29 მაისს სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის სერგეი ბაღაფშის მოულოდნელი დაღუპვა აფხაზურ პოლიტიკას აშკარად შეარყევს. ზოგიერთი აფხაზი ექსპერტის აზრით, მთავარი საკითხი ის არის, გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას
62 წლის სერგეი ბაღაფში, რომელიც აფხაზეთის ბევრი მცხოვრებისთვის პატივსაცემი ადამიანი იყო, როგორც ტექნოკრატი და ქმედითი ადამიანი, ამ ტერიტორიას მისი რთული ისტორიის შედარებით მშვიდ პერიოდში მართავდა. ის მარჯვენა ფილტვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა მდგომარეობის გართულების გამო, რასაც გულის უკმარისობა მოჰყვა, იუწყებოდა აფხაზური და რუსული მედია. „რია ნოვოსტის“ 20 მაისის ცნობით, აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სერგეი ბაღაფში კიბოს დაავადებისგან დაიღუპა.
მას 2 ივნისს, სამდღიანი ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. ჯგერდა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ოჩამჩირესთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.
სერგეი ბაღაფში ხელისუფებაში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მისმა გარდაცვალებამ აფხაზეთის ბევრ მცხოვრებს თითქოს ფეხებქვეშ მიწა გამოაცალა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ თითქოს სტაბილურობის განცდა დაგვიბრუნდა. იმედი მაქვს ეს ყველაფერი ფუჭად არ ჩაივლის“ – ამბობს სოხუმისდაახლოებით 30 წლის მცხოვრები ვლად დგენია.
„ის სამი კვირის წინ ვნახე. არაფერი ეტყობოდა იმის, რომ შეიძლება მალე დაღუპულიყო“ – ამბობს სოხუმის საზოგადოებრივი ცენტრის ჰუმანიტარული პროგრამების დირექტორის მოადგილე ლიანა ყვარჩელია. მისი თქმით, უმალ გავრცელდა ხმები შეთქმულების თეორიებსა და ბინძურ თამაშებზე, მაგრამ ადგილობრივ პოლიტიკოსებს ჩვეულებრივ არ უყვართ საკუთარ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობებზე საუბარი – ამბობს იგი. 1992-93 წლებში თბილისის წინააღმდეგ აფხაზეთის აჯანყების ლიდერი ვლადისლავ არძინბა 2004 წელს თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. ბევრი ფიქრობს, რომ გადადგომის მიზეზი კიბოს დაავადება გახდა. ის 2010 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.
ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ბაღაფშის გარდაცვალებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გახდა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის პოსტზე მთავარი პრეტენდენტები ალექსანდრე ანქვაბის გარდა იქნებიან რესპუბლიკის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დიდი ხნის მხარდამჭერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და წარსულში „კაგებეს“ ოფიცერი რაულ ხაჯიმბა.
მას შემდეგ რაც 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, სერგეი ბაღაფშს რთული პერიოდი დაუდგა. მას უწევდა ბალანსის დაცვა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, უძრავი ქონების და თავდაცვის სფეროში რუსეთის გავლენის განმტკიცებასა და ოპონენტების ბრალდებებს შორის, რომლებიც მას რესპუბლიკის დამოუკიდებლობით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ.
ზოგიერთი მიმომხილველი, მათ შორის დამოუკიდებელი გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი შიშობს, რომ ბაღაფშის პოსტზე პრეტენდენტთა შორის მოსალოდნელი ბრძოლა აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. 29 მაისს „რადიო თავისუფლების“ „ეხო კავკაზში“ ის ხაზგასმით აცხადებდა, რომ აფხაზეთი არ არის მზად პოლიტიკური ვნებათაღელვისთვის, რაც სერგეი ბაღაფშის წასვლას შეიძლება მოჰყვეს.
„რა თქმა უნდა პრეზიდენტის გარდაცვალებამ უზარმაზარი პრობლემები შექმნა, ქვეყანა აბსოლუტურად არ არის მზად არც მორალურად და არც არანაირად პოლიტიკური გადაადგილებებისთვის – წერდა იგი – „ა დღეს ყველას ესმის, რომ პრეზიდენტ ბაღაფშთან ერთად სტაბილურობაც წავიდა“.
კალათბურთის სერიოზული მოთამაშე, სერგეი ბაღაფში ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ენერგეტიკულ კომპანია „ჩერნომორენერგოს“, როდესაც 2005 წელს რესპუბლიკის მეორე დე-ფაქტო პრეზიდენტი გახდა და არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა დაამარცხა. სერგეი ბაღაფში, რომელიც 1980-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიონის პირველი მდივანი იყო, საქართველოსთან დაშორების შემდეგ, აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობდა, მათ შორის 1997-1999 წლებში დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად.
ლიანა ყვარჩელიას თქმით, მართალია ბევრი ელოდება რომ ზაფხულში შამბას და ანქვაბს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდება, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ ბაღაფშმა მიაღწია რა აფხაზეთის ხელისუფლების მწვერვალს, ამ ხელისუფლების გადაცემის ინსტიტუტები შექმნა.
„არ მგონია, რომ დესტაბილიზაცია იქნება“ – ამბობს ლიანა ყვარჩელია – „2009 წელს [როდესაც ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად], ადამიანებმა ხმა სტაბილურობას მისცეს, ვფიქრობ ახლაც სტაბილურობას დაუჭერენ მხარს“.
მისი თქმით, სერგეი ბაღაფშის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო აბსოლუტურად პოლარული ხასიათების გაერთიანების უნარი. მაგალითად მას მოჰყავს ის კომპრომისული შეთანხმება, რომელსაც მან მოსკოვის მხარდაჭერილ კანდიდატთან რაულ ხაჯიმბასთან მიაღწია, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. 2009 წელს გადადგომამდე, ხაჯიმბას რომელიც დღეს ოპოზიციაშია და ნაციონალისტური ლოზუნგებით გამოდის, რეპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
სხვა მიმომხილველების, მაგალითად ჟურნალ „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მთავარი რედაქტორის თეოდორე ლუკიანოვის აზრით, აფხაზური ელექტორატის ნაციონალური ღირსების და დამოუკიდებლობის ძლიერი განცდა იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი ღიად ვერ მოახდენს გავლენას რომელიმე კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, როგორც ამას 2004 წელს შეეცადა, როდესაც კრემლმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რაულ ხაჯიმბას.
„ამავდროულად ის [მოსკოვი] ვერ გაუშვებს პროცესს კონტროლიდან, რაც საქართველოსთვის დიდი საჩუქარი გახდებოდა და ჩრდილოეთ-კავკასიაში შემდგომი დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა“ – ამბობს ლუკიანოვი. მისი აზრით სავარაუდო სცენარი ის იქნება, რომ მოსკოვი სერიოზულ კონსულტაციებს გამართავს პარტიებთან და დააკვირდება, რომელს ექნება საკუთარ ხელში ხელისუფლების განმტკიცების უფრო მეტი შანსი.
თბილისმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბაღაფშის მემკვიდრის არჩევნები ნამდვილი არ იქნება და აფხაზეთის პოლიტიკურ მდგომარეობაზე არანაირად არ აისახება.
საქართველოს ხელისუფლებას არაფერი უთქვამს იმაზეც, აღნიშნული საკითხი განიხილებოდა თუ არა 29-31 მაისს თბილისში შვეიცარიის პრეზიდენტის მიშლინ კალმი-რეის ვიზიტის დროს. დღევანდელ დღეს, შვეიცარია რუსეთს და საქართველოს შორის შუამავალია.
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე რონდელს კი მიაჩნია, რომ რუსეთი დარჩება ჩრდილში და არ გაიმეორებს 2004 წლის შეცდომას. ქართველი ანალიტიკოსების უმრავლესობის მსგავსად ის ამტკიცებს, რომ რესპუბლიკის დე-ფაქტო მთავრობა უდაოდ რუსული კონტროლის ქვეშ არის.
„მოსკოვი აირჩევს ყველაზე თვინიერს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო ფრთხილად იმოქმედებს“ – ფიქრობს ალექსანდრე რონდელი – „თუკი ის ღიად გამოხატავს თავის სურვილს, ხალხი მას შეეწინააღმდეგება“.
foreingpress.ge