მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დაგვედგინა მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. რისი გაგება შევძელით, ამას ჩვენს მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.
უპირველესად მის ვებ–გვერდზე შევედით, სადაც არ წერია ამჟამად სად არის. შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის 10 წევრთან ტელეფონით დაკავშირება ვცადეთ და მხოლოდ ოთხ შემთხვევაში გაგვიმართლა. ანუ ოთხმა პარლამენტარმა გვიპასუხა, მაგრამ რად გინდათ?! – მათ მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.
პარლამენტარებისგან, რომ ვერაფერი შევიტყვეთ, ვიფიქრეთ, ეგება და პირადი კონტაქტებით, პოლიტოლოგებმა იცოდნენ რაიმე–თქო და ჰამლეტ ჭიპაშვილს, გია ხუხაშვილს, ანდრო ბარნოვს, რამაზ კლიმიაშვილს და არჩილ გეგეშიძეს დავუკავშირდით. მათ პასუხებს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე, სააკაშვილის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გაგაცნობთ:
განახლებულ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებში, თარიღებს აღარ უთითებენ. ანუ, თუ ყოველ დღე არა ხარ ჩასაფრებული, შეიძლება დაიბნე. ამ წუთში მთავარ გვერდზე, სიახლეების ნუსხაში, ბოლო სიახლე ასეთია:
“საქართველოს პრეზიდენტი ერთდღიანი ვიზიტით არუბაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი არუბას პრემიერ-მინისტრს მიშელ (გოდფრაიდ) ემანს , ასევე, არუბას გუბერნატორს ფრედის რეფუნჯოლის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს კარიბის რეგიონის ურთიერთობების თაობაზე სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან“.
ამ ვებ–გვერდზე დაყრდნობით, სააგენტო “პირველმა“ 11 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია სააკაშვილის არუბაში ყოფნის შესახებ – ეტყობა სააგენტოს ჟურნალისტები ჩასაფრებულები იყვნენ და ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაავრცელეს.
არუბაში ჩასვლამდე სააკაშვილი კოლუბიიდან რუსეთ–საქართველოს საბრძოლო მოქმედებების დაწყების ორი წლისთავს ასე გამოეხმაურა – “ომი 7აგვისტოზე ბევრად ადრე დაიწყო, აგრესია დღესაც გრძელდება, ამიტომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოსო...“
7 აგვისტოს სააკაშვილი კოლუმბიის დედაქალაქში, ბოგოტაში “ისტორიულ მოვლენას“ – ახლადარჩეული პრეზიდენტის ხოსე სანტოსის ინაუგურაციას დაესწრო, სადაც 5–ში გაემგზავრა. ბოგოტაში ყოფნის თაობაზე ვებ–გვერდზე ასეთი ინფორმაციაა განთავსებული – “მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ისტორიულ მოვლენას. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დემოკრატიული ფასეულობები მნიშვნელოვანია, კოლუმბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ამ შემოთავაზებას და დავესწარი ინაუგურაციის ცერემონიას“.
ვებ–გვერდზე ისიც არის მითითებული, რომ “მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი ევროპელი პრეზიდენტი, რომელიც კოლუმბიის ხელისუფლებამ მიიწვია. ინაუგურაციაზე ჩასულ პრეზიდენტებს საშუალება ჰქონდათ ვახშამზე, არაოფიციალურ ვითარებაში ესაუბრათ“.
საპარლამენტო უმრავლესობის 10 წევრიდან: შოთა მალაშხიას, კობა ხაბაზს, ჩიორა თაქთაქიშვილს და გივი თარგამაძეს მობილური ტელეფონები გამორთული ჰქონდათ; ეკა ხერხეულიძემ და აკაკი მინაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გია არსენიშვილმა კი გვითხრა: “ვერაფერს გეტყვით, ახლა, ამ წუთას კახეთში ვარ, ალაზნის პირას და თელავში, სახლში მივდივარ. ნამდვილად არ ვიცი სად არის“. გამომშვიდობებისას არსენიშვილმა ასე დაგვამშვიდა – “თქვენ გული არ გაიტეხოთ“.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქვათარაძემ მართალია გვიპასუხა, მაგრამ ტელეფონი ისე მალე გათიშა, ვეღარაფრის კითხვა მოვასწარით – “საქართველოში არ გახლავართ და, შესაბამისად, არც ვიცი“.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სოსო ქუთათელაძეც საზღვარგარეთ აღმოჩნდა – “მე არა მაქვს ინფორმაცია; თვითონ არა ვარ საქართველოში, შვებულებაში ვარ, საზღვარგარეთ“.
კოლეგებისგან განსხვავებით, პარლამენტარი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ამავდროულად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, შვებულებას საქართველოში, მშობლიურ სოფელში ატარებს, მაგრამ არც მან იცის სად არის ახლა მიხეილ სააკაშვილი – “ბოდიშს ვიხდი, შვებულებაში ვარ, სოფელში; მე თვითონ ვისვენებ“.
პოლიტოლოგებიდან პირველად ჰამლეტ ჭიპაშვილს დავურეკეთ, რადგან, ის ყოველდღიურად ეცნობა უცხოურ პრესას, სადაც შეიძლება ეწეროს რაიმე, სააკაშვილის უცხოეთში ყოფნის დეტალებზე, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გაგვიმართლა:
“სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება მსოფლიო პრესამ ილაპარაკოს. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ვთქვათ, 2008 წლის ომი წამოიწყო, მაშინ მასზე ყურადღება გამახვილებული იყო, თორემ, ისე, დასავლეთში სააკაშვილზე რაც იწერება, ეს ჩვენი შეკვეთით, უფრო სწორად, თვით სააკაშვილის და ამერიკის ლობისტური წრეების შემწეობით კეთდება. ამ შემთხვევაში, სააკაშვილი სად იმყოფება, რას აკეთებს, როგორ ერთობა და ასე შემდეგ, ამის შესახებ დასავლურ პრესაში თვალი ჯერჯერობით არ მომიკრავს“.
არც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა იცის რაიმე, სააკაშვილის ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე:
“მოვისმინე, რომ კუნძულ არუბას პრემიერ–მინისტრს შეხვედრია და კარიბის კუნძულებთან პრობლემა არ გვქონია; ეს “უმნიშვნელოვანესი“ საკითხი გადაწყვეტილია – კარიბის კუნძულების თემა მოგვარებულია. სხვა რა გითხრათ?! მეტი არაფერი ვიცი, ჩემთან არ დაურეკავს“.
პოლიტოლოგმა ანდრო ბარნოვმა გაიოცა, მე საიდან და რატომ უნდა ვიცოდე მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელიო, მაგრამ მას შემდეგ, რაც განვუმარტეთ, რომ ის არ იყო პირველი პოლიტოლოგი, რომელსაც ვუსვამდით კითხვას მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ და დავაზუსტეთ – ეგებ პირადი კონტაქტებით რაიმე იცოდეთ–თქო, მოგვიგო:
“ააა, პირადი კონტაქტებით?! სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. დარწმუნებული ვარ, რომ არის კარგად, ჯანმრთელად და სად არის, ეს არ ვიცი“.
ჩვენმა კითხვამ პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძეც გააოცა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სატელეფონო ზარის მიზეზი განვუმარტეთ (ისე, როგორც ანდრო ბარნოვს), მოგვიგო:
“საიდან უნდა მქონდეს ინფორმაცია?! ნამდვილად არ მაქვს. ამ საკითხში ვერ დაგეხმარებით, ნამდვილად არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია“.
ბარნოვისა და გეგეშიძისგან განსხვავებით, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ჩვენი კითხვა არ გაჰკვირვებია, ზემოთ დასახელებული რესპონდენტების უმრავლესობის მსგავსად (არჩილ გეგეშიძის და ირაკლი ქავთარაძის გარდა), პასუხი სულ ღიმილ–ღიმილით გაგვცა:
“მგონი სააკაშვილმა თვითონ არ იცის, სად არის. არაერთხელ დავწერე, რომ სააკაშვილს მთელი თავისი ხიბლი აქვს საკუთარ თვითმფრინავში. ავლაბრის რეზიდენციას რომ დაკარგავს, ეს ამბავი შესანიშნავად იცის. ამიტომ უყვარს თავისი თვითმფრინავი. თვითმრინავში ჩაჯდება და მერე ეკითხება მფრინავს – სად წავიდეთ? აი, ეს არის მისი პრობლემა – სადმე უნდა წავიდეს.
იცის, რომ საქართველოს ვანო მერაბიშვილი შესანიშნავად მართავს ისე, რომ სააკაშვილს, არც არაფერს ეკითხება, ისევე, როგორც გიგი უგულავა. მათ სააკაშვილი სულ არ ადარდებთ. ჰოდა, რა ქნას?! სულ ბათუმსა და ბობოყვათში ხომ ვერ იქნება?! ჩაჯდება თვითმფრინავში და სადმე წავა, ოღონდ აქედან შორს იყოს. აი, ეს არის მისთვის მთავარი“.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აშშ–ში იმყოფება, თუმცა რატომ და რისთვის, უცნობია. თუმცა, სანამ ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა, სააკაშვილის თვითმფრინავმა ალბათ რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნისკენ აიღო გეზი...