როგორ გამონაბოლქვს აფრქვევენ ავტომობილები - პასუხი უცნობია

როგორ გამონაბოლქვს აფრქვევენ ავტომობილები - პასუხი უცნობია

საქართველოში ავტომობილების საგანგაშო მატებასთან ერთად, ასეთივე ტემპით უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა. ერთ-ერთი მწვავე საკითხი მავნე გამონაბოლქვია.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ 2016 წელს მსოფლიო მასშტაბით ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტების შესამოწმებლად კვლევა ჩაატარა. დადგინდა, რომ საქართველოში, მსგავსი სტანდარტი არ არსებობს.

მეზობელ აზერბაიჯანში 2014 წელს ხელისუფლებამ ავტომობილებზე ევრო-4-ის სტანდარტები დააწესა. კანონის შესაბამისად, ქვეყანაში 2004 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა. 2016 წლის იანვარში კი უკრაინამ ავტომობილებზე ევრო-5-ის სტანდარტი დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 2010 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების შეყვანა აიკრძალა.

უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში ამ დრომდე არათუ ევრო-5-ის სტანდარტების შემოღებაზეა საუბარი, არამედ ჯერ არც ევრო-1 მოქმედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურება დაავადებების - 17%-ს, ხოლო სიკვდილიანობის 19%-ს იწვევს. დადგენილია ისიც, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების 95% ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან შესაძლოა საქართველოში ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს. ამ მოთხოვნით მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა.

კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საწვავის ხარისხი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა 2017 წლიდან უნდა გადავიდეს ევრო-5 სტანდარტის საწვავის მოხმარებაზე. თუნდაც ამიტომ, ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს კანონის დარღვევის შემთხვევაში, რა სანქციები გატარდება მის მიმართ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი მიზეზებია ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურება და ბუნებრივი წყაროები. ადამიანური მიზეზებით გარემოს დაბინძურებაში ძირითადი ადგილი უკავია ტრანსპორტის სექტორს, ასევე ენერგეტიკას, მრეწველობას და სოფლის მეურნეობის დარგს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში აღარ არსებობს ტრანსპორტის სამინისტრო, რომელიც ამ სექტორს მთლიანად მოიცავდა და არეგულირებდა. ამიტომ ეს ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა სფეროს შორის, რაც მარტივი არ არის. ჩვენი სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად ამკაცრებს საწვავის ხარისხს. წელს დავნერგეთ საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც იმედია მომავალ წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.

2018 წლიდან შემოდის ე.წ. ტექდათვალიერების აღდგენა მსუბუქი ავტომობილებისთვის, მანამდე კი ვცდილობთ, რომ მათთვის, ვისაც ახლაც ევალებათ ტექდათვალიერება (სატვირთო ავტომობლები, სამგზავრო ტრანსპორტი და სხვა), კონტროლი უფრო გამკაცრდეს. რაც შეეხება სამრეწველო სექტორს, უფრო უკეთ რეგულირდება და კონტროლდება ეროვნული კანონმდებლობით.

სამშენებლო კუთხით მშენებლობის სტანდარტის უქონლობა და მათი დაუცველობა, რომელიც შენობების აგებას თუ დაშლას ეხება, ქალაქში სერიოზული პრობლემაა. აქ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სტანდარტის დაცვა. ამ მიმართულებითაც, თბილისის მერიასთან ერთად, უნდა ვიაქტიუროთ“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

საყურადღებოა, რომ საქართველო პარაგვაის, ნიკარაგუას, იემანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ავღანეთის, მონღოლეთის და ლაოსის მსგავსად ის ქვეყანაა, სადაც ავტომობილის გამონაბოლქვი საერთოდ არ კონტროლდება და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.