ექსკლუზიური ინტერვიუ განათლების მინისტრთან

ექსკლუზიური ინტერვიუ განათლების მინისტრთან

ალექსანდრე ჯეჯელავაოცნებისმინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. საზოგადოების ნაწილი მას მთავრობის ყველაზე ნოვატორ წევრად მოიხსენიებს, ნაწილისთვის კიმენეჯერი ჯეჯელავაქართული განათლებისა და ღირსების წინააღმდეგ მებრძოლია.

შეფასებები ნაკლებად აინტერესებთ პედაგოგებს, რომლებიც ,,ვერსიასთან'' სისტემაში არსებულ არაერთ პრობლემაზე საუბრობენ და მათი მოგვარების, ასევე ხელფასების მომატების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებსაც კი აანონსებენ. ელის თუ არა მასწავლებელთა პროტესტს, გაუზრდის თუ არა მათ ანაზღაურებას, როგორ რეაგირებს კრიტიკაზე, რა თვისებრივ ცვლილებებს გეგმავს, რას ერჩის ქართულ ზღაპრებს, ამოიღებს თუ არა პროგრამიდან საზეპიროებს, რა შეთანხმება აქვს პრემიერ კვირიკაშვილთან, გაუშვებს თუ არა შვილს პროფსასწავლებელში და გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, რატომ დაიწყო სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი? ,,ვერსიის'' კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პასუხობს.

ბატონო ალექსანდრე, 2017 წლის ბიუჯეტით, განათლების დაფინანსება იზრდება. ამ თანხას რა მიმართულებით გახარჯავთ? 
- რამდენიმე მთავარი პრიორიტეტი გვექნება. პირველი: მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით გაიზრდება ხელფასები და დანამატები. თითქმის 2 წელია სქემა არსებობს და უკვე 16 ათასი მასწავლებელია დაწინაურებული, რაც კარგი შედეგია. ხელფასის შემდგომი ზრდა ნიშნავს, რომ დაწინაურება საკმაოდ რთულია. ამ მიმართულებით, გარკვეული ცვლილებები უკვე გავატარეთ და რაღაცები დავხვეწეთ. მაგალითად, პედაგოგიკის გამოცდას ისევ ვაბრუნებთ. ასევე ვამატებთ კომპონენტებს, რომელიც შეეხება მშობლებთან ინდივიდუალურ მუშაობას, რაც კრედიტების მომტანი იქნება. დაემატა სხვა კომპონენტებიც. მაგალითად, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა... მასწავლებელს დაწინაურებისთვის სერიოზული მოტივაცია სჭირდება. 
და ეს მოტივაცია ციფრებში როგორ გამოისახება? რამდენით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი? 
- საბაზო ხელფასი კვლავ უცვლელი რჩება, თუმცა ყოველ მომდევნო საფეხურზე მყოფი მასწავლებლის ხელფასი და დანამატი იზრდება. 2017 წლიდან, ყველაზე მაღალი რანგის მასწავლებლის, მენტორის ანაზღაურება 1100 ლარი გახდება. საბაზისო ხელფასი ეზრდება მაღალმთიან რეგიონებში მყოფ დაახლოებით 10 ათას პედაგოგს. იმედია, ამ სიახლის ფონზე, სქემა უფრო საინტერესო გახდება და მეტ მასწავლებელს ექნება დაწინაურების სურვილი, მითუმეტეს ახლა, როცა უარი ვთქვით მუქარაზე - გამოცდებზე მასწავლებლები აღარ ჩაიჭრებიან. უბრალოდ, დაბალი ქულების მიღების შემთხვევაში, ვერ დაწინაურდებიან. 
მეორე პრიორიტეტი, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლებაა. სამწუხაროდ, დღეს, დირექტორი თანამედროვე მენეჯერი კი არაა, ხისტი ადმინისტრატორია. 2017 წელს, ინტენსიურად ვიმუშავებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხელშეწყობაზე. 
- ხელშეწყობაში ხელფასის გაზრდაც იგულისხმება? 
- სამწუხაროდ, არა, რადგან ჯერ ამის საშუალება არ გვაქვს, თუმცა დირექტორებს აქვთ საშუალება, სხვადასხვა მეთოდით, კერძო პროექტები განახორციელონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. შესაძლებელია, კარგი დირექტორები სხვა კოლეგების ტრენერებად გამოვიყენოთ. დირექტორების ტრენინგებსაც ვატარებთ ამერიკელების ხელშეწყობით და იმედია, მომავალში, სამინისტროში გვეყოლება საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც სკოლებს მენეჯმენტში დაეხმარებიან. 
- დირექტორებს იმის საშუალებაც ხომ არ ექნებათ, საგაკვეთილო საათებით მაქსიმალურად დაიტვირთონ? 
- სკოლებში, სადაც 200 მოსწავლეზე ნაკლებია, ვაპირებთ შემოვიღოთ ცოტა განსხვავებული წესები. დიდ სკოლაში კი, მიგვაჩნია, რომ დირექტორმა მთელი დრო სკოლის მართვას უნდა დაუთმოს. ასევე ვაპირებთ, რესურსცენტრი გავაძლიეროთ ადმინისტრაციულ საქმიანობაში. რესურსცენტრის წარმომადგენლები შესყიდვებში, ბუღალტერიასა და სხვა საკვანძო საკითხებში ჩაერთვებიან, დირექტორი კი, უფრო სასწავლო მხარეზე იქნება ორიენტირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ დავაფინანსებთ ,,თავისუფალ გაკვეთილებს''. ეს არის ფაქტობრივად გახანგრძლივებული, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. ოღონდ, ნებაყოფლობითია. 
- და გახანგრძლივებულ ჯგუფებს რა ბედი ეწევა? 
- ,,თავისუფალ გაკვეთილებს'' საწყის ეტაპზე იმ სკოლებში დავიწყებთ, სადაც გახანგრძლივებული არ არის. 
- ,,თავისუფალი გაკვეთილების'' დაფინანსება სახელმწიფოს რა დაუჯდება? 
- შევძლებთ დაახლოებით 2-3 მილიონი ლარი დავხარჯოთ. ეს თანხა, სოლიდურია, მაგრამ 2000 სკოლაზე რომ გავყოთ, ცოტაა, ამიტომ თავიდან აქცენტს ისეთ სკოლებზე გავაკეთებთ, სადაც გახანგრძლივებული და სხვადასხვა წრე არ არის. გრძელვადიან პერიოდში, ვფიქრობთ, ყველა სკოლას გავწვდებით. მნიშვნელოვანია, რომ ,,თავისუფალი გაკვეთილების'' ჩასატარებლად მოპოვებული გრანტი წავა ისევ მასწავლებლის ჯიბეში და სკოლის ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურის, პატარა ლაბორატორიის, შესაბამისი ნივთების შესაძენად. 
- ,,თავისუფალი გაკვეთილების'' მონიტორინგს სამინისტრო განახორციელებს? 
- აუცილებლად. გარდა ამისა, მშობლები, ონლაინსივრცეში ღიად დააფიქსირებენ მოსაზრებას და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. თავიდან შევარჩევთ ისეთ სკოლებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც პოზიტიური რეპუტაცია აქვთ. აუცილებელი პირობაა, საგანი თუ საკითხი, თავად ბავშვებმა აირჩიონ. 6 თვეში, 43 რაიონში, 13 ათასამდე პედაგოგს შევხვდი. რუსულის პედაგოგები მეუბნებიან, საათები არ გვყოფნისო. ვეუბნები მათ, რომ თუ ხალხს შეკრებენ, ,,თავისუფალი გაკვეთილის'' ფორმატში ექნებათ რუსულის წრე. ეს სასწავლო პროგრამის განტვირთვის საშუალებაცაა. მასში ზოგი ისეთი რამაა შეტანილი, რაც შეიძლება ,,თავისუფალი გაკვეთილის'' ფორმატში გადმოვიტანოთ. მითუმეტეს, ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას ვაპირებთ და გვინდა, ზედმეტი თუ რამეა, სავალდებულო საათებიდან ამოვიღოთ. მგონია, ასეთი ბევრი საკითხი იქნება, რადგან ბავშვები ძალიან დატვირთულები არიან. 
- მგონი, პირველი მინისტრი ხართ, ვინც ამბობს, ბავშვები ნაკლებად უნდა დავტვირთოთო. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ სწორედ მე-5-8 კლასში, ბავშვი გაცილებით მარტივად ითვისებს, იმახსოვრებს ყველაფერს და შესაბამისად, მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს. 
- აი, აქ მთავარი სიტყვაა ,,დამახსოვრება''. თუ დამახსოვრების სკოლა გვაქვს, კი, ბატონო. 
- მაშინ მითხარით, თქვენი პრიორიტეტი რაა, როგორი სკოლა უნდა გვქონდეს? 
- აზროვნების. და როცა ესაა პრიორიტეტი, ბავშვს ცხოვრება უნდა აცადო. პედაგოგებთან შეხვედრისას ასეთი ანალოგია მომყავს: გერმანელი და ქართველი პირველკლასელები, ჰანსი და მარიამი შევადაროთ ერთმანეთს. პირველ კლასში ორივე უბედნიერესია, უყვართ სკოლა, გიჟდებიან მასწავლებელზე. მე-6 კლასში, მარიამს აქვს 2-ჯერ მეტი გაკვეთილი და 2-ჯერ მეტი საშინაო დავალება. საშინელ დღეშია. შეიძლება რეპეტიტორიც კი ყავდეს, რადგან ვერ ერევა მასალის მოცულობას. ჰანსი ისევ ბედნიერია, დარბის, ველოსიპედის დროც აქვს, ორჯერ ნაკლებს სწავლობს. 
- მაგრამ მთავარი შედეგია. მაღალ კლასებში ჰანსს უკეთესი განათლება აქვს თუ მარიამს? 
- ჰანსს. მე-11 კლასში მარიამი გადამწვარია, შეჯავრდა სწავლა. ჰანსი ისევ ბედნიერია, უყვარს სკოლა და ორჯერ მეტი აქვს ნასწავლი, რადგან ბოლო წლებში მეტი დატვირთვა ჰქონდა. უკვე სპეციალიზაციაც განსაზღვრული აქვს. ანუ, სანამ მარიამს ბავშვი ეწოდება, სანამ გარდატეხის რთულ პერიოდს გადალახავს, უნდა ჰქონდეს საშუალება, მეგობრებთან, ოჯახთან, მეტი დრო გაატაროს, ეზოშიც ითამაშოს, სპორტით მაქსიმალურად დაკავდეს. ბოლო კლასებში კი, მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს, შეიძლება ორ კვირაში ერთხელ ჰქონდეს გამოცდა. ასეა აშშ-ს ჰაისქულებში, გერმანიის გიმნაზიებში - სანამ ბავშვია, უფრთხილდებიან. 
- ანუ, ბოლო კლასებში გაძლიერებული და უკვე სპეციალიზირებული სწავლება ძალაშია? სხვათაშორის, ისიც ითქვა, მე-10-12 კლასებში სწავლა სავალდებულო არ იქნებაო. - სწავლა სავალდებულო აუცილებლად იქნება, რადგან ევროპული რეგულაციაა და საკონსტიტუციო ვალდებულება გვაქვს, რომ 18 წლამდე ბავშვი უნდა იყოს სკოლაში, ან პროფესიულ სასწავლებელში. 9 კლასი აუცილებლად უნდა დაამთავროს. შემდეგ კი, რამდენიმე ვარიანტია: ან პროფსასწავლებელში აგრძელებ სწავლას, ან პროფესიულში სწავლობ და სკოლაშიც რჩები, ან სკოლას აგრძელებ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, სპეციალიზაცია უნდა აირჩიო. 
- და თუ ჯერ არ მაქვს არჩეული პროფესია? 
- არც არის აუცილებელი. ამ ასაკში ყველა ბავშვს, ის მაინც აქვს გააზრებული, უპირატესობას რა საგნებს ანიჭებს. არა მარტო მსოფლიო, ჩვენმა გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ სპეციალიზებული სკოლები ეფექტურია. გაძლიერებული უცხო ენის, ფიზიკა-მათემატიკის, ხელოვნების, სპორტის, სკოლებმა პროფესიონალები გამოზარდა, რომლებსაც რეპეტიტორები არ სჭირდებოდათ. 
- სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ისევ ,,კატის მეთოდით'' ჩატარდება, რამაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია? 
- ვისაც არ მოსწონს ეს მეთოდი, უკეთესი შემოგვთავაზოს. კომპიუტერზე დაფუძნებული რომ უნდა იყოს, ფაქტია. პროგრამის გამარტივება-დახვეწასთან ერთად, ,,კატის'' გამოცდებიც დაიხვეწება. ზოგადად, გამოცდა ისეთი რამაა, კმაყოფილები მხოლოდ კარგად ჩამბარებლები არიან. ყველა კმაყოფილი რომ გვყავდეს, სულ უნდა გავაუქმოთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ხალხზე, ვინც იცის ცოდნის ფასი. ეროვნულ გამოცდებზეც საოცარი კრიტიკა იყო, მაგრამ მიცხრა. 
- თუმცა, დღესაც ბევრს აქვს მოსაზრება, რომ მუსიკოსი და ინჟინერი ერთნაირ ტესტებს არ უნდა აბარებდნენ და ჯობია, გამოცდები უნივერსიტეტებმა ჩაატარონ. 
- არ ახსოვს ამ ხალხს მექრთამეობა უნივერსიტეტებში? ეროვნულმა გამოცდებმა დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგან აბიტურიენტებს მიეცათ შანსი, ჩაწყობის გარეშე ჩაებარებინათ. მე ვარ მომხრე, ეროვნულ გამოცდებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაუჩნდეს ალტერნატივა, თუნდაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის. მითუმეტეს, ვაპირებთ, მეტი უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ. თუ ეს მეთოდები კარგი იქნება, შეიძლება გავავრცელოთ სხვა მიმართულებებზეც. 
- პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი გაზრდილია? 
- წელს, 10 ათასი სტუდენტი წავიდა პროფესიულში და დაახლოებით 27 ათასი - უმაღლესში. უკეთესია, პირიქით იყოს, რადგან იმდენი იურისტი, მენეჯერი, საერთაშორისო სპეციალისტი, რამდენსაც ვუშვებთ, არ გვჭირდება. უმაღლესი უნდა დაამთავროს იმან, ვინც მართლა გადადებს თავს სწავლისთვის. განათლების ისეთი სტრუქტურა უნდა გვქონდეს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნად პროფესიონალებს გამოუშვებს. შესაბამისაც, უმუშევრობის პრობლემაც აღარ იქნება. მიხარია, რომ წელს, პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციაზე რიგები იყო. კულინარიაზე წყვეტაა, კომპიუტერულ სპეციალობებზეც... 
- თუმცა, საქართველოში, მშობლების უმრავლესობას სურს, შვილმა უმაღლესი განათლება მიიღოს. გულწრფელად, თქვენს შვილს პროფსასწავლებელში გაუშვებთ? 
- პრობლემა ისაა, რომ პროფსასწავლებელის ხსენებაზე, მაინცდამაინც სანტექნიკოსი და ,,კაფელშიკი'' ახსენდებათ. პროფესიულია ტელეოპერატორი, ჟურნალისტიკის ელემენტები, რედაქტირება, გრაფიკული დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, ფოტოგრაფია... გაგიმხელთ, მე და პრემიერს გვაქვს ასეთი შეთანხმება: ისეთი უნდა იყოს პროფგანათლება, რომ ჩვენი საყვარელი უმცროსი შვილები გავუშვათ ამ მიმართულებით. უკვე ვხედავ რამდენიმე სასწავლებელს, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩემთვის. მომავალში, იმედია, მათი რიცხვი გაიზრდება. სხვათაშორის, გაზრდილი დაფინანსების ნაწილს, აქეთაც მივმართავთ. ასევე, უმაღლესში შევცვლით დაფინანსების სისტემას. დღეს დაფინანსება მიბმულია სტუდენტების რაოდენობაზე. ანუ, სასწავლებელს ხარისხზე მეტად, რაოდენობა აინტერესებს. უმაღლესს უნდა უნდოდეს მხოლოდ წარჩინებული სტუდენტი. ვინც ძლივს აბარებს გამოცდებს, უფასოდ დაეუფლოს პროფესიას. 
- საუბრისას, სპორტი არაერთხელ ახსენეთ. არის ჩვენ სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები, რომ ბავშვები სპორტით დაკავდნენ? 
- ჩვენ ქვეყანაში, სკოლები შეგვიძლია მივაკუთვნოთ 3 კატეგორიას: მაქსიმუმ 150-200 დიდი სკოლა, სადაც სპორტის, ცეკვის, ხელოვნების წრეებიც განვითარებულია, გახანგრძლივებული სისტემაც არსებობს; დაახლოებით 500 სკოლა საშუალო სიძლიერისაა და მესამე კატეგორიაშია 1400-მდე სკოლა, სადაც 200-ზე ნაკლები ბავშვია. ისინი სუსტია, არა საგნობრივად, არამედ მატერიალურად. ყველას ერთბაშად ვერ მივხედავთ. ფული არ გვყოფნის. არსებული სპორტული დარბაზების გასარემონტებლად, მჭირდება 330 მილიონი ლარი. სადაც არ არის, რომ ავაშენო, კიდევ 500 მილიონი ლარია საჭირო. ამ ფონზე, ჩვენი ამოცანაა, ჯერ პატარა სკოლებს მივხედოთ. ვმუშაობთ სპორტის სამინისტროსთან, სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა გავააქტიუროთ სხვადასხვა შეჯიბრებები, წრეები შევქმნათ, მინიმალური ინვენტარით დავეხმაროთ. უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს სპორტში ჩართულობა. სპორტით, რეგულარულად, მხოლოდ 2-4%-ია დაკავებული. ეს ტრაგედიაა. არც ქიმია გვიშველის და არც ეროვნული გამოცდები, ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან. მგონია, რომ უკვე 2017-2018 წელს, შევძლებთ, სპორტში თვისობრივად განსხვავებული ვითარება გვქონდეს. ჭირს კვალიფიციური მასწავლებლები. სპორტის სამინისტროსთან ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. სხვათაშორის, დირექტორებს მოვთხოვთ, მათ სკოლებში სპორტში ჩართულობა გაიზარდოს. მოიფიქრონ ისეთი თამაში, გართობა, რომ ყველა ჩაერთოს. მოკლედ, სპორტის მიმართულებით სერიოზული ამბიციები გვაქვს. ასევე, ხელოვნების მიმართულებითაც, რადგან ხელოვნება, სიმღერა, ხატვა... ფუფუნება კი არ არის, სულიერების გამოხატვა, აღზრდის საუკეთესო მეთოდია. 
- აღზრდის საუკეთესო მეთოდი ლიტერატურა თუა? 
- ლიტერატურა ალბათ არის, თუმცა მიზეზი, რის გამოც შევუტიე კომბლეს და კიდევ შევუტევ არაერთს, სხვაა. სინამდვილეში კომბლეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
უბრალოდ, მინდა ახალი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც დევს კი არ წაართმევს სახლს, აიშენებს. შვილებზე მკითხეთ და კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი ჩიორასავით რომ იქცეოდეს ჩემი შვილი, არ მინდა. კიდევ გრძელი ჩამონათვალი მაქვს. 
- და ამ ჩამონათვალში სულ ქართული ზღაპრების გმირები არიან? საერთოდ, მსოფლიო გმირებიდან მაინც, არის ვინმე ისეთი, ვისაც გინდათ, თქვენმა შვილმა მიბაძოს? 
- კითხვას შემოგიბრუნებთ. თქვენ გახსენდებათ მსოფლიო ზღაპრის რომელიმე გმირი, რომელმაც პატიოსანი შრომით, გარჯით კარგ შედეგს მიაღწია? 
- კრილოვის იგავში ჭიანჭველამ მიიღო ზამთარში კარგი შედეგი. 
- ჰოდა, მე კრილოვისა და სპილბერგის კი არა, ქართული ზღაპრების დადებითი გმირები მინდა. 
- დადებითი რატომ არაა მაგალითად რწყილი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად, მთელი საქართველო მოიარა? 
- მეგობრობა კარგია, მაგრამ თვითონ რომ არაფერს აკეთებს ჭიანჭველა? ან სად მიხტოდა? ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ მთავარი იცით რა არის, კი არ ვებრძვი ძველ ქართულ ზღაპრებს, ახალი პერსონაჟებიც გვჭირდება. 21-ე საუკუნის ბავშვს სჭირდება სხვა ტიპის პერსონაჟები, რომლებსაც მიბაძავს. სხვანაირად, წარმოუდგენელია განვითარება. მაგალითად, ,,ვეფხისტყაოსანი'', რომელიც ძალიან მიყვარს და თითქმის ზეპირად ვიცი, თავის დროზე, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვებოდა, რადგან თავისი დროისთვისაც ინოვაციური იყო და ახლაც ასეა. 
გეთანხმებით. ისე, ,,ვეფხისტყაოსნის'' თითქმის ზეპირად ცოდნა, არასდროს გამოგადგათ? 
- (იცინის) ჩემთვის მადგება ხოლმე, ლაპარაკში. თუმცა, დაძალებით დაზეპირება არასწორია. ,,ვეფხისტყაოსანი'' დიდობაში ვისწავლე, ნებით. ბავშვობაში რასაც მაძალებდნენ, არ მომწონდა. მე კიდევ გამიმართლა, კარგი მასწავლებლები მყავდა. არ მიკრძალავდნენ აზროვნებას და შეკითხვების დასმას, მაგრამ ყველას ხომ არ უმართლებს? მაგალითად, მაინტერესებდა, პოემაში კაცები მუდმივად რატომ ტირიან და მასწავლებელმაც ამიხსნა, რომ ფიზიკურად კი არ ტირიან, უბრალოდ, განიცდიან და პოეტმა გადაწყვიტა ამ ფორმით, მძაფრად დაგვანახოს მისი მდგომარეობა. 
- ზღაპრებშიც სულ ასეთი სიმბოლოები და ქვეტექსტებია, ბატონო სანდრო. 
- დიახ, მაგრამ მინდა მეტი პოზიტიური ქვეტექსტი იყოს. ,,ვეფხისტყაოსანში'' დადებითი და პროგრესული არის 99%, ჩიტი-ჩიორაში კი - ძალიან ცოტა. მოკლედ, მე ვამბობ, რომ ჯობია, ასარჩევად ჰქონდეს თანამედროვე ბავშვს პერსონაჟები. ვისაც უნდა მისი შვილი კომბლეს ჰგავდეს, მისი ნებაა. თავის დროზე, ფრთხილად ხდებოდა მულტფილმების შერჩევაც. ჩემ ბავშვობაში იყო ,,აბა, დამაცადე'', სადაც მტრობა კია, მაგრამ სამართლიანი კონკურენციის რეკლამაცაა. ,,ხელმარჯვე ოსტატი'' მიყვარდა, რადგან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პრომოცია იყო. ,,საზამთროც'', რომელიც ფერმერობის მაგალითს გაძლევდა... 
- თქვენ მართლაც როგორც მენეჯერი, ისე აფასებთ ყველაფერს. ამას კრიტიკოსები მთავარ მინუსად გითვლიან. ლევან ბერძენიშვილმა კი, საერთოდ, ქართული ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მებრძოლად მოგიხსენიათ. 
- ლევან ბერძენიშვილმა ისეთი ხალხი მოიხსენია ნეგატიურად, მე რომ არ მოვეხსენიებინე, საწყენი იქნებოდა. ქართულ ღირსებას შეიძლება ჩემზე მეტი დამცველი არ ჰყავდეს, ოღონდ სწორი გაგებით. ვისაც ჰგონია, რომ დიდი ყანწით სადღეგრძელოს თქმა სუფრასთან და მერე მეზობლებთან ჩხუბია ქართული ღირსებები, ამას ვემიჯნები. ვისაც ჰგონია, რომ შრომისა და ჭკუის გამოყენებით წარმატების მიღწევა არის ქართული ღირსება, მისი თანამოაზრე ვარ. რაც შეეხება კრიტიკას, იგი ყოველთვის უძღვის ცვლილებას. დიახ, როგორც მენეჯერმა ვიცი, რომ თუ არ მაკრიტიკებენ, ესე იგი, არაფერს ვცვლი. არგაკრიტიკება რომ მინდოდეს, ფასადურად გავალამაზებდი სკოლებს (სხვათაშორის, ინფრასტრუქტურასაც აუცილებლად მივხედავთ), ზედაპირულ ცვლილებებს გავატარებდი და რომ წავიდოდი, იტყოდნენ, ამ კაცს არაფერიც არ გაუკეთებიაო. 30 წელში განათლების 18 მინისტრი სწორედ იმიტომ გვყავდა, რომ ამ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. არ ვიბრალებ, რომ ერთადერთი სწორი გზა ვიცი და პროცესში ჩართული მყავს ათობით პროფესიონალი. ყველა საკითხს სპეციალისტებთან გავდივარ. 
- და სპეციალისტების აზრია, რომ სასწავლო პროგრამა უნდა გამარტივდეს? 
- დიახ. მსოფლიოს სპეციალისტებმა ეს უკვე გააკეთეს. 
- საზეპიროები რომ აღარაა საჭირო, ესეც სპეციალისტებმა გითხრეს? 
- საზეპიროები იქნება, ოღონდ - ნაკლები. რაც საჭიროა და რაშიც არის სილამაზე, ის უნდა დავიზეპიროთ. რისი სურვილიც ექნება ბავშვს, ისიც უნდა დაიზეპიროს. 
- რომელ ბავშვს ენდომება ტექსტების დაზეპირება? 
- ყველას, ვისაც თამაშ-თამაშით, სახალისოდ, მარტივად მიაწვდი პროგრამას. გვაქვს ასეთი სკოლები, სადაც ბავშვებს აყვარებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სპექტაკლებსაც დგამენ, როლებს ასრულებენ. პროზაშიცაა არაერთი ესთეტიკური სილამაზის მატარებელი პასაჟი. ისინიც უნდა დაიზეპირონ, თუმცა ჩვენ ახლა იმაზე ვსაუბრობთ, რომ გამოცდები და ზოგადად, ცხოვრება, უფრო სააზროვნო ხდება. ჩემი მასწავლებელი, ერთ გაკვეთილზე ,,ვეფხისტყაოსანზე'' რომ გვესაუბრებოდა, მეორეზე ,,ლიტერატურულ საქართველოს'' ვკითხულობდით. სწავლა უფრო საინტერესო უნდა გახდეს. უნდა დავიზეპიროთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა და ესთეტიკურად ლამაზია, გვსიამოვნებს. ისე, საზეპიროზე, ლიტერატურა ახსენდებათ, თორემ ვალენტური მასები, ფორმულები იქნებ გამოკითხოთ ბატონ ბერძენიშვილს და ნახოთ, თუ ახსოვს. რატომ უნდა დაიზეპიროს ეს ბავშვმა, ვინც მაგალითად, ფილოლოგობას აპირებს? ამაზეა საუბარი, თორემ, მომღერალმა რომ სიმღერის ტექსტი უნდა იცოდეს, ვინ დავობს? ისე, სიმღერის ტექსტებს მეც სიამოვნებით ვსწავლობ. მოყვარულის დონეზე ვმღერი და კრიტიკის შემდეგ გულს ასე ვაყოლებ ხოლმე (იცინის). ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლაში მეტი აზროვნება, თუნდაც დღევანდელობის განხილვა უნდა მოხდეს. აქტუალურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ. ჩემი მოსაზრება ასეთია. თუ სპეციალისტები საპირისპიროს დაამტკიცებენ, ისევ როგორც მენეჯერი, გადაწყვეტილებას შევცვლი, პრობლემა არ არის. 
- როგორც წიგნებთან დაკავშირებით შეცვალეთ? ჯერ თქვით, ყველას აღარ დავურიგებთო და მერე გადაიფიქრეთ. 
- დიახ, ვთქვი. არავინ მოიწონა ჩემი ინიციატივა? კი, ბატონო, გასაგებია, ესე იგი, ამ მიმართულებით არ წავალთ. ატყდა ამბავი, მინისტრმა როგორ შეცვალა გადაწყვეტილებაო? როგორ და ჭრელად. შეცვალა და კიდევ შეცვლის, იმიტომ, რომ ხალხის სამსახურშია. ოჯახში რაღაცის შეცვლას რომ ვაპირებ, თუ მეუღლე უარზეა, ვეუბნები, კარგი, ძვირფასო, აღარ შევცვალოთ. რქებს თუ გამოვიბამ და გავიტან ბოლომდე, ვიქნები რქიანი. თანაც, ის ჩემი ოჯახია, ეს კი, მარტო ჩემი სახელმწიფო არ არის. ყველაფერს საჯაროდ, სპეციალისტებთან განვიხილავთ. ვინც დღეს მაკრიტიკებს, ალბათ სჯერა, მინისტრი რომ იყოს, ერთპიროვნულად გადაწყვეტდა ყველაფერს. ამას არ ვაპირებ! 13 ათას მასწავლებელს შევხვდი, კიდე 13 ათასს შევხვდები და მათ აზრს გავითვალისწინებ. 
- იმ 13 ათასი მასწავლებლიდან, ერთმა მაინც გითხრათ ის, რაც ,,ვერსიას'' განუცხადეს: ,,ფიზკულტურის ჩაშლილი გაკვეთილები, ლაბორატორიის გარეშე დარჩენილი ქიმია-ფიზიკის გაკვეთილები, სკოლა ექსკურსიებს არ აფინანსებს, სისტემაში უამრავი პრობლემაა. მთავარი კი, ისევ და ისევ ხელფასია. ანაზღაურების გაორმაგების მოთხოვნით, მასწავლებლები აქციებს ვიწყებთ''? 
- იმ 13 ათას მასწავლებელში ასეთიც იყო და ისეთიც. ერთი რომ ამბობდა, ცუდად არის ყველაფერიო, სხვა ეუბნებოდა, ხომ გაგიორმაგდა ხელფასი ბოლო სამ წელიწადშიო? კი, გამიორმაგდა, მაგრამ მაინც არ მომწონსო, პასუხობდა უკმაყოფილო მასწავლებელი და ისევ კოლეგები ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი ერთბაშად არ იქნება. ასე, მე გავიგე, რომ სინგაპურში მინისტრებს 20-20 ათასი დოლარი აქვთ ხელფასი. დავურეკო კოლეგებს და მოვაწყო აქციები? მგონი, არავინ მოგვიწონებს ამას. პედაგოგებს მოსწონთ, შეხვედრისას რომ ვეუბნები, დიახ, ვიცი, რომ არის პრობლემები, თვალსაც ვუსწორებ, ვისაც არ ვუმატებ ხელფასს, ვუხსნი რატომ ვერ ვაკეთებთ ამას და რა შემთხვევაში ექნება დაწინაურების საშუალება. 
- ისე, ბატონო სანდრო, თქვენი აზრით, რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის ხელფასი საქართველოში? 
- საშუალო ხელფასის მიდამოებში. როგორც კი მასწავლებლის ხელფასი იქნება საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალი, ამ პროფესიაში შემოვა ხალხი, ვისაც ბავშვები არ უყვარს. ეს დაუშვებელია. 
- მენტორი არც ისე ბევრია. სხვა კატეგორიის მასწავლებლების ხელფასი რამდენი იქნება? 
- უფროსი მასწავლებლის 600 ლარი იქნება, რაც ძალიან ახლოსაა საშუალო ხელფასთან. 
- 600 ლარით ოჯახის რჩენას შეძლებდით? 
- 600 ლარით ოჯახის რჩენა სამჯერ უფრო წარმოსადგენია, ვიდრე 200 ლარით. გვყავს ბევრი მასწავლებელი, ვინც ოჯახის მარჩენალი არ არის და როცა სთხოვ, გამოცდა ჩააბაროს, ამბობს, იქნებ თავი დამანებოთ, წავალ 12 საათზე და ოჯახს მივხედავო. ასეთები თუ არ შეგხვდნენ, ალბათ შვილებს უვლიდნენ. უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ ვინც მოინდომებს, ბევრს იშრომებს, ჰქონდეს დაახლოებით 1000 ლარი. ამ ეტაპზე არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად, საბაზო ხელფასიც 500-600 ლარი გახდება. ცხადია, არიან პედაგოგები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ 3 წლის წინ, 200-ლარიანი ხელფასითაც მაგარ გაკვეთილებს ატარებდნენ და ლაბორატორიის გარეშეც აყვარებდნენ ქიმიას ბავშვებს. 13 ათას პედაგოგთან შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ ისინი არაჩვეულებრივი ხალხია. არ ეშინიათ აზრის გამოხატვის. რაც თქვენ გითხრეს, ყველაფერი ჩემთვისაც აქვთ ნათქვამი, მაგრამ როცა ვპასუხობ, რომ თითო სკოლაში ლაბორატორია დაახლოებით 15 ათასი დოლარი ჯდება და როცა მექნება 200 მილიონი ლარი ამას აუცილებლად გავაკეთებ, ესმით. მერე ვეკითხები, რაღაცებს რომ უკვე ვაკეთებ, ხომ ამჩნევთ? მეუბნებიან, რომ ამჩნევენ. მთავარი ეს არის. აქციებს კი არა, პედაგოგებისგან მხარდაჭერას ველი, თან ისეთს, როგორიც არასდროს ყოფილა ამ სისტემაში. მათთან ერთად, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას 20-ში კი არა, 1,2 წელიწადში. 
- ამისთვის, პროგრამა უმთავრესია. ახალი სასწავლო წლისთვის თუ მოესწრება მისი შეცვლა და წიგნებს ისევ გამომცემლობები დაბეჭდავენ? 
- პირველი-მეექვსე კლასის ეროვნული სასწავლო გეგმა წელს დამტკიცდა. იმ წუთიდანვე დავიწყეთ მოლაპარაკებები გამომცემლობებთან. გვინდა, რომ ბეჭდვა ისევ მათ ითავონ. აქაც საქმე ეხება ფულს. საბოლოო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ პოზიციები საგრძნობლად დავაახლოვეთ. ვმუშაობთ, რომ სახელმძღვანელოებს ახლდეს ელექტრონული მასალებიც, იმიტომ, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება. 
- მაშინ, საქართველოს მასშტაბით, ინტერნეტიცა და შესაბამისი ტექნიკაც უნდა იყოს ყველა სკოლაში, არა? 
- დიახ. სხვადასხვა ქვეყანამ ეს საკითხი სხვადასხვაგვარად მოაგვარა. ზოგან სახელმწიფომ უზრუნველყო, რომ მაღაზიაში იაფი ტაბლეტკომპიუტერი იყოს და განვადებაც კეთდებოდეს. ინტერნეტი აუცილებელია. სასურველია თანხმლები ინტერნეტმასალებიც. სახელმძღვანელოებს კი ბავშვები აუცილებლად უფასოდ მიიღებენ. პირველკლასელებსაც ,,ბუქებს'' აუცილებლად დავურიგებთ. 
- ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ მანდატურებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ნაციონალების აზრით, ლამის სკოლის დარაჯად აქციეთ? 
- მანდატურის სამსახური, ერთ-ერთი საუკეთესოა. როცა შეიქმნა, დაფუძნებული იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაშინებაზე. მაშინ ზოგადად ხელისუფლებაც ასეთი იყო. სამწუხაროდ, მანდატურები, საფრთხობელად აქციეს. დღეს მანდატური ბავშვის, მასწავლებლისა და დირექტორის მეგობარი და მხარდამჭერია. ხშირად ვატრენინგებთ. მინდა, მათ ანაზღაურებაშიც, მაგალითად სქემატური ცვლილებები შევიტანო. ასევე ვაპირებთ, მეთოდოლოგია დავხვეწოთ, მანდატური მეტად იყოს ჩართული სასკოლო პროცესში და მეტი კომპეტენციაც ჰქონდეს. ეს წარმატებული პროექტია და თუ ვინმეს არ მოსწონს, რომ მანდატური, საფრთხობელა კი არა მეგობარია, მისი პრობლემაა. ბევრი გეგმა გვაქვს. ჩემი ჩანაფიქრია, თქვან, ეს კაცი რომ წავიდა, ცოტა უფრო კარგად ვიყავით, ვიდრე, რომ მოვიდაო. ეს არის ჩემი ამბიცია და დარწმუნებული ვარ, თქვენც გპირდებით, თქვენს მკითხველსაც, რომ მალე, თვისობრივი ცვლილებებით, ჩვენი განათლების სისტემა იქნება ბევრად უკეთესი. 
- ამისთვის, ოპტიმიზაციის პროცესი და სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლება აუცილებელია? 
- ოპტიმიზაცია საჭიროა, როგორც პერიოდულად დიეტა, ჯანმრთელობისთვის. არ გვაქვს უფლება, ერთი ადამიანიც კი ზედმეტი გვყავდეს. ჩვენი სისტემა ისედაც მრავალრიცხოვანია. მიხარია, რომ ეს ჩვენი შემცირება თუ ,,ქამრის მოჭერა'', არ ეხება პედაგოგს და ისეთ ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, გვეცოდება ყველა, ვინც სამსახურიდან წავა, მაგრამ ვფიქრობ, მოხელეებს სულ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ კარგად თუ იმუშავებ, მოწინავე იქნები, პრემიასაც მიიღებ, მაგრამ თუ არ იმუშავებ, წახვალ სახლში. მარტო კადრების გათავისუფლებაზე არაა საუბარი. სხვა ხარჯებიც უნდა შევამციროთ. ხარჯების შემცირების ამოცანამ 10% მოიცვა. შესაბამისად, დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანს გავათავისუფლებთ. ზოგან ვიმატებთ კიდეც კადრებს. რაც ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, იქ უნდა მოვძლიერდეთ. ეს პროცესი დაახლოებით იმას ჰგავს, უფროსი შვილი უნივერსიტეტში რომ მიდის და ოჯახში სხვა ხარჯებს ამცირებ. თან, დააკვირდით, ჯამური დაფინანსდება გაგვეზარდა და ხარჯებს მაინც ვამცირებთ. ანუ ეს უფულობის კი არა, იმის გამო ხდება, რომ განათლებაში მეტი ფული წავიდეს, მეტი ნიჭიერი სტუდენტი დაფინანსდეს, მეტი პროფსასწავლებელი გვქონდეს, მასწავლებელს მეტი ხელფასი ჰქონდეს.