დოლარი რეკორდს ამყარებს, ლარი - ანტირეკორდს

დოლარი რეკორდს ამყარებს, ლარი - ანტირეკორდს

მსოფლიო ბაზრებზე დოლარის უპრეცედენტო გამყარება გრძელდება, საქართველოში კი ლარის დევალვაციას ბოლო არ უჩანს. შედეგი ვერ გამოიღო ვერც ეროვნული ბანკის განცხადებამ და კომერციული ბანკებისთვის მიწოდებულმა 40 მილიონმა დოლარმა. ლარი უკანმოუხედავად მიიწევს 3,0-ის ნიშნულისკენ.

20 დეკემბერს იენისა და ევროს ვარდნის ფონზე, აშშ დოლარი ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა და 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. იგივე ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო დღესაც.

„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონური იენი დოლართან მიმართებაში 1%-ით გაუფასურდა, რისი მიზეზიც იაპონიის ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება გახდა. დოლარი იენთან მიმართებაში ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჯამში, 12%-ით გამყარდა.

დოლართან მიმართებაში ასევე გაუფასურდა ევრო, რაზეც გავლენა იქონია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობამ და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, დღეს ერთი ევროს ღირებულება 1.04 დოლარზე ქვემოთ დაეცა, რითაც თითქმის მიუახლოვდა 15 დეკემბერს დაფიქსირებულ 13-წლიან მინიმუმს.

გუშინ აშშ-ის საფონდო ბირჟამ ზრდა დააფიქსირა და დოუ ჯონსის ინდექსმა თითქმის 20 000-პუნქტიან ნიშნულს მიაღწია, რაც ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელია.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ნიუ იორკში დილიდანვე დოუ ჯონსის ინდექსი 0,49%-ით გაიზარდა და 19 981,03 პუნქტი შეადგინა. S&P-ის ინდექსი 0,33%-ით 2269,90 პუნქტამდე გაიზარდა. ნასდაქის ელექტრონული ბირჟა კი 0,53%-ით გაიზარდა და 5486,32 პუნქტი შეადგინა.

ასეთი ფონით სარგებლობენ საქართველოში და ლარის საგანგაშო გაუფასურებას მთლიანად საგარეო ფაქტორებს აბრალებენ. მართალია, ეს მომენტი გავლენას ახდენს, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ჩვენი ვალუტა უფასურდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სამწუხაროა, რომ ლარი სწორედ არაადეკვატურად რეაგირებს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რაც მარტივი ანალიზითაც აშკარად ჩანს. ბოლო 1 თვის მონაცემების მიხედვით, რეგიონის ქვეყნების ვალუტებში ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემების მიხედვით, ქართული ლარმა დოლართან მიმართებაში, ბოლო 1 თვეში 11,82%-ით დათმო პოზიცია, ხოლო რეგიონის ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა ასეთია:

აზერბაიჯანული მანათი 4,33%-ით გაუფასურდა, თურქული ლირა 5,12%-ით დაეცა, სომხური დრამი 0,31%-ით გაუფასურდა, რაც შეეხება რუსულ რუბლს, ბოლო 1 თვეში 3,33%-ით გამყარდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ქართული ეროვნული ვალუტა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ზუსტად პასუხობს, არ შეიძლება. საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ლარის კურსი დღეს დაახლოებით 2,55-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს და არა 2,80-ზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მეზობელ სომხეთში და რუსეთში შესაშური სტაბილურობაა, ლარის დევალვაციის მთლიანად გარე ფაქტორებზე გადაბრალება მთავრობის მხრიდან, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა.