„დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით, ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება“(?!)

„დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით, ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება“(?!)

ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი ლარის კურსის ვარდნის შეჩერებას ვერ ახერხებს. ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების განხორციელებაზე უარს ამბობს. მთავრობა კი ტრადიციულად, მოკლევადიან პერიოდზე საუბრობს და ლარის დასტაბილურებას დაპირებას იძლევა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. შესაბამისად, უნდა ვიაზრებდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია, ჩვენს ეკონომიკაზე არ აისახოს. ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ოთხპუნქტიანი გეგმა და ის ნაბიჯები, რომელსაც დღეს მთავრობა დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო სწრაფი. „ეს არის ერთადერთი საშუალება ლარის კურსის გრძელვადიანი დასტაბილურებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საოცარ განცხადებას აკეთებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ ლარის გაუფასურება არ დაიჯეროს. „დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც აღმოჩნდა, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ოპტმალურ გამოსავლად მთავრობა მოგების გადასახადს მიიჩნევს, რაზეც გუშინვე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მან ამასთანავე დაადასტურა, თუ როგორ უმცირდება მოსახლეობას ფული ყოველდღიურად.

„განკარგვადი შემოსავალი მცირდება ყოველდღიურად, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მიბმულები დოლარის კურსზე, ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობაში აჩენს სამართლიან შეგრძნებას და რეალურ გამოხატულებაშიც მათ ყოვედღიურად ფული უმცირდებათ ჯიბეში და შესაბამისად, სწორედ ეს იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს ამ ქვეყანაში... წნეხი იზრდება უკვე კორპორაციების მიმართულებით და შესაბამისად, ისინი ვერ აკეთებენ რეინვესტირებას. სწორედ ამ ნაწილში უკვე ეხმარება მოგების გადასახადი და ეს ნაწილი ერთმანეთს ავსებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ ინიციატივებს უკავშირდება. ანალიტიკოსების აზრით, ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა მთავრობამ საგარეო ფაქტორებს არ უნდა დააბრალოს.

„ლარის გაუფასურება დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს, ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება. მე ლარის გაუფასურების მიზეზებს ვხედავ იმ დაანონსებულ 10-პუნქტიან ზღაპრებში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა“, - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

ექსპერტების აზრით, შემცირებულია ინვესტიციები და ხელისუფლებამ ამ მხრივ მეტი უნდა იმუშაოს.

„იმედი მაქვს, წლის ბოლოს, როგორც წესი და ხდება, არ მოხდება ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რადგან ეს კიდევ დამატებითი ზეწოლაა ლარზე“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.

გაცილებით კატეგორიულია საპარლამენტო უმცირესობა. „ღრმად მწამს, რომ თქვენი მთავრობა 4 წელს კი არა, 1 წელსაც ვერ გაძლებს წინ ისეთი კრიზისი გველოდება. რამდენჯერაც თქვენ და ბატონი კვირიკაშვლი განცხადებას აკეთებთ ლარი ეცემა და ახალ-ახალ ანტირეკორდს ამყარებს. მინდა გთხოვოთ, რომ აღარანაირი გეგმა, ნაბიჯები და ინიციატივები არ გამოაცხადოთ, რადგან ეს პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე.

წინ დიდი კრიზისი გველოდება თქვენი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მაგრამ სანამ ხართ, მინდა გთხოვოთ, რომ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ, რადგან ამით ძალიან დიდ ზიანს აყენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, - ასე მიმართა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს.

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი ლარის კურსს „დამხრჩვალს“ უწოდებს.

„მოვისმინეთ, თითქოს ეს არის მცურავი კურსი. მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტაბილურება, არ შეგიძლიათ ეკონომიკის წინ წაყვანა, არ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფები და როდესაც მუდმივად ქვემოთ და ქვემოთ ეშვები, ეს ცურვა აღარ არის, ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს არის დამხრჩვალი კურსი. ეს არის პრაქტიკული პასუხი იმისა, თუ როგორ იქცევა მთავრობა და როგორ რეაგირებს ბაზარი და ეკონომიკა თქვენს ნაბიჯებზე, თქვენს გამოჩენაზე და თქვენს ინიციატივებზე“, - მიმართა ბაქრაძემ პარლამენტში შეკრებილ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.