"ჩვენ მომავალი მოგვკითხავს!"

26 მაისის ღამეს სპეცრაზმმა მიტინგის დაშლა მაშინ დაიწყო, როცა სიტყვით პოლიტიკური მოძრაობა «თეთრების» ლიდერ გამოდიოდა _ ხალხს საქართველოს დამოუკდებლობას ულოცავდა. გრძნობას თუ არა პასუხისმგებლობას «სისხლიან დამოუკიდებლობის დღეზე» «სახალხო კრება» და კონკრეტულად თემურ შაშიაშვლი? «ქართულმა სიტყვამ» სწორედ ამ კითხვით დაწყო «თეთრების» ლიდერთან საუბარი. სხვათა შორის, აღსანიშნავა, რომ შეკითხვები ბატონ თემურს, რბილად რომ ვთქვა, არ მოეწონა...

26 მაისის მოვლენებზე ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობას არ იღებს. ბატონო თემურ, თქვენ თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას?

_ დიახ, ვგრძნობ, მაგრამ იცით, რის გამო? _ იმის გამო, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია და იმის გამოც, რომ ამ კაცმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.   

სხვათა შორის, თვეების განმავლობაში აცხადებდით, რომ «სახალხო კრება» გეგმით იმოქმედებდა, მაგრამ ამ გეგმის შესახებ არც მიტინგებზე გითქვამთ და საზოგადოებამ არც ახლა იცის რამე...

_ დღეს ისინი, ვინც თავის დროზე 100 დღე ქუჩაში იდგნენ, ლაპარაკობენ, მიტინგი არასანქცირებული, ორგანიზატორები კი უპასუხისმგებლონი იყვნენო. საქართველო სწორედ ქუჩაში ამ ასდღიანმა დგომამ და ყველა იმ პოლიტიკურმა პარტიამ დაასამარა, ვინც იქ იყო. ვიცი, რომ ამის გამო რისხვას მივიღებ, მაგრამ ყველა ადამიანმა ეს გაიხსენოს. რა უბედურება იყო სტადიონის აქცია, რომელმაც ქვეყანაში აპათია გააჩინა? იმან თუ პოლიტიკური ცხოვრება დაასამარა, 26 მაისმა სააკაშვილს პოლიტიკური სამარე გაუთხარა. ნაცვლად იმისა, პოლიტიკოსები იმას ვფიქრობდეთ, თუ როგორ ჩავასვენოთ სამარეში, ერთმანეთს დავერიეთ. ჩვენ მომავალი მოგვკითხავს, რომ ჯერ კიდევ გუშინ მიწაზე მფორთხავმა პრეზიდენტმა საიუბილეო აღლუმი მიიღო! ახლა ჩვენ ასპარეზი მივეცით «რვიანს» და იმის მაგივრად, რომ ეს გამოეყენებინა, პირიქით, პატარ-პატარა, უმნიშვნელო საქმეებით დაკავდა.

ეს გასაგებია, მაგრამ თქვენი პროგრამა რა იყო?

_ ჩვენი პროგრამა იყო ძალიან მარტივი: თუ 21-ში დიდი რაოდენობით ხალხი მოვიდოდა, ვაყენებდით ულტიმატუმს _ 25-ში, ღამის თორმეტ საათამდე პრეზიდენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე. ჩვენ ვთქვით, მოდით, დავდგეთ ორ სახელმწიფო ტელევიზიასთან _ თბილისსა და ბათუმში და მთელ მსოფლიოს გავახსენოთ ობამას გამოსვლა. მან თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა მსოფლიოში მედიის თავისუფლებაზე. დღეს თუ საქართველოს გადარჩენა გვინდა, მედია უნდა იყოს თავისუფალი, თავისუფალი უნდა იყოს ჟურნალისტი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ რასაც ბათუმში ვიტყოდით, იგივე უნდა გვეთქვა თბილისშიც.

კი, მაგრამ ბათუმური მიტინგი გაცილებით ემოციური იყო, თან ასეთი შეთანხმება არსებობდა, რატომ არ შესრულდა?

_ 25-ში უნდა შეკრებილიყო ხალხი და პრეზიდენტისთვის მიგვეცა დრო, რომ ღამის 12 საათამდე გამოეცხადებინა თავისი გადაწყვეტილება. თუ ასე არ მოხდებოდა, განვიხილავდით რამდენიმე ვარიანტს _ იგნორირებას გაგვიკეთებდნენ, დაგვშლიდნენ, დაგვარბევდნენ, აღლუმს გადაიტანდნენ სხვა ადგილას. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, გამოვიდოდი ტელევიზიით და ვიტყოდი, საქართველოს კომფრონტაცია და დაპირისპირება ეყო, მე მათი პრეზიდენტიც ვარ, ვინც იქ დგას და ვიღებ გადაწყვეტილებას, აღლუმს სხვაგან გადავიტან-მეთქი. ამას გააკეთებდა გენიოსი და ჭკვიანი პოლიტიკოსი.

გამოდის, რომ თავს პრეზიდენტთან შედარებით ჭკვიანად თვლით. თუ ასეა, რატომ თქვენ არ აირჩიეთ სხვა გზა და მიტინგი სხვაგან არ გადაიტანეთ?

_ ერთი წუთით, თქვენ ისეთ რამეს ამბობთ, თითქოს ჩვენ ირლანდიელების  გამოცდილება არ გვქონდეს, რომელებმაც თავი გაწირეს. ვთქვი, რომ თავს გავწირავდი და ასეც მოვიქეცი. ჩვენ დავუპირისპირდით პოლიტიკურ ტანკს _ ჩამოვედი თუ ჩამოვვარდი ტრიბუნიდან, არც მახსოვს, ტყვია მომხვდა თავში. არ არსებობს სხეულზე ადგილი, სადაც სისხლაჩაქცევები არ მაქვს. კონსერვატორიასთან ვცხოვრობ და სამი კილომეტრით ვერ მივუახლოვდი საკუთარ სახლს, ისეთი ამბავი იყო რუსთაველზე. საღამომდე ამ ოფისში ვიწექი. ესაა დღესასწაული? რაც მეტი ქართველი იტყვის, რაც მოხდა, ჩემი ბრალიაო, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა! რაც მეტი იტყვის, ჩემი ბრალია, რომ სააკაშვილი პრეზიდენტიაო, მით უფრო კარგად იქნება საქმე.

ბატონო თემურ, ხალხი ამას როგორ იტყვის, როცა ხედავს, რომ «კრება» და, საერთოდ, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი ორი რევოლუციონერის _ სააკაშვილ-ბურჯანაძის ამბიციებს გადაჰყვა?

_ სააკაშვილმა იმას მიაღწია, რომ «კრება» მოეკლა და ყველაფერი ბურჯანაძესათან დაეკავშირებინა. რომელ ეპოქაშო გინახავთ, რომ რეზო ესაძე ვინმეს «დუდუკზე ხტუნავდა», ან ნონა გაფრინდაშვილი ვინმეს სამართავი ყოფილიყო? სააკაშვილს უადვილდება იმ პოლიტიკოსებთან ბრძოლა, რომლებიც მასთან იყვნენ. ამას ახლა ხომ არ ვამბობ, ჯერ კიდევ მაშინ ვწერდი, ვიდრე «კრებაში» მივიდოდი.

იმის თქმა გინდათ, რომ «კრებაში» გადაწყვეტილებებს ნინო ბურჯანაძე არ იღებდა?

_ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ბოლო გადაწყვეტილებები, რაც «კრებამ» მიიღო, ბურჯანაძის წინადადება არ ყოფილა. როცა შევიცვალეთ ადგილი და პარლამენტის შენობასთან გადმოვედით, ეს იყო ნონა გაფრინდაშვილის აზრი, რომელსაც მეც დავუჭირე მხარი. როცა ხმები იყოფა, ნონა გაფრინდაშვილს აქვს გადამწყვეტი ორი ხმა და ამ პრინციპით გავიდა ეს წინადადება. ნინო ბურჯანაძე ასეთ რამესაც ამბობდა, თუ არ მოვიდა 50-60 ათასი კაცი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოვაო. ერთი შეხედვით, მართალი იყო, მაგრამ ჩვენ ვამბობდით, რომ ამას გარიგებაში ჩაგვითვლიდნენ. ამიტომ, ბურჯანაძის ეს წინადადებაც არ გავიდა. რაზეც მას პასუხს სთხოვენ, არც ერთი აზრი მისი არაა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბევრ წინადადებაზე, მიხედვად იმისა, რომ არასოდეს ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდში არ ვყოფილვარ და შეიძლება, არც მომავალში ვიყო!

რატომ იცავთ ბურჯანაძეს?
_ პატიოსნება და სიმართლე მეტად ამაღლებს ადამიანს. ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ 10 დღე ფეხზე საერთოდ არ უნდა ვდგებოდე, თავს არავის ვაცოდებ, მინდა, პატიოსნად ვიცხოვრო და ჩემს შვილს ლაჩარი მამა არ ჰყავდეს. თავი გადავდე და მინდა, ბოლომდე მივყვე ამ საქმეს. ჩვენ არავითარ რევოლუციას არ ვაწყობდით. ამის შესახებ არასოდეს მითქვამს.

თქვენ შეიძლება, არ გითქვამთ, მაგრამ გია კობახიძემ ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ «კრება» რევოლუციას ამზადებდა...

_ რევოლუციებს აწყობს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარტო ვერც ქუჩის აქციებით წავა და ვერც მარტო _ არჩევნებით. სისულელეა, როცა ამ პროცესების გაყოფაზე ლაპარაკობენ. ყველა მოლაპარაკება, ხალხის ქუჩაში ყოფნის გარეშე აბსურდია. ეს არის ზემდიდარი ხელისუფლება, რომელიც მოლაპარაკებებით არ დათმობს. ახლა გამოცხადდა, რომ «რვიანმა» ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. კი ბატონო, გადაუწიეთ და როგორც გინდათ, ისე იმოქმედეთ.

თქვენ როგორ აპირებთ მოქმედებას?

_ ვამბობ, რომ «კრება» არაა ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი, ის ხელისუფლებაზე კონტროლის გაძლიერების მექანიზმია. კრება უზნეო პოლიტიკოსების პარპაშის აღკვეთის მექანიზმია.

«კრება» ამ მისიას მაშინაც შეასრულებს, თუკი მის სათავეში ნინო ბურჯანაძე დარჩება?

_ მოიცა, დამამათავრებინე... კრება არის ხელისუფლების შეცვლის და არა ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ არჩევნებით გვინდა. ისინი ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ჩვენ ამის არ გვჯერა. ისტორია ამას დაადასტურებს და უფრო მწარე რამეები წინ გველის.

ამბობთ, ეს ხელისუფლება ზემდიდარია და არ დათმობსო. რატომ არ აქვეყნებს კრება ინფორმაციას, თუ როგორ ინახავს თავს?

_ კარგია, პროკურატურის კითხვას რომ მისვამთ, მაგრამ საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ ამას პასუხი გაეცეს. მაგალითს გეტყვით: ბათუმში სამმა-ოთხმა მეწარმემ ფული გამოგზავნა და გვარი არ თქვა... თქვენ ამ კითხვას კი არ უნდა სვამდეთ, საიდან გაქვთ ფულიო, უნდა სვამდეთ კითხვას, თუ რატომEეშინიათ მეწარმეებს, რომ ოპოზიციას დაეხმარონ.

ეს კითხვა ბევრჯელ დამისვამს, მაგრამ იმასაც ნუ დამაჯერებთ, რომ ამ მცირედი შემოწირულობებით გააკეთეთ ასეთი ოფისი და მიტინგისთვის დროშები თუ სხვა ატრიბუტები შეიძინეთ...

_ ერთ დღეს ყველა ამათი გვარი გამოქვეყნდება. საქართველოში კი იმიტომაცაა ავტორიტარიზმი, რომ ვინც გეხმარება, ჯერ გამოგზავნის ფულს და მერე  გეუბნება, თუ ძმა ხარ, არაფერი მინდა და ეს საიდუმლოდ შეინახეო. მაჩვენეთ ერთი მეწარმე, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რომ ოპოზიციას ფული გადაურიუცხა? იყო ასეთი თოფაძე და ისიც გაანადგურეს.

როცა ამ პრობლემებზე საუბრობთ, მგონი, გავიწყდებათ, რომ ამჟამად თქვენი პარტნიორი ნინო ბურჯანაძეა, ადამიანია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, ქვეყანა ამ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა...

_ ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ნინო ბურჯანაძე ის ადამიანია, რომელსაც ბევრჯერ შეეძლო ქვეყნის გადარჩენა. გუშინ წამოსცდა, როცა 7 ნოემბერს მაგიდიდან ყველაფერი გადავყარე და ვთქვი, ეს რა ქენით-მეთქი, მაშინ უნდა გავსულიყავი ხალხთან. ახლა ვიმკი, ირაკლი ბათიაშვილი არასწორად რომ დაიჭირეს, არ გამოვედი და ხმამაღლა არ ვთქვიო. ყველა გაჩუმებული იყო და მე ვუთხარი, სწორეა-მეთქი. მომწონს თუ არა ნინო ბურჯანაძე, სხვა საქმეა, მაგრამ ერთი რამ ვიცი: ის არასდროს გარიგდება ხელისუფლებასთან. მანამდე იყოს ყველა კარგად, სანამ თემურ შაშიაშვილი ვინმეს _ ან ამერიკულ ან რუსულ პარტიას ფეხქვეშ გაეგება. ლადო პაპავამ თქვა, შაშიაშვილს ხალხი არ გაჰყვებაო. მინდა გითხრათ, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის. ისე, ბრძოლას ვაგრძელებ, აქა ვდგავარ და ბოლომდე მაგრად ვიდგები.