ალბათ გახსოვთ (აბა რა დაგავიწყებდათ!) პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა. ჰოდა, აი, ის მომენტი გაიხსენეთ, სააკაშვილმა სერგი კაკალაშვილის ლექსების კრებული რომ ამოიღო და წაიკითხა: „-ღმერთი რომ ვიყო, ვიტირებდი ღმერთობის გამოც... დღეს კი მივტირი ძველ ნაყანებს, ნაქცევ ველებად...“
ამის მერე შალვა ნათელაშვილმა ჩაატარა პრესკონფერენცია და ეს კაკალაშვილი სულ „ტალახში რომ აგორავა“, ხომ ნახეთ - კაკალაშვილია თუ ვიღაცა, ღვთის პირიდან არის გავარდნილი, ეს რეებსა ჯღაბნის, ბიბლია მაინც წაეკითხაო და ა.შ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ერთ წუთში (ჰა-ჰა, ორი იყოს) კახელი ბიზნესმენი სუპერპოპულარული გახდა.
მასზე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ამ ამბამდე ცოტა ხნის წინ კაჭრეთში წისქვილ-კომბინატი აამუშავა და „პრეზენტაციას“ თავად პრეზიდენტი დაესწრო. სხვათა შორის, ყოჩაღ „თბილისელებს“, ეს კაცი რომ დაიჭირა. ა, ბატონო „იმედის“ „დროებაც“ კი იყო კაჭრეთში ჩასული, მაგრამ რა გააკეთა, ვერც ვერაფერი.
სიუჟეტის ავტორმა მაია ასათიანმაც დაგვაჯერა - სერგი კაკალაშვილს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია და ინტერვიუებს თავს არიდებს, ამიტომაც ვერ ჩავწერეთო. ა, ბატონო თუ არიდებს, მაშ, „თბილისელებს“ რად არ „აერიდა“? არა, ეტყობა, „იმედი“ არ მოუვიდა პოეტ-ბიზნესმენს თვალში. რას გაიგებ, ყველას თავისი ანგარიშები აქვს.
მოკლედ, პოეტი-ბიზნესმენი 1983 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, რუსეთში წასულა, ტიუმენის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩაუბარებია. მერეო, ბიზნესში გადავიჭერიო. კომუნისტების დამხობის შემდეგ კერძო ბიზნესში წავედი, ძირითადი მიმართულება ალკოჰოლური სასმელები იყოო, მერეო ჩამოვედიო, მერეო, შევარდნაძის რეჟიმი მებრძოდა და დამაპატიმრეს, ორი წელი და ორი თვე ვიჯექიო. 1997 წელს გამომიშვეს იმ პირობით, რომ აქედან წავიდოდიო. ციხეს წასვლა სჯობდა და ნოემბრის რევოლუციის შემდეგ კი ჩამოვედი და ჩამოვედიო...
მოკლედ, ეტყობა საინტერესო წარსული ჰქონია... ახლა კი მთავარი - გეფიცებითო, კომბინატის გახსნაზე პრეზიდენტი მე არ დამიპატიჟია, ეტყობა, ინფორმაცია მიაწოდეს და თავად ისურვა ჩამოსვლა. თან, წინა ღამით გამაფრთხილეს, რომ მოდიოდა და მთელი ღამე ვინერვიულეთ, რამე „ისე“ რომ არ ყოფილიყოო. ჰოდაო, როცა ვაცილებდით, ჩემი ლექსების კრებული ვაჩუქე, გერმანიაში მიდიოდა და ვიფიქრე, თვითმფრინავში წაიკითხავს-მეთქი.
ჰოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც სერგის გაუმართლა ნაფიქრალში. წაიკითხა პრეზიდენტმა და თან როგორ! თავად ბიზნესმენი ისევ იმტკიცება, მართლა არც ვიცოდი თუ გაეცნო კრებულს, თუ მოეწონა და საერთოდაც, პარლამენტში თუ ამას წაიკითხავდაო. მოკლედო, იმ დღიდან დაიწყო ჩემი უბედურება, თორემ პოპულარობა რომ მდომებოდა, ადრეც მივაღწევდიო... მააშ! მოკლედ, ამას ჰქვია თავად პრეზიდენტმა „გაუჩალიჩაო“!
ისე, ტყუილად მოძებნით ამ გაპოპულარულებულ კრებულს მაღაზიებში, როგორც ავტორი ამბობს, მხოლოდ ათას ხუთასი ცალი დაიბეჭდა და არც ერთი ეგზემპლარი არ გამიყიდია, სულ ასე დავარიგეო. წელს კიდევ გამოვა ერთი ლექსების კრებული, თანაც იგავ-არაკებსაც ვწერ და ალბათ, ამასაც გამოვცემო...
მერე ნახეთ შალვა ნათელაშვილის სიხარული, ერთის ნაცვლად, სამი გამოცემა ექნება წასაკითხი და იცოცხლე, პრესკონფერენციების თემაც კარგა ხანი აღარ გამოელევა.