„ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია“

„ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია“

სავალუტო ბაზარზე ქაოსი და პანიკაა. სიტუაცია იმდენად კატასტროფულია, რომ მუდმივად ჩრდილში მყოფი ეროვნული ბანკიც კი გამოვიდა ვითარების დარეგულირების ინიციატივით. ხელისუფლების წევრები იმალებიან, ოპოზიცია კი პოლიტიკურ შეტევაზე გადავიდა.

ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდის და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმა, რეალური არ არის და ის უბრალოდ „ჰაერია“.

„ხელისუფლება და მისი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია მართოს და დაარეგულიროს კრიზისული ვითარება. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა არის ჰაერი. ჩვენი პროგნოზია, რომ 1 დოლარის ღირებულება გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ქვეყანა“, - განაცხადა ინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით კი, ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზრდება. ეროვნული ვალუტის დღევანდელი მდგომარეობა წარმოაჩენს ეკონომიკაში არსებულ უაღრესად მძიმე კრიზისულ მდგომარეობას, რაც „პირდაპირ დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არაკომპეტენტურობასთან“.

„მთავრობა ახლაც დგამს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ნაბიჯებს იმისა, რაც წესით, კრიზისის დროს მთავრობამ უნდა გააკეთოს. ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზრდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას პროგნოზით, ფასების ძალიან დიდ ზრდას არ უნდა ველოდოთ.

„ამ წუთას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის“, - განუცხადა „ბიპიენს“ დეპუტატმა, თუმცა ლარის გაუფასურების საკითხზე უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და თანაინვესტორების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებს მთლიანად გარე ფაქტორებს აბრალებს.

„საქართველოს ეროვნულ ვალუტას არაფერი არ სჭირს. სამწუხაროდ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის რეგიონიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ყველა ვალუტა რეგიონში არის დაცემული. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სესხი აქვს დოლარში და სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს, რომ მოხდეს დედოლარიზაცია. ჩვენ მსოფლიო ბაზრის და ეკონომიკის ინტეგრირებული ნაწილი ვართ და სამწუხაროდ, ვერ გავექცევით იმას, რაც ხდება ბაზარზე“, - აცხადებს ბაჩიაშვილი.

სავალუტო ბაზარზე არსებული ქაოსმა ეროვნული ბანკიც კი შეაშფოთა. ამიტომ სებ-მა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინის ერთობლიობაა. მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს.

გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს.

საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში უმნიშვნელოდ გამყარდა. თურქული ლირა კი ბოლო 1 კვირაა ამერიკულ ვალუტასთან სტაბილურობას ინარჩუნებს, ასევეა რუსული რუბლი და უკრაინული გრივნაც. ასე რომ, მთავრობის წევრთა მტკიცება, თითქოს, ლარს საგარეო ფაქტორები აუფასურებს, სიმართლეს არ შეესაბამება.