საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხა აღარ არის, მაგრამ მთავრობა ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე პროგრამა შეფერხების გარეშე იმუშავებს. ისევე როგორც შარშან, წელსაც სახელმწიფო პროგრამაში გადახარჯვაა, ამიტომ გაისად ამ მხრივ ცვლილება აუცილებლად მოხდება.
დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ამოიწურა და სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება.
მისი ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 100 მლნ ლარით მეტია, შარშანდელ მონაცემთან შედარებით. პროგრამას 35 მლნ ლარი წელს უკვე დაემატა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯა. ამიტომ დამატებითი თანხის მობილიზებაა საჭირო.
წლის ბოლომდე 40 მლნ ლარის დამატებითაც კი ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ გაისტუმრებს. ეს კი, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების გაზრდაში აისახება.
„პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდა პირდაპირ აისახება ჯანდაცვაზე გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ 39.7%-დან 44.1%-მდე გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან. იგივე ტენდენცია აჩვენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და „იუესაიდის“ ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეებზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება. ივანიშვილის მთავრობა აპირებს, შექმნილ კრიზისს იმგვარი არასისტემური ნაბიჯებით უპასუხოს, რომელიც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. ისინი უარს ამბობენ საყოველთაობაზე, მაგრამ ისე, რომ სადაზღვევო სექტორს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, რასაც მოჰყვება ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების კიდევ უფრო გაძვირება.
ფინანსური პრობლემები შეექმნება საავადმყოფოების ნაწილსაც. ვიდრე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები არ დაბრუნდებიან, ეს კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე გარკვეულწილად ადასტურებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ფული არ ყოფნის. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ინფორმირებული იყო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შედარებით მეტი თანხა დასჭირდებოდა და მან შესაბამისი ზომებიც მიიღო.
„წინასწარ იყო ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იყო ხარჯვის მაღალი ტემპი. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ იმ ცვლილებებს, რომელიც უკვე დავაანონსეთ. თანხები, რომელიც ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა. ის არ წასულა არამართლზომიერად ჯიბეებში“, - აღნიშნა ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი ინფორმციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და არც ერთი პაციენტი მომსახურების გარეშე არ დარჩება.
„რაც შეეხება ზოგადად პროგრამის მიმდინარეობას, უკვე დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი, რასაც მომავალი წლიდან გარკეული ცვლილებები მოჰყვება. პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება. მისი ერთ-ერთი ნაწილია კლინიკების სელექციური კონტრაქტირება, რომლის დეტალებზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.