საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფინანსური პირამიდის ორგანიზებისთვის ორივე მათგანს 7-11 წლით პატიმრობა ემუქრება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დადგენდა, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც ათასობით მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადი შენატანი.
„შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაიცა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ - 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.
„საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკი-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.
მერაბ ფერაძე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხში როგორც დამოუკიდბელი კანდიდატი კენჭსაც იყრიდა. მან სულ 543 ხმა მიიღო, ანუ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 1.94 პროცენტი. მან საპარლამენტო არჩევნებამდე ექს-პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც მისი როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენისა და მაჟორიტარობის კანდიდატის ხელშეშლებზე საუბრობდა
ფერაძის მფლობელობაშია ასევე შპს „განთიადი“, რომელიც სპორტული აქტივობებითაა დაკავებული და წყლისა და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ჰერეთი“. ფერაძე საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთში მოღვაწეობდა.
დაზარალებული მეანაბრეები „საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ თანხების დაბრუნებას მუდმივად მოითხოვენ. კვირა არ გავა, რომ მათ სხვადასხვა სახელმწფიო უწყების წინ აქციები არ გამართონ.
5 დღის წინ დაზარალებულებმა რეაგირებისთვის პრემიერ-მინისტრს მიმართეს. სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილმა მეანაბრეებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინაი ვანიშვილსაც დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან, მათი თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლების გაკონტროლების პირობა დადო.
საფინანსო კომპანიის მეანაბრეების განცხადებით, ისინი თითქმის 2 თვეა, უშედეგოდ ითხოვენ დაკარგული თანხების დაბრუნებას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საფინანსო კომპანიაში 2700-მდე ადამიანმა შეიტანა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, რომელიც საერთო ჯამში 50 მილიონ ლარს აღემატება.