„განა შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე ბანკის ვაჭრობით განისაზღვროს ლარის კურსი?“

„განა შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე ბანკის ვაჭრობით განისაზღვროს ლარის კურსი?“

ლარის კურსთან მიმართებით საგანგაშო პროგნოზები კეთდება. ერთნი მიიჩნევენ, რომ გაუფასურებული ლარის კურსი გაისად 2.80-ს თავისუფლად მიაღწევს, მეორენი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი კუპონიზაციის გზას ადგას, რაც გამოიწვევს გოცირიძე-დვალიშვილის ეპოქაში დაბრუნებას. 1992-93 წლებში ეროვნული ბანკი ატარებდა რა ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, სისტემატურად გასცემდა კომერციულ ბანკებზე ათეულ მილიონიან სესხებს. ამის შედეგად მიმოქცევაში გადიოდა დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი ფულის მასა, რამაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ისტორიაში კატასტროფულ ჰიპერინფლაციამდე მიიყვანა.

რამდენად ჰგავს დღევანდელი ვითარება კუპონიზაციის პერიოდს და რამდენად სცოდავენ ლარის გაუფასურებაში ბანკები, რომლებიც, ფაქტობრივად, არაფერს აწარმოებენ და ამ დროს ზემოგებაზე გადიან? ამის შესახებ For.ge-ს თსუ-ს პროფესორი ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.

არავინ იცის, კიდევ რა სიურპრიზებით გაგვანებივრებს ლარი. თუკი მიმოქცევაში ფულის მასა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე მომსახურებისა და საქონლის მოცულობაა, ეს გამოიწვევს ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას. რატომ აპირებს ეროვნული ბანკი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომერციული ბანკებისთვის გასაცემი სესხის მოცულობის 3-ჯერ გაზრდას? კონკრეტულად, 2017 წელს ეროვნული ბანკი გეგმავს კომერციულ ბანკებზე გასცეს 1,27 მილიარდი ლარის სესხი, 2018 წელს-1,8 მლრდ. სესხი, 2019 წელს 2,33 მლრდ. ლარის სესხი, 2020 წელს -3,28 მლრდ. ლარის სესხი.

- მთლიანობაში, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ისევე, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკა დღეისთვის მიმართულია ლარის კურსის გრძელვადიანი სტაბილურობისკენ, რაც, ერთი მხრივ, გამართლებულია. გასაგებია, რომ დოლარის სტაბილურობა-არასტაბილურობა მნიშვნელოვანია. თუმცა ამის ფასი არის ის, რომ, სანამ დოლარის სტაბილურობას მივაღწევთ (შესაძლოა, ეს ათწლიანი პერსპექტივაც იყოს), მანამდე ჩვენ გვიწევს გარკვეული ხარჯის გაწევა, ანუ საფასურის გადახდა ამ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ლარის მოკლევადიანი გაუფასურება სწორედ ერთ-ერთი ასეთი საფასურია, რომელსაც მოსახლეობა იხდის გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად. ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გაცხადებული „ლარიზაციის“ პოლიტიკა მიზნად ისახავს საქართველოში ლარის პოპულარიზებას და ყოველი გადახდისას ლარის დაფიქსირებას. ეს კარგია, რადგან მოგვცემს შესაძლებლობას, ლარში მართული ეკონომიკა უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური იყოს გრძელვადიან პერიოდში. ამავდროულად, მთავრობას ექნება მეტი ბერკეტი, ფულადსაკრედიტო პოლიტიკა თავისი შეხედულებისამებრ წარმართოს.

დღეისთვის პრობლემა არის ის, რომ დოლარიზებულია ჩვენი ეკონომიკა და ვერც ეროვნული ბანკი, ვერც მთავრობა რაიმე მნიშვნელოვან, ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამენ ფულადსაკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისას. მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის ეროვნულ ბანკს და მთავრობას პრიორიტეტებში ლარის გაცვლითი კურსი კი არ აქვთ, არამედ მათი პრიორიტეტია „ლარიზაცია“. „ლარიზაცია“ კი, როგორც გითხარით, გრძელვადიანი პერსპექტივაა, რასაც მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა და სხვადასხვა უკუეფექტი ახლავს. თუმცა გააჩნია, ჩვენ რა გვსურს.

რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ხელისუფლებას, ათი წლის შემდეგ მიღწეული სტაბილურობა, თუ ახლანდელი პერიოდის გადაგორება?

- ჯერ კიდევ ფასების ზრდა არ მომხდარა, დისტრიბუტორებს ჯერ არ გაუზრდიათ ფასები სამომხმარებლო საქონელზე. საახალწლოდ, ახალი წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, ფასებიც გაიზრდება და მთავრობას ეს უნდა ესმოდეს. თუ მთავრობას უღირს, გრძელვადიანი პერიოდისთვის დათმოს ასეთი მომენტები, მაშინ ეს მთავრობის გადასაწყვეტია. რაც შეეხება კუპონიზაციას, არა მგონია, ლარი ამ გზას გადიოდეს, ლარი საკმაოდ მყარი ვალუტაა. აქ ლარში კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემაა პოლიტიკაში. თავისთავად, ლარი ამინდს არ ქმნის, ამინდს ქმნის ეკონომიკა, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. ჩვენი ეკონომიკა იმდენად სუსტი და მოუქნელია, რომ ლარი ამას პირდაპირ ასახავს. ანუ ლარს რაც მოსდის, ეს ჩვენი ეკონომიკის სარკეა და არა პირიქით, ლარი რომ უფასურდება, თურმე ამიტომ უარესდება ეკონომიკა.

კომერციული ბანკებისთვის სესხის გაზრდილი მოცულობით გაცემა საქართველოს ფინანსური დესტაბილიზაციისკენ არ წაიყვანს? ხომ არ მართებს თავშეკავება ეროვნულ ბანკს მომეტებული სესხის გაცემისას?

- სესხის გაცემასაც გააჩნია. აქ მთავარია, რა მიზნით ხსნის სესხის გაცემას ეროვნული ბანკი. სესხის გაცემა სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამართლებულიც იყოს, მაგრამ, ზოგადად, ეს პროცესი ლარის მასის გაზრდას გამოიწვევს ეკონომიკაში, რადგან უფრო მეტ ფულს მიცემს კომერციულ ბანკებს. კომერციული ბანკები კი ამ ფულს უფრო მეტად დაატრიალებენ, მეტ სესხს გასცემენ, მეტ აქტიურობას ჩაიდენენ. შესაბამისად, ქვეყანაში მეტი ლარის გაჩენა ლარის კურსს ნამდვილად არ გაამყარებს, პირიქით, დიდი ალბათობით, ლარის კურსს გააუფასურებს. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისადმი მხოლოდ ლარის მასის მიწოდება არ განსაზღვრავს ლარის კურსს. ლარის კურსზე გავლენას ახდენს საგარეო ვალი, უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და კიდევ სხვა ფაქტორები. თუმცა სხვა პარამეტრები (ვაჭრობა, ინვესტიციები და ა.შ.) იგივენაირად რომც დავტოვოთ და არაფერი შეიცვალოს, მაშინ ლარის დამატებითი მოცულობით გაცემა ჩვენს ეროვნულ ვალუტას ნამდვილად გააუფასურებს.

გამოდის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე მომუშავე მთავრობა ვერ ხედავსლარიზაციისნაკლს, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურებისკენ გადადგმული ნაბიჯია?

- აქ უბრალოდ ინტერესებსა და გემოვნებაზეა საუბარი. გრძელვადიან პერსპექტივას ეწირება ლარის დღევანდელი კურსი. მთავრობის განცხადებებით, ის აპირებს ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის მოტანას. გამოუვა, თუ ვერ გამოუვა, ეს მეორე საკითხია, ამას დრო გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მთავრობის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ლარის კურსი ნამდვილად ეწირება ამას. მართალია, გამოვრიცხავ ისეთ მომენტებს, რომ ლარი ორჯერ გაუფასურდება ან კიდევ კუპონიზაციის გზას დაადგება, მაგრამ ლარმა გაუფასურება დაიწყო და 1.70-დან დაახლოებით 2.60-ს უკვე მიღწია. ეს პროცესი გაგრძელდება და, თუკი ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 90-თეთრიანი გაუფასურება გვქონდა, სადღაც ამ მასშტაბის გაუფასურებისკენ იმოძრავებს ლარი მომავალშიც, თუ სხვა პირობები არ შეიცვლება.

თქვენც იზიარებთ მოსაზრებას, რომ გაისად 2.80-მდე თავისუფლად მიაღწევს ლარის კურსი?

- ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი. ასეთ დროს იმის თქმა, რომ კურსი ამდენი იქნება, არასერიოზულია. წინასწარ არ ვიცით, რამდენი იქნება ინვესტიცია, როგორი იქნება ჩვენი საგარეო ვაჭრობა, არც ის ვიცით, რამდენ ფულად გზავნილს გადმოგვიგზავნიან საზღვარგარეთიდან, შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება, ნაკლები. ამიტომ იმის თქმა, რომ კურსი იქნება მაინცდამაინც 2.80, წინასწარ შეუძლებელია.

როგორც ჩანს, ამ მონაცემების უკან ის ფაქტორიც დგას, რომ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს ლარის გაუფასურების პროცესს.

- შესაძლოა, ასეც მოხდეს. ეკონომიკური განვითარების დაჩქარება ავტომატურად, ერთი მხრივ, ლარს გააუფასურებს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ხელშემწყობიც იქნება. ჩვენი პრობლემაც დღეს ეს არის, რომ ეკონომიკა არ გვაქვს, წარმოება არ გვაქვს. ამიტომაცაა, რომ ლარი უფასურდება და არ გვაქვს ამის შემაჩერებელი ბერკეტები. ხოლო, თუ ეკონომიკა გაიზრდება, პირიქით, პოზიტიურ წნეხსაც მოახდენს გაზრდილი ეკონომიკა ლარზე.

წინა კვირებში ბანკების მიმართ გამოითქვა არაერთი საყვედური, რომლის ლაიტმოტივიც იყო- „სირცხვილი ქართულ ბანკებს“. ეროვნული ვალუტის კურსი რამდენად არის ბანკების ვაჭრობის შედეგზე დამოკიდებული?

- პირდაპირ არის დამოკიდებული. ლარის კურსი დღეს მიიღება სულ რამდენიმე ბანკის ვაჭრობის შედეგად. რამდენიმე წამყვანი ბანკი (ყველამ იცით, ვისზეცაა საუბარი), დღის განმავლობაში ივაჭრებს ათას დოლარს, ერთ მილიონ დოლარს, თუ 500 მილიონ დოლარს, არ აქვს მნიშვნელობა, რასაც ივაჭრებენ, რა კურსითაც ივაჭრებენ, სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ლარის კურსი. როგორ შეიძლება, ასე იყოს? როგორ შეიძლება, მარტო რამდენიმე ბანკის ვაჭრობით დგებოდეს კურსი? ეს არ შეიძლება, თუმცა ეს არის ჩვენი რეალობა. კი ამბობენ, „ბლუმბერგის“ სისტემა გამჭვირვალეაო. კი ბატონო, გამჭვირვალეა, მაგრამ იქ არ ჩანს ის დეტალები და ნიუანსები, რაც ჩვენთვის საინტერესოა.

თქვენი სურვილია, „ბლუმბერგისსისტემის სხვანაირი ფორმირება მოხდეს?

- დიახ, ან უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა, ან დაემატოს ის პარამეტრები, რომლებიც მოგვცემს უფრო უკეთესი ანალიზის საშუალებას. დღეს შეიძლება 5 მილიონი დოლარი ივაჭრონ ბანკებმა „საქართველომ“ და „თიბისიმ“ და ამის გამო კურსი შეიცვალოს. შეიძლება, ხვალ 10 მილიონი ივაჭრონ და, პირიქით, მოხდეს. როგორ შეიძლება, დღეს 5 მილიონი ცვლიდეს კურსს და ხვალ 10 მილიონი ცვლიდეს? დაუბალანსებელია ეს მიდგომა იმ ფონზე, როდესაც დღეს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, გაჩერებულია, არაფერს აკეთებს, რადგან ლარიზაციის გეგმა აქვს და ლარის მოკლევადიან გაცვლით კურსზე ორიენტირი აქვს აღებული. ამის არგუმენტად შეიძლება ისიც მოვიყვანოთ, რომ კარგა ხანია, ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ განუხორციელებია. ვგულისხმობ დოლარის გაყიდვას ბაზარზე, რასაც აქამდე ახორციელებდა. ამიტომ წინასწარ იმის თქმა, რომ კურსი იქნება ამდენი, მომავალ წელს კი არა, თუნდაც დეკემბრის ბოლოს, შეუძლებელია. კომერციული ბანკები რას ივაჭრებენ, რა მადა ექნებათ დღეს, რამდენად თავისუფლები იქნებიან ბაზარზე, არავინ იცის.

მაგრამ კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი არა და არ ამოსდებს ლაგამს, ისევე, როგორც ქადაგიძის დროს ხდებოდა.

- ეროვნული ბანკი თავს იკავებს ამისგან, რადგან კომერციული ბანკები ძალიან ძლიერები არიან. წარმოიდგინეთ, მათი აქტივების ჯამური ოდენობა 22 მილიარდი ლარია, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი კი დაახლოებით 10 მილიარდი ლარია. ისე გამოდის, რომ საბანკო სექტორი დაახლოებით უდრის ჩვენს ეკონომიკას. ამიტომ ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტთან მთავრობის მხრიდან ჭიდილი და ომის გამოცხადება არ გამოდის, რადგან საბანკო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლა ცუდი მოვლენაა. მათ მიმართ თხოვნაც არ ჭრის, არ ჭრის არც მთავრობისა და ექსპერტების მოწოდებები, რომ უფრო პასუხისმგებლები იყვნენ. ბანკებს თავისი გააქვთ. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ ჩანს მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე არ ვიზრუნებთ და წარმოების განვითარებას არ დავიწყებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ არა მომხმარებელი ერი, როგორც დღეს ვართ, არამედ მწარმოებელი ერი.

ბოლო პერიოდში გვესმის, რომ აუცილებელია დედოლარიზაციის გზას დაადგეს ქვეყანა, კანონმდელობით აიკრძალოს ფასის დასახელება უცხოურ ვალუტაში, ხალხი შეეჩვიოს ლარით ცხოვრებას. თუმცა ეს პრობლემა გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, ოღონდ ამის ასახვა არ ხდებოდა ქართულ ეკონომიკაზე. როგორ ფიქრობთ, დოლარიზაციის პრობლემა ხელოვნურად აღმოიფხვრება?

- დოლარიზაციის პრობლემა დღეს არ დაწყებულა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ეს პრობლემა არსებობს და არასდროს ყოფილა ისე, რომ ლარი დომინანტური გამხდარიყოს ჩვენს ქვეყანაში. ამის გადაჭრის მექანიზმია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, რომელიც არ ვითარდება. ხელოვნურად ვერ აღმოვფხვრით დოლარიზაციას. თუნდაც ბანკებმა მიატოვონ დოლარში სესხის გაცემა და ლარში დაიწყონ მომსახურება, ამ ფულს მაინც ავიღებთ და ჯიხურებში გადავახურდავებთ დოლარებში. ასე რომ, ამით დოლარიზაცია მაინც არ მცირდება.