ბათუმში წინასაახალწლო განწყობამ ძნელად, მაგრამ მაინც დაისადგურა. ამის მაუწყებელია თვალსაჩინო ადგილებზე გამოტანილი პლაკატები, რომლებზეც თოვლის ბაბუა ულოცავს პატარებს ახალი 1996 წლის დადგომას.
რაც შეეხება „ბაბუს“ ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს, ჯერ კიდევ არ დაურიგებიათ (სხვათაშორის, ასლან აბაშიძეს ეს სახელი სწორედ ამის გამო შეერქვა). მაგრამ ბავშვები იმედოვნებენ, რომ ტკბილეულს ძველით ახალ წელს მიიღებენ.
საკოლმეურნეო ბაზარში პროდუქტების ფასები კარგს არაფერს უქადის საახალწლო სუფრას. ინდაური 22 ლარი ღირს. გოჭი - 20 ლარი, ქათამი - 5 ლარი, ხორცი - 2.5-3 ლარი, ღვინო - 1 ლარი, ყველი - 4-5 ლარი, თაფლი - 5 ლარი, ნიგოზი - 5 ლარი, კარაქი - 6 ლარი, შაქარი - 70-80 თეთრი, კვერცხი - 18 თეთრი. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო სექტორში მომუშავეებს ჯამაგირი უკვე სამი თვეა არ აუღიათ.
მიუხედავად ამისა, ახალი წლის ღამე დიამეტრულად იქნება განსხვავებული ჩვეულებრივისაგან. 31 დეკემბრის საღამოს 10 საათიდან დაგეგმილია მოსახლეობაზე ელექტროენერგიის მიწოდება. 12 საათიდან კი მშვიდობიანობით განთქმულ ბათუმში, სადაც დიდი ხანია არ ისვრიან, იარაღი აგუგუნდება.