რა ჩაიფიქრა „გირჩმა“
ეს საკითხი დღის წესრიგში სხვა დროსაც მდგარა, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „გირჩელმა“ ზურაბ ჯაფარიძემ „პოლიტიკური წამზომი“ ჩართო და ხელისუფლებას დაემუქრასავით, 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პირდაპირ ეთერში მარიხუანას დავთესავო. რამდენიმე დღის წინ კი, კერძოდ, 10 დეკემბერს, ე.წ. თეთრი ხმაურის მოძრაობამ პარლამენტის თბილისის შენობასთან საპროტესტი აქცია გამართა, რუსთაველის გამზირი გადაკეტა და მე-9 მოწვევის პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. აქცია ინციდენტით დამთავრდა - პოლიციამ „თეთრი ხმაურის“ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
საერთოდ, ნარკოპოლიტიკა ის საკითხია, რომლის მიმართაც საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ზოგი მიიჩნევს, რომ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, ზოგი კი, პირიქით - რომ ნებისმიერი „წამლის“ მოხმარება კრიმინალია, თუმცა ამჯერად, „ვერსია“ ყურადღებას საკითხის პოლიტიკურ ასპექტებზე გაამახვილებს, მით უმეტეს, კონფიდენციალური წყარო ერთობ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ყველაფერ ამით დიდი პოლიტიკური მიზნებია შენიღბული.
„ნარკოპოლიტიკის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და თუნდაც ახალი პოლიტიკური ცენტრის, ,,გირჩის'', ასე ვთქვათ, საახალწლო ინიციატივა კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ და, მინიმუმ, კითხვა დავსვათ: ქვეყანაში, სადაც უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, პოლიტიკოსები მაინცდამაინც ამ თემის ლობისტებად რატომ გვევლინებიან? ზოგადად, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. ჰოდა, თუ გირჩის ინიციატივასაც ამ კუთხით შევხედავთ, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილია'', - ამბობს „ვერსიის“ ოპერატიული მეკავშირე, რომელიც მსჯელობისას, ,,გირჩის'' შექმნის დეტალებსაც იხსენებს, - ,,ამ პოლიტიკური გუნდის ყველა სახე ყოფილი ნაციონალია, თან იგივე ზურაბ ჯაფარიძე თუ გოგა ხაჩიძე რიგითი კი არა, გავლენიანი ნაცები იყვნენ - ჯაფარიძე ყოფილი მმართველი გუნდის გენდმივანი გახლდათ, გოგა კი მთელი ცხრა წელი გვიმღეროდა, „მიშა მაგარიაო“. ჰოდა, როცა ადამიანებს ასეთი ბეგრაუნდი აქვთ, არ მგონია, წარსულისგან ხელის ერთი მოსმით გათავისუფლდნენ“.
„ვერსია“, ბუნებრივია, დაინტერესდა, ამით რაზე მიანიშნებდა და კონფიდენტს ჩაეძია, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ,,გირჩსა,, და ყოფილ მმართველ გუნდს შორის გარკვეული სახის კავშირები დღემდე არსებობს.
„ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე ითქვა, ,,გირჩი'' „ოცნების“ პროექტიაო, მაგრამ მე სხვა ინფორმაცია მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ ნაცმოძრაობიდან მხოლოდ ჯაფარიძე-ხაჩიძის გამოყოფა კი არა, იგივე გიორგი ვაშაძის წამოსვლაც ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო. სხვათა შორის, ის ნაციონალები, რომლებიც ე.წ. მიშას ფრთის წევრები არიან, პირად საუბრებში დღესაც ამბობენ, რომ მაშინ, როცა საჭირო გახდება, ვაშაძე ბარიკადებზე მათთან ერთად დადგება და „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს“, - აღნიშნავს ინკოგნიტო რესპოდენტი, რომლის ვერსიითაც, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოსვლების საბაბი შესაძლოა, სწორედ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნა გახდეს.
„ახლა, ვერ ვიტყვი, მთელი ქვეყანა-მეთქი, მაგრამ მარიხუანა ის თემაა, რომელიც, მეტ-ნაკლებად, ყველას აღელვებს ანუ ორიდან ერთ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია და როცა საშუალება ეძლევა, „დაბოლებაზე“ უარს არ ამბობს. შესაბამისად, არავის უნდა, „კანაფის“ გამო ან ჯარიმა გადაიხადოს, ან ციხეში აღმოჩნდეს. ერთი სიტყვით, საკითხი მეტად სენსიტიურია და კარგადაა შერჩეული ანუ როგორც მითხრეს, ხალხს ქუჩაში სწორედ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საბაბით გამოიყვანენ, მაგრამ მერე, აქციის მოთხოვნები ნელ-ნელა პოლიტიკური გახდება და საქმე შესაძლოა, ხელისუფლების გადადგომამდე, ესე იგი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდეც მივიდეს“, - ეუბნება „ვერსიას“ პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შესახებ ერთ-ერთი იმ ნაციონალისგან შეიტყო, რომელიც ბოლო დროს ასპარეზზე ხშირად აღარ ჩანს, თუმცა ყოფილი მმართველი გუნდის კულუარებში კარგად ერკვევა.
ოპერატიული წყაროს მიერ „ვერსიისთვის“ მოწოდებული კულუარული ინფორმაცია ზოგს შეიძლება, აბსურდულად მოეჩვენოს, მაგრამ თუკი კარგად დავაკვირდებით, ამ ვერსიაში ლოგიკის მარცვალი არის და აი, რატომ:
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ეკონომიკისა და ლარის გამყარების რამდენიმეპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, გიორგი ვაშაძის გუნდმა მთავრობას საკუთარი ულტიმატუმები წაუყენა და ისიც დააყოლა, ,,ოცნებას'' ორკვირიან ვადას ვაძლევ და თუ ამ მოწოდებას ყურად არ იღებს, საპროტესტო აქციებს დავიწყებო. ვაშაძის თანაგუნდელები არც იმის თქმას მოერიდნენ, რომ პროტესტის ერთ-ერთი ფორმა სახელმწიფო უწყებების პიკეტირება იქნება. პიკეტირებისთვის რამდენი ათეული ან სულაც ასეული ადამიანი საკმარისი არ არის. ამისთვის კრიტიკული მასაა საჭირო. მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ყველა ყაიდის პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური მუხტი არ არსებობს, რაც ქუჩაში კრიტიკულ მასას გამოიყვანს, თუმცა სხვა საკითხია ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია ანუ იმის გამო, რომ ადამიანი ე.წ. მსუბუქი წამლის მოხმარებისთვის ციხეში არ ჩასვან, ქუჩაში შეიძლება, სრულიად აპოლიტიკური ხალხიც გამოვიდეს.
„მთავარია, ნაპერწკალი იყოს და მერე, ხანძრის გაჩენასაც არაფერი უნდა“, - აღნიშნავს „ვერსიასთან“ ოპერატიულ კავშირზე მყოფი პიროვნება, რომლის მონაცემებითაც, იგივე ზემოხსენებული აქციის ავანგარდში, რომელიც პარლამენტის თბილისის შენობის წინ 10 დეკემბერს გაიმართა, ე.წ. პლანაქეშები იდგნენ.
„ზოგადად, ყოფილი ხელისუფლება წამალდამოკიდებულებს საკუთარი მიზნების მისაღწევად კარგად იყენებდა. მართალია, ნაციონალები დეკლალირებდნენ, რომ ნარკომანიას ებრძოდნენ, მაგრამ მათ ძალიან მავნე პრაქტიკა დანერგეს - ჯერ ერთი, ნარკომანია ელიტური გახადეს ანუ სუბუტექსი და სხვა მსგავსი აბები ისე გააძვირეს, რომ მისი ყიდვა ყველას არ შეეძლო და ადამიანი, რომელსაც „ლომკა“ ჰქონდა, იძულებული ხდებოდა, ისეთ კუსტარულ ნარკოტიკზე გადასულიყო, როგორიც, მაგალითად, „კრაკადილია“. მეორეც, ნაცების დროს ასეთი შემთხვევებიც ხდებოდა - წამალდამოკიდებულს ეუბნებოდნენ, არ დაგიჭერთ, თუ ჩვენი „ნასედკა“ გახდებიო. ჰოდა, ამ ხალხს ან ინფორმატორებად იყენებდნენ, ან ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ნარკომომხმარებელი აიძულეს, მუშაობა, მაგალითად, ციხეში დაეწყო და იქ ყველა ის ბინძური მითითება შეესრულებინა, რასაც „ზევიდან“ მისცემდნენ“, - ეუბნება „ვერსიას“ ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც ეჭვობს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობიდან ,,გირჩისა'' თუ ვაშაძის გამოყოფა ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაღმი იყო, რომელიც საჭირო დროს ამოქმედდება.
„ეს „საჭირო დრო“ შეიძლება, უკვე დადგა - ,,გირჩმაც'' და ვაშაძემაც ისეთი იმიჯი შეიქმნეს, რომ ნაცებთან საერთო აღარაფერი აქვთ. ჰოდა, თუნდაც ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის მათეულ მოთხოვნას მხარი შეიძლება, უამრავმა ადამიანმა დაუჭიროს და ქუჩაში გამოვიდეს. მთავარი მიზანიც, ჩემი აზრით, სწორედ ქუჩის დაკავებაა, თორემ მერე რა მოხდება, ძნელი გასათვლელია“, - ამბობს „ვერსიის“ რესპოდენტი.
სხვათა შორის, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ამ დღეებში ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გაავრცელა, სადაც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ თუკი ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, მოძრაობა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავს.
ცნობისთვის: სოციალურ ქსელ Facebook-ში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ გვერდი 2013 წლიდან იძებნება და გრაფაში - „ჩემს შესახებ“ წერია: ნარკოპოლიტიკა „ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან ადამიანთა განდევნის მექანიზმია, მარტივი ფულის წყაროა ბიუჯეტისთვის და მათთვის, ვინც საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს საზოგადოებრივ აზრად ასაღებს და ამბობს, რომ მზად არ ვართ ჰუმანური ცვლილებებისთვის. ერთადერთი, ვინც არსებითი ცვლილებისთვის მზად არ არის, ეს თავად სახელმწიფოა, პოლიციური სახელმწიფო, რომელიც კბილებით იცავს საკუთარ სადამსჯელო პრივილეგიებს. დროა, სიღრმისეულად გავიაზროთ საკითხები და პრობლემების გამოაშკარავებასთან ერთად მათ საწყისებს დავუპირისპირდეთ. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ჩვენი სამართლიანი უკმაყოფილების საერთო ძალით ფორმირების ინიციატივაა. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც საკუთარ თავზე განიცადა უღირსი ნარკოპოლიტიკის შედეგები და მათთვის, ვინც სოლიდარულია ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ ფუჭ საუბარს ნარკოტიკის ავკარგიანობაზე. ნარკოტიკი არსებობდა და იარსებებს, იარსებებენ მისი მომხმარებლებიც. ჩვენ ვსაუბრობთ მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე, უდანაშაულოთა ბოროტმოქმედებად შერაცხვის მექანიზმზე და სახელმწიფოზე, რომელიც ამ პოლიტიკის გატარებით თავად ჩადის ბოროტმოქმედებას“.