კახა კუკავა ალტერნატიულ საკონსტიტუციო კომისიას ქმნის

კახა კუკავა ალტერნატიულ საკონსტიტუციო კომისიას ქმნის

იმედია, ისეთ საოცრებებს არ ჩაიდენენ, კონსტიტუციის დაჩეხვის სააკაშვილისეული რეკორდი მოხსნან!“ - ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

15 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დადგენილება 96 ხმით დაამტკიცა. კომისიის შემადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობის 23, უმცირესობის 8 და ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების'' ორი წევრით დაკომპლექტდება. კომისიაში ასევე იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოებისა და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ის არასაპარლამენტო პარტიებიც მიიღებენ, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი მიიღეს. ასეთი კი სულ 4 კვალიფიციური სუბიექტია - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის (3,45%), ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა (3,5%), შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია (3,14%) და ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები (4,63%). საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო ბლოკებს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ, რაც ნიშნავს, რომ 20 კვალიფიციური სუბიექტის ანუ იმ პარტიების უმეტესობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, კომისიაში ვერ მოხვდება; ამიტომ, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ეს პარტიები ალტერნატიულ კომისიას შექმნიან და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დამოუკიდებლად იმუშავებენ. თუკი საკონსტიტუციო კომისია იმისთვის შეიქმნა, ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად მაღალი იყოს, რატომ დატოვეს ,,ბორტსმიღმა'' კვალიფიციური პარტიების უმეტესობა? - ამის გარკვევას ,,ვერსია'' იურიდიული კომიტეტის წევრთან, პარლამენტარ გიორგი კახიანთან შეეცადა.
- ბატონო გიორგი, საკონტისტუციო კომისიის დაკომპლექტება სამართლიანად მიგაჩნიათ?
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტება იმ იდეას მოერგო, რომლის თანახმადაც, ეს კომისია მეტად წარმომადგენლობითი უნდა ყოფილიყო. კარგად გვესმოდა, პოლიტიკური პარტიების უმეტესობას ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი ექნებოდა, თუმცა ამ კრიტერიუმზე იმიტომ შევჯერდით, რომ კომისიას პარლამენტი ქმნის და შესაბამისად, მასში ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. კომისიაში ყოფნა იმ პოლიტიკურ პარტიებსაც შეეძლებათ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 3%-იანი ბარიერი გადალახეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ ექნებათ. 
- სხვა პარტიები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას როგორ მიიღებენ? 
- როგორც წინა საკონსტიტუციო კომისიის დროს ხდებოდა - კომისიაში ბევრი პარტია არც მაშინ იყო გაერთიანებული, მაგრამ სხდომები ღია იყო და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო; მეტიც, ეს ადამიანები სამუშაო ჯგუფების საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ და საკუთარ მოსაზრებებსაც აფიქსირებდნენ. 
- შეიძლება, მაგრამ გადაწყვეტილების საშუალება არ ჰქონდათ... 
- დიახ, არ ჰქონდათ და კენჭისყრაში მხოლოდ კომისიის წევრები მონაწილეობდნენ. 
- გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი სწორედ კენჭისყრაში მონაწილეობაა... 
- პროცესში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაც არანაკლებ. 
სხვათა შორის, მსგავსი კომისიის შექმნას, როგორც ითქვა, პრეზიდენტიც აპირებს... 
- რამდენადაც ინფორმირებული ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ფაქტი უარყო. 
- ერთ-ერთი კვალიფიციური სუბიექტის ლიდერი, კახა კუკავა გამოდის ინიციატივით, კომისიის გარეთ დარჩენილმა პარტიებმა ალტერნატიული კომისია შექმნან. ამაზე რას იტყვით? 
- ვისაც რა უნდა, ბუნებრივია, უნდა შექმნას, გნებავთ, კომისია და გნებავთ, რამე სხვა ფორმატი. არავინ არავის უკრძალავს, შეიკრიბონ და კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელონ. შემდეგ კი თავიანთი მოსაზრებები პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგინონ. 
,,ვერსია'' კახა კუკავასაც დაუკავშირდა, რომელიც ალტერნატიული კომისიის შექმნის იდეის არსებობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' ინიციატივაა, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პატრიოტთა ალიანსისგან დამოუკიდებლად განაგრძობს პოლიტიკურ მოღვაწეობას: 
,,კვალიფიციური სუბიექტების კომისიის გარეთ დატოვება უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან საკონსტიტუციო კომისიაში ყველა კვალიფიციური პარტიის მიწვევა ეჭვქვეშ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროსაც არ დამდგარა. მეტიც, მაშინ არაკვალიფიციური პარტიებიც მიიწვიეს. ამ ხელისუფლებამაც, როცა წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია შექმნა, ყველა კვალიფიციური პარტია მიიწვია. ახლა კი კვალიფიციური სუბიექტები კომისიის გარეთ დატოვეს, რაც კომისიის ლეგიტიმურობაზე სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მით უფრო, იმ ფონზე, როცა კომისიაში მონაწილეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და უშიშროების საბჭომ უარი განაცხადეს. რამდენიმე პარტია ჩვენი პარტიის წინადადებას განიხილავს, რომ ამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოვუცხადოთ და ალტერნატიული კომისია შევქმნათ. ვფიქრობ, იანვრის შუა რიცხვებისთვის ალტერნატიული კომისიის შემადგენლობა მზად იქნება. შევეცდებით, ალტერნატიული კომისია უფრო ფართო, წარმომადგენლობითი და, აქედან გამომდინარე, უფრო ლეგიტიმური იყოს. ჩვენი ამოცანა ივანიშვილის მარიონეტებზე უკეთესი პროექტის მომზადებაა. შემდეგ კი, საყოველთაო პროტესტის გზით, მივაღწიოთ, ორივე პროექტი რეფერენდუმზე გავიდეს და ივანიშვილმა კი არა, ხალხმა გადაწყვიტოს, კონსტიტუციის რომელი პროექტია უკეთესი''. 
ალტერნატიული კომისიის შექმნაზე ,,ვერსიას'' პატრიოტთა ალიანსის ბლოკის წარმომადგენელი, ახალი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გოჩა ჯოჯუაც ესაუბრა: 
,,პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია შექმნის პლატფორმას, სადაც პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს კონსტიტუციაზე ფიქრობს, საკუთარი აზრის დაფიქსირებას შეძლებს. ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც თავად უნდა, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია. ხელისუფლება სახალხო განხილვას ფორმალურად აწყობს და ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, კონსტიტუცია რა არის, აზრს ეკითხება. ჩვენ კი შევეცდებით, პროცესში სპეციალისტები, ეკონომისტები, იურისტები და ყველა დაინტერესებული მოქალაქე ჩავრთოთ და კონსენსუსს ასე მივაღწიოთ. მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ძირითად კანონზე შევთანხმდეთ. ალტერნატიული კომისიის თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა, რადგან ეს ინიციატივა, ჯერჯერობით, იდეის დონეზეა. პატრიოტთა ალიანსის ბლოკს მხოლოდ ორი კანდიდატის წარდგენის უფლება მისცეს, არადა, ბლოკში 6 პარტია ვიყავით გაერთიანებული და ექვსივე კვალიფიციური სუბიექტი ვართ; ამიტომ, საპარლამენტო კომისიის მუშაობაში არ ვმონაწილეობთ ანუ ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთია: ცდილობს, მრავალპარტიულობა მაქსიმალურად შეზღუდული იყოს. როცა კომისიაში ვინმეს არ უშვებ, საფრთხე ჩნდება. ისე, თუ ახლო წარსულს გავიხსენებთ, ხელისუფლებები სწორედ ბლოკებმა შეცვალეს. მოკლედ, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, პოლიტიკურ გამსხვილებას ხელი შეუშალოს. თუ ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებთან არ უნდა შეხვედრა, ლაპარაკი რომელ საჯარო განხილვასა და კონსენსუსზეა?'' 
რას ფიქრობენ კომისიის გარეთ დარჩენილი სხვა კვალიფიციური სუბიექტები? - ,,ვერსია'' ეროვნული ფორუმის'' ერთ-ერთ ლიდერს, ანი მიროტაძეს დაუკავშირდა: 
„გიდასტურებთ, კომისიაში მონაწილეობის შეთავაზება არ მიგვიღია, თუმცა სახელისუფლებო გუნდს შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან ამ კომისიაში მონაწილეობის აზრს ისეც ვერ ვხედავდით. კომისიაში ჩვენს მონაწილეობას ერთადერთი პლუსი ექნებოდა - ტრიბუნა გვექნებოდა, თუმცა შედეგზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენდით, რადგან ჩვენს ფუნდამენტურ მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ. ხაზს ვუსვამ: საპატიოა, როცა შენი ქვეყნის უმაღლესი კანონის - კონსტიტუციის ფორმირებაში მონაწილეობ, მაგრამ „ოცნება“ მაშინდელი მოცემულობისგან, როცა კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილს მოარგეს, არაფრით განსხვავდება და ამიტომ ამ კომისიაში მონაწილეობის აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ. ქვეყნის უმთავრეს კანონში შესწორებები 4 თვეში უნდა შეიტანონ, რაც სრული აბსურდია, რადგან ამ კონსტიტუციას ფუნდამენტური შეცვლა სჭირდება, თუმცა როგორც ჩანს, რაღაც საკითხი მოსასწრები აქვთ. ვეჭვობ, ეს საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება, მაგრამ ასევე მაქვს განცდა, რომ ასეთი დაჩქარებული ქმედების მიზეზი მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესი არ უნდა იყოს. ვიმედოვნებ, ყველაფერი ქვეყნისთვის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს არ უკავშირდება, მაგალითად, როგორიც სახელმწიფოებრივი სისტემა და კონფლიქტების მოგვარებაა. იმედია, ეყოფათ გონიერება და ისეთ საოცრებებს არ ჩაიდენენ, კონსტიტუციის დაჩეხვის კუთხით სააკაშვილის რეკორდი მოხსნან! ისე, საინტერესოა, რატომ გახადეს პრობლემა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი კომისიის თანათავმჯდომარე იყოს? ეს პრობლემა ზუსტად იმ მიზეზით შექმნეს, რითიც კომისიაში ოპოზიციის ჩართულობის წესი განსაზღვრეს. ვულოცავ: როგორი ლოგიკური კრიტერიუმი ჰქონიათ!'' 
კვალიფიციური სუბიექტების ბრალდებებს ,,ვერსიასთან'' საუბრისას უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პასუხობს. 
,,გამოვთქვით მზაობა, კომისიაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შემოსულიყვნენ და თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ, მაგრამ ოცივე კვალიფიციური სუბიექტი რომ შემოიყვანო კომისიაში, არაკვალიფიციურებმა რა დააშავეს? გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ბიუჯეტი აფინანსებს და ხალხის ინტერესების გამტარებლები უნდა იყვნენ, მაგრამ 500-დან 500-ვე ვერ მიიღებს კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას. ჩვენივე ჯგუფის წევრმა დააყენა საკითხი, კომისიაში იუსტიციის მინისტრსა და მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ერთად, მაგალითად, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებიც იყვნენ, მაგრამ კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა შეიზღუდოს''.