საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. ის ისევ 6,5 პროცენტია. სებ-ის განმარტებით, აქციზის გადასახადის ზრდის გამო მოსალოდნელია ფასების მატება და ამიტომ, არსებული მაჩვენებლის შენარჩუნება მიზანშეწონილად ჩაითვალა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ბაზარზე არავითარ ცვლილებას არ მოახდენს და არც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. სებ-ს უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაეკავებინა, რათა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩარჩოებში მოექცია.
„ლარის გაუფასურება ჩვენი პოლიტიკის შედეგია. ამას იწვევს ერთის მხრივ, ეროვნული ბანკი, მეორეს მხრივ მთავრობა. თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილება ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ლარის გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და შეინარჩუნა საკმაოდ დაბალი განაკვეთი რეფინანსირებაზე. ბევრად გონივრული იქნებოდა, ეროვნულ ბანკს განაკვეთი აეწია, რაც შეიძლება მაღლა, რომ ამით შეეკავებინა ფულის ფასის მიწოდება და კომერციული ბანკები გადაეწყო ბაზარზე“, - აცხადებს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.
იგი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკაში განსაკუთრებით გამოკვეთილია ხარვეზები, რომელიც ადეკვატური არ არის მიმდინარე პროცესებისადმი.
„10-პუნქტიან გეგმაში ბევრი ხარვეზია. მოგების გადასახადის გაუქმება არ მოხდება, ეს უბრალოდ გადავადებაა. ონლაინ სესხები არ აიკრძალება, ეს იქნება რეგულირება და როგორ დაარეგულირებენ არ არის გარკვეული. სახელმწიფო ხარჯები შემცირდება, რაც არ არის დადასტურებული ბიუჯეტით“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, იზრდება გადასახადი, ასევე იგეგმება აქციზების გაზრდა მანქანებზე, თამბაქოსა და საწვავზე. მოსახლეობას ყველაფერი ეს მძიმე ტვირთად დააწვება.
ფასიანი ქაღალდის ბაზრის ექსპერტი გიორგი ლოლაძე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ცვალებადობა რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ლარის კურსზე. მით უფრო დღევანდელ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ცვლილება მოჰყვეს.
„კურსის ფორმირებას ძირითადად იწვევს მიმოქცევაში არსებული დოლარისა და ლარის მასა. როდესაც ლარის მასა იზრდება, ხოლო დოლარის მცირდება, შესაბამისად, კურსი მაღლა მიდის. ამიტომ საჭიროა მიმოქცევაში არსებული ჭარბი ლარის მიზანმიმართული გამოყენება მოხდეს. დღეს საქართველოში გარდა საბანკო არხებისა, სხვა ალტერნატიული საშუალება ლარის „დაბინავებისა“ არ არსებობს. ამიტომ საჭიროა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ვალუტის ინვესტირება მოხდება სამამულო ეკონომიკაში“, - აცხადებს ლოლაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2016 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 720,1 მილიონი ლარის მოცულობის 19 167 სესხი იყო გაცემული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სესხების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზე იყო მიბმული. რაც ნიშნავს, რომ მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5% დატოვა.
„ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა 587-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი პორტფელი - 724,5 მილიონი ლარიდან 720,1 მილიონამდე შემცირდა. 19 167 ხელშეკრულებიდან 9 506 სამომხმარებლო სესხია, რომლის მოცულობაც 92,3 მილიონი ლარია, ხოლო 1-ლი ნოემბრისთვის ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 15.0% შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი 264 მილიონი ლარით არის შემცირებული. როგორც „საზოგადოება და ბანკებში“ აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 14.6% - დან 12.5%-მდე დაიწია, რეფინანსირებაზე მიბმული სასესხო პორტფელი მაინც შემცირდა, რაც ერთი მხრივ, დაბალი ეკონომიკური ზრდით და მეორე მხრივ, შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითაა განპირობებული.