"უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლების დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის, მომატებული ფასებისა და ლარის ყოველდღიური, ლამის კატასტროფამდე მისული გაუფასურების გამო ერთგვარი პანიკაა შექმნილი და უკვე ბევრი საუბრობს უკან, 90-იანი წლების სიდუხჭირესა და განუკითხაობაში დაბრუნების დიდ საფრთხეებზე. თანაც, ბოლო წლებში უშუქობას გადაჩვეულ მოსახლეობას 90-იანი წლები იმანაც გაახსენა, რომ დღე არ გავა, თბილისის რომელიმე უბანზე ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა არ მოხდეს. უკვე იყო შემთხვევა, როდესაც ძაბვის ვარდნის გამო მეტროს გვირაბიდან მგზავრების გამოყვანაც კი გახდა საჭირო, რაც 90-იანი წლების მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით სოციალური ამბოხის ზღვარზე.
"ამ ისტერიულ ფონს კი ხელისუფლება იმით პასუხობს, რომ ლარის კურსის ვარდნა გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, ფასები სხვაგანაც იმატებს, ეს ბიუჯეტი ტაძრამდე მიგვიყვანს, მოსახლეობამ ლარის კურსს არ უნდა შეხედოს, ეკონომიკა ძალიან ჯანსაღადაა და ქვეყანა ძალიან კარგ პირობებში იმყოფება. ამ ყველაფრის ფონზე კი ხელისუფლებამ გადასახადების ზრდა აქციზის ნაწილში უკვე დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც გაზრდილი ფასები კიდევ უფრო მაღლა აიწევს და ეკონომისტების პროგნოზით, ეს ყველაფერი ჯამში საშუალო ფენის განადგურების დასაწყისია. ეკონომიკის ექსპერტის პაატა შეშელიძის განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია, რადგან ამ ქვეყანას არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც რაიმეს შესაცვლელად ინტელექტი არ ჰყოფნის, ამიტომაც თუ ეს მთავრობა არ გადადგება, სულ მალე "სოციალური უკმაყოფილება გარდაუვალი იქნება - იმიტომ, რომ ვხედავთ გეგმა არაადეკვატურია და არაადეკვატურია ვითარება. ჩვენ ისე პრობლემურად არ ვცხოვრობთ, საერთაშირისო გამოწვევები არ არის ისეთი, რომ ახლა ამხელა ღრმა ორმოში ჩავვარდეთ. ხალხი არ შეეგუება და ძალიან კარგს იზამს, თუ არ შეეგუება", - ექსპერტის თქმით, საქართველოში "ასეთი ამპარტავნული მმართველობა არ გამოვა", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველომ კომუნისტები, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი დაამხო და ამას დიდხანს არ მოითმენს. ეს სომხეთი და რუსეთი არ არის. კიდევ უფრო ძლიერი მანქანები დანგრეულა, ეს ხელისუფლება კი საერთოდ მანქანაც არ არის, რაღაც ველოსიპედია", - აცხადებს შეშელიძე. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას თქმით, ხელისუფლებას მთელ რიგ პროცესებში თავი იზოლაციისკენ მიჰყავს. "ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკის ან სოციალური მახასიათებლის გაუარესების მიზეზით, არამედ უპირველესად უსამართლობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეფიციტისა და არაადეკვატურობის მიზეზით. ძალიან მოკლე პერიოდში უზომოდ ბევრი შეცდომაა დაშვებული, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდან მოყოლებული და სამწუხაროდ არ ვიცით ეს ჯამში სადამდე მივა", - აღნიშნავს გამზარდია, რომელიც დასძენს, რომ ეს ყველაფერი ან დიდ სოციალურ დეპრესიას გამოიწვევს, ან სოციალურ ამბოხს", - განაგრძობს გამოცემა.
"საზოგადოებაში არსებულ პანიკას და ბრაზს ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს და როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ლარის კურსით მანიპულირება "ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციებია" და ამით ვიღაცები ქულებს იწერენ. თუმცა, ვითარება რომ ძალიან რთულია, ამას ოპოზიციის გარდა პოლიტოლოგები და ეკონომისტებიც აქტიურად აცხადებენ. მათი მტკიცებით, ლარის კურსის და ფასების მატების გამო მთავრობა მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას თუ ვერ ახერხებს, იმას მაინც უნდა შეეცადოს, რომ გადასახადები არ გაზარდოს და მოსახლეობას ფული მეტად არ წაართვას. ისინი ხელისუფლებისგან პირველ რიგში პრობლემის აღიარებას, სამთავრობო ხარჯების შემცირებას, აქციზის გადასახადის გაზრდას ითხოვენ. მით უფრო, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" ტყუილშიც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში გადასახადების გაზრდაზე არსად საუბარი არ ყოფილა, ხელისუფლების განაღდების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ ამომრჩეველი მოატყუეს და საშუალო ფენას "მოუჭირეს ქამრები". ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს, რომელიც კვლავ ვერ ხედავს პრობლემას და რომელიც აბუჩად იგდებს ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემას ხედავენ. მისი თქმით, შესაძლოა დღევანდელი პოლიტიკა 90-იანი წლების პოლიტიკას დაემსგავსოს და ეს პრობლემაა", - დასძენს გამოცემა.
"განუკითხაობა, უპასუხისმგებლობა, გაუთავებელი დაპირებები, არამიზანმიმართული რეფორმები და ა.შ. ეს იყო 90-იან წლებში და დაახლოებით იგივეა დღესაც. კრიმინალური დონე საკმაოდ მძიმეა, ხშირია ტექნიკური ხარვეზები და ალტერნატივები არ ჩანს. ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც ჰგონია, რომ ის უვადოდაა მოსული და აკვიატება აქვს, რომ გადაწყვეტილებებს არ შეცვლის. ეს არაკომპეტენტურობა ძალიან სერიოზულად ვნებს პროცესს. ამ თვალსაზისით უკვე არის 90-იანი წლები, როდესაც შევარდნაძე შეუცვლელი ეგონათ და ყველა გადაწყვეტილება მართალი იყო. ლარს კუპონს არ შევადარებ, მარტო იმიტომ, რომ ამის საშუალებას სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები, რომელთა ვალი გვაქვს, არ მისცემენ ამ ხელისუფლებას. ამდენად კიდევ ისინი გვიცავენ ამათი დიდი შეცდომებისგან", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას პაატა შეშელიძე.
"ეკონომისტის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გეგმა შეცდომაა და ის ბევრი ტყუილისა და ხარვეზისგან შედგება. მათ შორის, მაგალითად ტყუილია ის, რომ მოგების გადასახადი უქმდება, რადგან არა გაუქმება, არამედ მისი გადავადება ხდება. პირიქით, გარკვეულ შემთხვევაში ტვირთი იზრდება კიდეც, შესაძლოა გქონდეს ზარალი, მაგრამ საბუთებით ამის ვერ დამტკიცების გამო მოგების გადასახადი გადაგახდევინონ, რაც დღეს არ ხდება. ასევე ტყუილია ის, რომ 10%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, რადგან ეს ბიუჯეტში არ ასახულა. არასწორია შემოთავაზებული ე.წ. ლარიზაცია, დოლარებში სესხების აკრძალვა. მაშინ როდესაც ის რის ყიდვასაც სესხის გამომტანი აპირებს ხშირ შემთხვევაში დოლარზე იყიდება და არა ლარზე. გამოდის, რომ გადახურდავება მოგიწევს და ამ გადახურდავებაში მსესხებელი კარგავს დამატებით თანხას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უძვირდებათ ის, რისი ყიდვაც სურთ. ასევე არ შეიძლება, რომ გადასახადების გაზრდა ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი იყოს და ეს მნიშვნელოვნად სწორედ საშუალო ფენას დააწვება ზურგზე. არასერიოზულია ის, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს თურმე აქციზის გაზრდა საწვავსა და თამბაქოზე. თუკი ადამიანს უნდა სიგარეტი და ბენზინი, ის უფრო დაბალფასიან და შესაბამისად, უხარისხოს იყიდის, ამით კი ეკოლოგია უფრო უარესდება", წერს სტატიის ავტორი.
"ყველა ის გადაწყვეტილება, რომელზეც ლაპარაკი იყო, სინამდვილეში უკუღმა მოქმედებს. როგორ შეიძლება გაზრდილმა ტვირთმა ეკონომიკა წინ წაიყვანოს?! ასეთი აბსურდული მიდგომა რახან აქვთ და სჯერათ, რომ ეს აბსურდი ტაძარში მიდის, თავად წავიდნენ და ჩვენ დაგვტოვონ. ჩვენ ტაძარში არ გვინდა, ჩვენ ცხოვრება გვსურს, ამ ცხოვრებისთვის კი ეს გეგმა არ გამოდგება. ეს ადამიანები ინტელექტუალურად რაიმეს შეცვლისთვის მზად არ არიან. ამიტომაც ჩემი პოზიცია რადიკალურია, ასეთი გზით სიარული შეცდომაა, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს და ეს მთავრობა უნდა წავიდეს", - დაასკვნის შეშელიძე.
"არჩილ გამზარდიას თქმით, არავინ იცის სადამდე შეიძლება წავიდეს ლარის გაუფასურებისა და ფასების მატების პროცესი. იმის გააზრებაც ჭირს, რა იქნება მარტში, აპრილში და ამ ფონზე ხელისუფლების მხრიდან იმედიც არ ჩანს. ის თვლის, რომ მთელ ამ პროცესში მმართველმა ძალამ შეცდომა პიარის კუთხითაც დაუშვა, თუნდაც იმით, რომ პრობლემა არ აღიარეს და რეალურად არ დაასაბუთეს, მათი ეკონომიკური გეგმა მოიტანს თუ არა გაუმჯობესებას - "ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ჩვენი დამშვიდება და ამიტომ დარწმუნებული არ ვართ, მათ ნაბიჯებს სათანადო შედეგი მოჰყვება თუ არა. შესაძლოა ყოველდღიურობა ბევრად გაუარესდეს და ეს ხელისუფლებამ ისევ სხვა რამეს დააბრალოს. ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სერიოზული მარცხია. სხვა დროს ფასების მატება არაერთხელ მომხდარა, მაგრამ მოსახლეობა მიჰყოლია ამ პროცესს, ამ შემთხვევაში კი ასე არ არის", - აღნიშნავს გამზარდია. მას ყველაზე მეტად არ მოსწონს ის, რომ ბიუჯეტის შევსება მხოლოდ რიგით მოქალაქეზე დარტყმით დაიგეგმა და ეს უსამართლობის განცდას აჩენს, რადგან ე.წ. ქამრების შემოჭერა არა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, არამედ დაბალ და საშუალო ფენაზე გადადის. მაგალითად, როდესაც ასე უჭირს საშუალო და დაბალ ფენას, ხელისუფლება გადასახადების გაზრდას არ უნდა გეგმავდეს", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ჩანს, რომ ან სოციალურ დეპრესიას მივიღებთ, ან ნელ-ნელა პროცესს, რომელიც დიდ სოციალურ ამბოხში შეიძლება გავიდეს. ეს იმიტომ, რომ აქ თემა მხოლოდ სოციალურ საკითხებზე არ არის, არამედ უსამართლობის შეგრძნებაზე, როდესაც შენ, მოქალაქეს გაკლებენ ფულს და ჩინოვნიკი არ იკლებს, როდესაც შენ გეუბნებიან, რაც გაქვს იმაზე 10%-ით ნაკლებიც გეყოფა და მინისტრებს საკმარისად მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. სოციალური უსამართლობის განცდა რომ არ გვქონდეს, ხელისუფლების მიმართ სოლიდარულები ვიქნებოდით. ალბათ გავაკრიტიკებდით, მაგრამ აგრესიაში არ გადაგვივიდოდა. ახლა კი ჩანს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილს აგრესიაში გადაგვდის და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების აგრესია სასურველი პროცესი არ არის. თუ ამ აგრესიას გასაქანი მიეცემა, კარგად ვიცით რაც მოხდება. ხოლო თუ ხელისუფლება მოინდომებს აგრესიის ჩახშობას, ამის ერთადერთი ხერხია დიქტატურაა, რომ ამით საზოგადოების რისხვა შეაკავონ. ორივე შემთხვევა სამომავლოდ არასასურველი განვითარებაა", - დასძენს არჩილ გამზარდია.
interpressnews.ge