ლარის კურსისა და საწვავის ფასის საქმე ისე მიდის, რომ დედაქალაქში მოძრავი ყვითელი მიკოროავტობუსების ტარიფის ზრდა გარდაუვალია. სამარშრუტო ტაქსებში ფასების განსაზღვრაში კი, თბილისის მერია სამართლებრივად ვერ ჩაერევა, რადგანაც ამის უფლება 2010 წელს დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით არ აქვს. ამიტომ თბილისის მერია „თბილისის მიკროავტობუსს“ მხოლოდ მოუწოდებს, რომ მგზავრობა არ გააძვიროს.
„ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის სამარშრუტო ტაქსების მმართველ კომპანიას, რომ ტარიფები არ გააძვიროს. ბუნებრივია, ეს არ იქნება კარგი თბილისელებისთვის“, - განაცხადა მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, მომავალი წლიდან საწვავზე აქციზის გაზრდის შედეგად, შესაძლებელია, გაიზარდოს ბენზინის ფასი, მაგრამ მუნიციპალურ ტრანსპორტის ტარიფი არ მოიმატებს. ფასების შესანარჩუნებლად, მერიას, სავარაუდოდ, სუბსიდიის გაზრდა მოუწევს.
„მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს მეტროს და ავტობუსებს, აქ ტარიფის გაზრდა არ განიხილება... საწვავზე აქციზის გაძვირებით, ბუნებრივია, საწვავზე ფასი გაიზრდება, თუმცა, ავტობუსებისა და მეტროს გაძვირებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა ლექვინაძემ.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ტარიფის გაძვირებას 80 თეთრიდან 1 ლარამდე აპირებდა. კომპანიაში ცალსახა პასუხი კითხვაზე არ გაუციათ და განაცხადეს, რომ თუ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თბილისის მოსახლეობას რამდენიმე კვირით ადრე ეცნობება. ჯერჯერობით პასუხი ისევ არ ჩანს.
ყვითელი „მარშრუტკის“ მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრობის ტარიფის გაძვირება მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება და შეიძლება გეგმის შესრულება ვეღარც შეძლონ. ჯერჯერობით კომპანიას ცვლილებების შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია.
„თუ მოუმატეს ტარიფი, ძალიან ცუდია იქნება, ხალხს 80 თეთრი არ აქვს და 1 ლარს როგორ გადაიხდის. 50 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს, არ აქვს ხალხს და რა უნდა ქნა? გაიზრდება ტარიფი და არავინ ამოვა „მარშრუტკაში“. 20 თეთრით გაძვირება, ბევრია, რადგანაც დღეში რამდენჯერმე უწევს ადამიანს მგზავრობა“, - აცხადებენ მძღოლები.
მოტივი ყვითელი „მარშრუტკების“ მომსახურების გაძვირებისა არის საწვავის მკვეთრი გაძვირება, რომელიც იანვრიდან აქციზის გაზრდით არის განპირობებული.
უნდა ითქვას, რომ საწვავის ფასის მატება ახლაც მიმდინარეობს და ამის მიზეზი ლარის დევალვაციაა. გუშინ ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა 9 დეკემბრის შემდეგ კიდევ 5 თეთრით მოიმატა. ფასი გაზრდილია „ვისოლისა“ და „გალფის“ სადგურებზეც.
ჯერჯერობით ფასი არ გაზრდილა „სოკარისა“ და „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე. საწვავი ერთბაშად გაძვირდება ახალი წლიდან, როდესაც აქციზის გაორმაგებული განაკვეთი შევა ძალაში.
მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ტარიფი არ გაიზრდება. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის უწყვეტი მუშაობისთვის მერიამ 60-მილიონიან სუბსიდიას დამატებითი თანხა შეიძლება დაამატოს.
„მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება, ეს არის ავტობუსები და მეტრო, აქ ტარიფის ზრდას ჩვენ არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდია არის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულების დასაფინანსებლად, ესაა 60 მილიონ ლარზე მეტი. თუ იქნება საჭიროება, ჩვენ თანხას დავამატებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიური მიმართულებით ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს და ბუნებრივია, ამას გარკვეული დადებითი ეფექტი ექნება“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
MAN-ის წარმოების 143 ახალი ავტობუსი თბილისს მარტის ბოლოსთვის სრულად მოემსახურება. დედაქალაქის მერია ავტობუსებს ვადაზე ადრე შემოიყვანს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მერია ამაზე არ ჩერდება და ავტობუსების პროექტის გაგრძელების მიზნით რესურსების მოძიებას გააგრძელებს.
ლექვინაძის თქმით, მომავალ წელს მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება მეტრო. 2017 წელს თბილისის მთავრობა მეტროს 30 ვაგონს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ამისთვის შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.