. ასე დაარქვეს ამერიკელი კოლონისტების საპროტესტო აქციას, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაშინ პროტესტის ნიშნად ბოსტონში გაანადგურეს დიდი რაოდენობით ჩაი, რომელიც ინგლისურ კომპანის ეკუთვნოდა. ეს აქციები აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყების ერთ-ერთი კატალიზატორი იყო.

„მოძრაობა ჩაის პარტიის“ წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ამერიკის ამჟამინდელი მთავრობის წყალობით დოლარი ისეთ დღეში ჩავარდება, რომ მათ ინიციატივას მალე სხვა შტატებშიც გამოუჩნდება მომხრეები და მთელს ამერიკაში მომოქცევაში შემოვა ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ხოლო მაღაზიებში მათ ასაწონ სასწორებს დადგამენ. საინტერესოა, რომ იუტას შტატში მომხდარმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მსგავს კანონპროექტებზე მინესოტასა და ჯორჯიას შტატებშიც მსჯელობენ.

თავის მხრივ, ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს კანონი მხოლოდ სიმბოლურია და არანაირი რეალური შედეგები არ მოჰყვება. თუმცა, როგორც ცნობილია, აშშ-ს სახელმწიფო ვალმა სარეკორდო -14,3 ტრილიონს მიაღწია და მთავრობა დეფოლტის თავიდან არიდებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ღრმა რეცესიაა მოსალოდნელი.