„მოქალაქეები“ რჩეულიშვილისაგან 250 ათას ლარს ითხოვენ

„მოქალაქეები“ რჩეულიშვილისაგან 250 ათას ლარს ითხოვენ

სოციალისტური პარტიის ლიდერის განცხადებებს „მოქალაქეთა“ საკადრო პოლიტიკის მისამართით ის შედეგი მოჰყვა, რომ მმართველი პარტია, „პატივისა და ღირსების“ აღდგენის მიზნით, რჩეულიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. თუ სასამართლო „მოქალაქეების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, მთავარ სოციალისტს 250 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. რჩეულიშვილის ჯარიმით მმართველი პარტია რუსთაველის თეატრის ბზარების ამოვსებას აპირებს.

„მოქალაქეები“ არ ეთანხმებიან ვახტანგ რჩეულიშვილის ბრალდებას, რომ მმართველი პარტია თანამდებობებს ყიდის. უფრო მეტიც, სოციალისტთა ლიდერმა თანამემამულეებს „აუქციონზე გამოტანილი“ სარფიანი პოსტების ნიხრიც შესთავაზა. მაგალითად, რჩეულიშვილის ვერსიით, გამგებლის თანამდებობა 5 ათას დოლარამდე ღირს, მინისტრისა კი 4-დან 5 მლნ-მდე მერყეობს. მმართველი პარტია დღეს აპირებს მთაწმინდის რაიონის სასამართლოში სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების აღდგენის თაობაზე.

„მოქალაქეები“ დარწმუნებულნი არიან, რომ პროცესს მოიგებენ. ისინი მოითხოვენ, რჩეულიშვილმა უარი თქვას განცხადებაზე, რომ მმართველი პარტია თანამდებობებს ყიდის. გარდა ამისა, მორალური ზარალის კომპენსაციისთვის, „მოქალაქეები“ რჩეულიშვილის ჯიბის 250 ათასი ლარით „შემსუბუქებასაც“ ითხოვენ. „მოქალაქეების“ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ზვიად კორძაძე დაიცავს.

„მოხარული ვარ, რომ „მოქალაქეებმა“ ბრძოლა ცივილიზებული მეთოდებით დაიწყეს, - აღნიშნა რჩეულიშვილმა, - მათ ლაგოდეხის არჩევნების დროს კრიმინალური ბანდები ეხმარებოდნენ“.

მისი თქმით, მოქალაქეთა კავშირმა, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, შესაძლოა, „შეიტანა წვლილი საქართველოს განვითარებაში, მაგრამ, მოსახლეობის სიღატაკის დონის შემხედვარე, კარგის დანახვა გვიჭირს“.

რჩეულიშვილი არ აპირებს თავისი ნათქვამის უარყოფას. „ჩვენ კონკრეტული გვარებიც ვიცით და გადაწყვეტილებას მათი დასახელების თაობაზე მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ ინფორმაციის დამტკიცებას“, - ამბობს სოციალისტთა ლიდერი და დასძენს, რომ ის მხოლოდ მოწმეების ინფორმაციას ეყრდნობა და ჯერ დოკუმენტური მტკიცებულებანი არ გააჩნია.